Accessibility links

„საქართველოს რესპუბლიკა“ საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის ”კავკასიურ ქვაბში მოხარშვას” უწინასწარმეტყველებს და იქვე გვამცნობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ” სარკოზი რუსეთისგან ქრთამის აღებასა და საქართველოს ინტერესების გაყიდვაში დაადანაშაულა”. საქმე შეეხება „მისტრალის“ გაყიდვის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დასავლურ პრესაში გაკეთებულ განცხადებებს. ამაზე სხვა გაზეთებიც ამახვილებენ ყურადღებას. „რეზონანსი“ თბილისობას, რომელსაც კალენდარში ადგილი ეცვალა და სარკოზის ვიზიტს დაემთხვა, აჯამებს გამაერთიანებელი სახელით - ”სარკოზობა 2011”. სარკოზის სიტყვით გამოსვლისთვის თავისუფლების მოედანზე ადამიანების მასის შეკრება, „რეზონანსის“ მიხედვით, ყვითელი ავტობუსებით ადამიანების რეგიონებიდან მობილიზებით მოხდება. „24 საათი“ ცდილობს ანალიზი გაუკეთოს სარკოზის ვიზიტს, რასაც გაზეთი ძირითადად ფრანგულ გაზეთ „ფიგაროში“ გამოქვეყნებული სტატიის შინაარსის გადმოცემით აკეთებს. როგორც „24 საათი“ ამცნობს მკითხველს, „ფიგაროში“ წერენ, რომ კავკასია საფრანგეთისთვის აუთვისებელი ბაზარია, საქართველო კი ბოლო ხუთ წელიწადში - სარკოზის წარმატებული დიპლომატიის შემადგენელი ნაწილი. როგორც „24 საათი“ გვამცნობს, სარკოზი თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას იქნება ფრთხილი, რათა მხარიც დაუჭიროს ქვეყანას და, იმავდროულად, არ გააჩინოს ზედმეტი მოლოდინები.

„ახალი თაობა“ კითხულობს: ”რას ჩამოუტანს სარკოზი საქართველოს?” გაზეთი წერს, ”სარკოზი ის კაცია, რომელიც აგვისტოს ომში საქართველოს გვერდში დაუდგაო”, ხოლო პასუხად კითხვაზე ”რას ჩამოუტანს სარკოზი საქართველოს”, ამბობს: ”საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ვიზიტი საქართველოში სულ რამდენიმე საათს გასტანს. ის საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართავს თავისუფლების მოედანზე. მოქალაქეებს აღნიშნულ ღონისძიებაზე მისვლა და დასწრება შეეძლებათ ორი საათით ადრე და მოედანზე დაიშვებიან სპეციალური შემოწმების გავლის შემდეგ. მოედანზე მისულ პირებს ეკრძალებათ თან იქონიონ ფოტო და ვიდეოკამერები, ადვილად აალებადი ნივთები, ბოთლები, ბასრი და მსხვრევადი საგნები.”
„ახალ თაობას“ ანალიზში შინაგან საქმეთა სამინისტრო დაეხმარა.

შეიძლება ითქვას, საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტზე გაცილებით დიდი ფართობი დღევანდელ გაზეთებში უკავია ბიძინა ივანიშვილს - უფრო სწორად, მის ორ სრულ საგაზეთოგვერდიან მიმართვას საზოგადოებისთვის, რომელსაც ჩემს ხელთ არსებული ყველა გაზეთი აქვეყნებს. საკმაოდ საინტერესო მიმართვაა. მისი წაკითხვა გაზეთებში შეგიძლიათ. გავამახვილებ ყურადღებას საინფორმაციო სივრცისთვის ბრძოლაზე, რომელსაც, შეიძლება ითქვას, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას უცხადებს. იგი აღნიშნავს, რომ დასაყრდენი დღევანდელი ხელისუფლების ძალაუფლებისა საინფორმაციო სივრცის კონტროლია, რომ თუნდაც ოპოზიციური ტელეარხები ხელისუფლების თამაშის ნაწილია, რადგან ისინი საზოგადოებაში დაგროვილი აგრესიისთვის ორთქლის გამოშვების საშუალებას იძლევიან, რაც აჩერებს რეალურ პროტესტს. მეორე: მისი თქმით, ეს აძლევს საშუალებას ხელისუფლებას დასავლეთის წინაშე განაცხადოს, რომ ოპოზიციური ხმა ქვეყანაში ისმის და, მესამე, ეს ტელევიზიები მხოლოდ დედაქალაქს ფარავენ, სადაც, ივანიშვილის თქმით, საზოგადოება ისედაც კრიტიკულად არის განწყობილი. აღარ შევჩერდები ნაციონალურ ტელემაუწყებლებზე, რომლებიც, ივანიშვილის თქმით, სიცრუეს აფრქვევენ საზოგადოებაში. დაბოლოს, ბიძინა ივანიშვილის მიმართვა ტელევიზიების ხელმძღვანელობებს: ვიყიდი ტელევიზიას... აქ სამი პუნქტია: პირველი, ივანიშვილი იხდის სამჯერ მეტს, ვიდრე ტელევიზიის საბაზრო ღირებულებაა. მეორე, ის ამბობს, რომ ტელევიზიას მფლობელს ორ წელიწადში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად -დაუბრუნებს და, მესამე, არსებულ მფლობელს საინფორმაციო ბადის 50 პროცენტს დაუტოვებს.

”თუ ჩემს შეთავაზებას არ გამოეხმაურებიან, ამ ტელევიზიების დანიშნულება მართლდება.”

ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ის ქმნის პოლიტიკურ პარტიას, რომელიც, მისი თქმით, რეალურ ოპოზიციურ მუხტს გააერთიანებს და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უმრავლესობით მოვა.
XS
SM
MD
LG