Accessibility links

logo-print

არასამთავრობოები საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ


საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციები ფილარმონიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადება ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მათ შორის არიან: "ქართული აკადემია", "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს", "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა", "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" და სხვა... მათი განცხადებით, დღეს, 16:00-დან 17:00 საათამდე, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართავს, ფილარმონიასთან გაიმართება აქცია, რომლის მიზანიც იქნება, რომ ნიკოლა სარკოზიმ გაიგოს საზოგადოების იმ ნაწილის აზრი, რომელიც ხელისუფლებას მხარს არ უჭერს და მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები დემოკრატიულად არ მიმდინარეობს. აქციაზე წარმოდგენილი იქნება სპეციალური მიმართვა საფრანგეთის პრეზიდენტისადმი, რომელშიც საუბარი იქნება ქვეყანაში შექმნილ პრობლემებსა და ხელისუფლების მიმართ არსებულ პრეტენზიებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, დღევანდელ აქციას შეუერთდნენ და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირონ. საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა და 17:30 საათზე თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვა.
XS
SM
MD
LG