Accessibility links

logo-print
დაახლოებით 500-მდე ადამიანი შეიკრიბა დღეს ფილარმონიასთან იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის გაეცნოთ იმ მიმართვის ტექსტის შინაარსი, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტად მყოფი საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზისათვის გადასაცემად დაწერეს. სამოქალაქო საზოგადოების და რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, ნიკოლა სარკოზიმ უნდა დაინახოს არა მხოლოდ ის რეალობა, რომელსაც მას თავისუფლების მოედანზე ახვედრებენ, არამედ ქვეყანაში არსებული სხვა, უფრო ცუდი სურათიც.

ფილარმონიის წინ დღის 4 საათზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია შეიკრიბა, მათ შორის, ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”, ”ქართული აკადემია” და სხვები; იყვნენ ასევე წარმომადგენლები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა - ”საქართველოს გზა”, „თავისუფალი დემოკრატები“, „კონსერვატიული პარტია“, „ეროვნული ფორუმი“.

დაკარგა ტერიტორიის 20%, დაამკვიდრა განუკითხაობა, სიცოცხლის ხელყოფა, წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა-დაპატიმრება (პოლიტპატიმრები), კორუფცია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, წაართვა ხალხს სიტყვის თავისუფლება...
წინასწარი ინფორმაციით, აქციას მსვლელობის სახე უნდა ჰქონოდა და თავისუფლების მოედანზე შეჩერებულიყო, მაგრამ რამდენიმეწუთიანი შეკრების შემდეგ აქცია ფილარმონიასთანვე დასრულდა.

თავად აქციის მიზანი კი იმაში მდგომარეობდა, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფ საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, საქართველოზე შთაბეჭდილება მხოლოდ თავისუფლების მოედანზე არ შექმნოდა და მეტად ყოფილიყო ინფორმირებული ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ.

აქციის ერთ- ერთი ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, ნანა კაკაბაძე, აქციაზე ვარდის ეკლიანი ტოტებით მივიდა, რაც, მისი განცხადებით, 2003 წლიდან დღემდე არსებული ვითრების სიმბოლოა:

” შევეცადეთ ვარდების რევოლუციის შედეგები სიმბოლურად გვეჩვენებინა: ვარდები რევოლუციის შემდეგ გაქრა და დაგვრჩა, აი, ეს ეკლები.”

დღეს საქართველოში არის ორი რეალობა - ერთი, რომელიც ხილვადია თავისუფლების მოედანზე და არ ასახავს ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურობას...
აქციაზე მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ ის წერილი წაიკითხა, რომელიც, აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტს გადაეცემა. წერილის ავტორები იმედოვნებენ, რომ ნიკოლა სარკოზის ეს ვიზიტი არის ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამოხატულება და არ იქცევა ხელისუფლების მხარდამჭერ ვიზიტად, ხელისუფლებისა, რომელიც, როგორც წერილშია აღნიშნული,მრავალი დანაშაულის ჩამდენია:

”... დაკარგა ტერიტორიის 20%, დაამკვიდრა განუკითხაობა, სიცოცხლის ხელყოფა, წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა-დაპატიმრება (პოლიტპატიმრები), კორუფცია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, წაართვა ხალხს სიტყვის თავისუფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავისუფალი არჩევანის უფლება, კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა, თავისუფალი ბიზნესგარემო, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივა.”

წერილის ავტორები უდასტურებენ საფრანგეთის პრეზიდენტს მისდამი პატივისცემას და გამოთქვამენ რწმენას, რომ პრეზიდენტი სარკოზი დაეხმარება ქართველ ხალხს დემოკრატიისათვის ბრძოლასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა კი განაცხადა, რომ ნიკოლა სარკოზის ვიზიტისას აუცილებელია მისთვის იმის ჩვენებაც, რომ ქვეყანაში არსებობს საზოგადოება, ვისთვისაც სულ ერთი არ არის არსებული მდგომარება და სურს ეს საფრანგეთის პრეზიდენტმაც დაინახოს:

”დღეს საქართველოში არის ორი რეალობა - ერთი, რომელიც ხილვადია თავისუფლების მოედანზე და არ ასახავს ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურობას, გაჭირვებას, უმუშევრობას, ფინანსურ პრობლემებს და არის მეორე საქართველო, რომელსაც უჭირს, არ ეცეკვება და არ ემღერება.”

აქცია ფილარმონიასთან რამდენიმე წუთში დაიშალა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG