Accessibility links

logo-print
აშშ-ში გარდაიცვალა ადამიანი, რომლის სახელსაც უკავშირდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიის, „ეპლის“ წარმატება - სტივ ჯობსი. ის 56 წლის იყო. ჯობსს პანკრეასის კიბოს გამო მკურნალობდნენ, 2009 წელს მას ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა. სულ ექვსი კვირაა გასული მას შემდეგ, რაც სტივ ჯობსმა „ეპლის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა და გამოეთხოვა კარიერას მთელს მსოფლიოში პოპულარული ელექტრონული პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის სათავეში.

კომპანია „ეპლმა“ წუხელ გაავრცელა ცნობა მისი ერთ-ერთი დამაარსებლის გარდაცვალების შესახებ. სიკვდილის მიზეზი არ დაუკონკრეტებიათ. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ვაცხადებთ რა, რომ დღეს გარდაიცვალა სტივ ჯობსი“, ნათქვამია მოკლე განცხადებაში, რომლის ავტორთა რწმენით, „მსოფლიო განუზომლად უკეთესია სტივის მეშვეობით“. ამ შეფასებას ურიცხვი ადამიანი იზიარებს.

მთელს მსოფლიოში გამოთქვამენ მწუხარებს ჯობსის გარდაცვალების გამო, ინტერნეტში სოციალური ქსელებით ვრცელდება ასი ათასობით ტექსტი, რომელთა ავტორებიც პატივს მიაგებენ ამ გამორჩეული ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანს -ვიზიონერს, როგორც სტივ ჯობსს ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე. უწინარეს ყოვლისა, მის დამსახურებად არის აღიარებული, რომ 1970-ან წლებში შექმნილი „ეპლი“ იქცა კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ერთ-ერთი მთავარ მწარმოებლად მსოფლიოში, რომ მის პროდუქტებს ინდუსტრიის სტანდარტებად მიიჩნევენ. ეპლია მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანია საბაზრო ღირებულების მიხედვით, მისი პროდუქტები - აიპოდი (iPod), აიპედი (iPad), აიფონი (iPhone), მაკინტოში (Macintosh) - საკულტო საგნებია მილიონობით მომხმარებლისათვის.

ვოზნიაკმა და მე დავიწყეთ „ეპლი“ ჩემი მშობლების გარაჟში, 20 წლის რომ ვიყავი. ბევრს ვმუშაობდით და 10 წელიწადში „ეპლი“ იქცა ორ მილიარდ დოლარიან კომპანიად ...
თვით სტივ ჯობსს ბევრი მიიჩნევს საკულტო ფიგურად. ასე ფიქრობს ფრედ ველესიც, რომელიც კალიფორნიაში, „ეპლის“ სათავო ოფისთან იყო მისული გარდაცვლილის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. „ძალიან ბევრისთვის ჩემი თაობიდან აიპოდი იყო გასაოცარი რამ... იცით, ჯობსი არის საკულტო ფიგურა, თან არა მარტო ამერიკის, არამედ მსოფლიო მასშტაბით“, ამბობს ველესი.

„ეპლის“ ნაწარმით აღფრთოვანება მართლაც მთელს მსოფლიოში გაუთქვა სახელი კომპანიის ერთ-ერთ დამაარსებელს. აი, რას ამბობს ილია, რომელსაც მოსკოვში გამოელაპარაკა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი: „იცით, ეს იყო ადამიანი, რომელმაც შეძლო და მსოფლიოს აიძულა, ეკეთებინა ის, რაც მას სურდა. ის გვკარნახობდა ძირითად ტენდენციებს - თუნდაც პლანშეტებსა და ტელეფონებზე. რა დაემართება კომპანიას, ეს არ ვიცი, მაგრამ ცხადია, რომ ბევრ პოზიციას დაკარგავს, რადგან წავიდა ეპოქა და წავიდა გენიალური ადამიანი“.

სტივ ჯობსმა მართლაც ეპოქა შექმნა „ეპლით“, რომელიც მეგობართან, სტივ ვოზნიაკთან ერთად 1976 წელს დააარსა კალიფორნიაში, სილიკონის ველზე. ეს არის, როგორც ცნობილია, ინდუსტრიული ზონა, სახელგანთქმული კომპიუტერებისა და ელექტრონიკის პროდუქციით.

2005 წელს სტივ ჯობსი ისევ კალიფორნიაში, სტენფორდის უნივერსიტეტში, ლექციაზე იხსენებდა: „ვოზნიაკმა და მე დავიწყეთ „ეპლი“ ჩემი მშობლების გარაჟში, 20 წლის რომ ვიყავი. ბევრს ვმუშაობდით და 10 წელიწადში „ეპლი“ იქცა ორ მილიარდ დოლარიან კომპანიად, ოთხი ათასი თანამშრომლით. 30 წლის რომ გავხდი, ერთი წლის გამოშვებული გვქონდა ჩვენი საუკეთესო ქმნილება - მაკინტოში“.

ამის შემდეგ „ეპლი“ კრიზისმა მოიცვა, საქმე წინ ვეღარ მიიწევდა და 1985 წელს სტივ ჯობსმა „ეპლი“ დატოვა, მაშინდელ აღმასრულებელ დირექტორთან კონფლიქტის ფონზე. მაგრამ 1996 წელს, სხვა კომპანიებში არაერთი წარმატების შემდეგ, ჯობსი ისევ დაბრუნდა თავის მიერ დაარსებულ კომპანიაში. ის სათავეში მოექცა ახალ მოდელებზე მომუშავე გუნდს, რომელმაც ინოვაციის ხელშეწყობის შედეგად უაღრესად წარმატებული პროდუქტების შექმნა დაიწყო. „ეპლის“ პირველი ახალი პროდუქტი ჯობსის ხელმძღვანელობით - პლასტმასის ლეპტოპი აიმაკი (iMac) - 1998 წელს გამოვიდა და მარტო პირველ წელიწადს მისი ორი მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. დიდი მოწონება ხვდა პორტატულ მედიაპლეიერ აიპოდსაც (iPod).
იმაზე ფიქრი, რომ მალე აღარ ვიქნები, ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია, რაც კი ოდესმე მქონია ცხოვრებაში დიდი გადაწყვეტილებების მისაღებად...

„მთავარია, შეეცადო გაეცნო საუკეთესო მიღწევებს, რაც კი კაცობრიობას მოეპოვება და შეეცადო ამ მიღწევების გამოყენებას იმაში, რასაც შენ აკეთებ. პიკასოს უთქვამს: კარგი ხელოვანები ასლებს იღებენ, დიდი ხელოვანები კი იპარავენო. და ჩვენ ყოველთვის უსირცხვილოდ ვიპარავდით დიდ იდეებს“, - ნათქვამი აქვს სტივ ჯობს ინტერვიუში 1996 წელს.

სტივ ჯობსი ბოლო რამდენიმე წელი ავადმყოფობდა პანკრეასის კიბოთი. აგვისტოში მან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დატოვა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი. ის გადასცა ტიმ კუკს.

2005 წელს ჯობსმა გულახდილად ისაუბრა თავის ავადმყოფობაზე სტენფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას: „იმაზე ფიქრი, რომ მალე აღარ ვიქნები, ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია, რაც კი ოდესმე მქონია ცხოვრებაში დიდი გადაწყვეტილებების მისაღებად. რადგან თითქმის ყველაფერი - ყველაფერი ის, რასაც ჩემგან მოელიან, მთელი სიამაყე, თავის შერცხვენის, ან წარუმატებლობის მთელი შიში - ძალას კარგავს სიკვდილის წინაშე“.

„სტივ ჯობსი ერთ-ერთი უდიდესი იყო ამერიკელ ნოვატორებს შორის“, - ეს შეფასება ეკუთვნის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას. ის საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა ბიზნესმენის გარდაცვალებას.
XS
SM
MD
LG