Accessibility links

logo-print
გასულ კვირას "ღვინის კლუბმა” მაჩაბელის ქუჩაზე საფერავების საჯარო დეგუსტაცია მოაწყო. დეგუსტატორებმა სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული ათნაირი საფერავი გასინჯეს და მათგან საუკეთესოს გამოვლენაც სცადეს.

მოდით, ჯერ ღვინის დეგუსტაციის საიდუმლოებაში ჩავიხედოთ და დანარჩენზე მოგვიანებით გიამბობთ. არა, ასე ვიტყვი: ღვინის დეგუსტაციის გაკვეთილს დამწყებთათვის ატარებს ენოლოგი გიორგი სამანიშვილი:

პირველი საფეხური - ვიზუალური შეფასება:

”პირველი, რაც მნიშვნელოვანია, ღვინოს ჯერ უნდა შეხედოთ. წითელ ფონზე ნუ შეხედავთ მას. უმჯობესია ან შუქზე გახედოთ, ან თეთრი ქაღალდის ფონზე. შემდეგ ჩაიხედეთ ჭიქაში და ანარეკლს დააკვირდით. თუკი ღვინოს აგურისფერი დაჰკრავს, ე.ი. უფრო ასაკიანი ღვინოა. თუკი ღვინო ალუბლისფერია და იასამნისფერი შეფერილობაც აქვს, ე.ი. ღვინო ახალგაზრდაა.”

მეორე საფეხური - სურნელი:

”ძალიან ღრმად არ შეისუნთქოთ, რადგან შესაძლოა თავბრუ დაგეხვათ. სანამ ჭიქას დავატრიალებთ, ერთხელ შევისუნთქოთ. შემდეგ ვატრიალებთ ჭიქას და კვლავ შევისუნთქავთ. რა არის არომატები? - ეს არის მოლეკულები, რომლებიც ჭიქიდან აორთქლდება. პირველად მსუბუქი არომატები ამოდის, ანუ ჭიქის დატრიალების გარეშე. მძიმე არომატებს ვეხმარებით - ჭიქას ვატრიალებთ. შესაბამისად, დასაწყისში შევიგრძნობთ სხვა არომატებს და ბოლოსკენ უფრო სხვას. შეიძლება შეგვხვდეს ხილის, ყვავილების, სანელებლების არომატები.”

მესამე და ბოლო საფეხური - გემო:

”ვაკეთებთ ყლუპს. პროფესიონალებმა შეგიძლიათ ღვინო ახრუპუნოთ კიდეც. ასე იმიტომ იქცევიან გამოცდილი დეგუსტატორები, რომ მაქსიმალურად შეეხოს სასას ღვინო.”

დახლზე 10 ბოთლია ჩამწკრივებული. ათივეს ფოლგა, ლითოთინის სიფრიფანა ფურცელი აქვს შემოხვეული. ეს იმიტომ, რომ საფერავის დასაგემოვნებლად მისულმა დეგუსტატორებმა მათი მწარმოებლის ვინაობის ამოცნობა ვერ შეძლონ. მაჩაბელზე, ღვინის კლუბში, ზოგი მოყვარული, ზოგი კი გამოცდილი დეგუსტატორია შეკრებილი. მათ ათი სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული 10-დან 30 ლარამდე ღირებულების საფერავიდან საუკეთესო უნდა გამოავლინონ. ”მარანი”, ”დურუჯის ველი”, ”ჯაყელები”, ”გუნაშაური”, ”კახური”, ”შუმი”, ”ქინძმარაულის მარანი”, ”ბადაგონი”, ”თბილვინო”, ”ხარება” - სწორედ ამ კომპანიების მიერ წარმოებული საფერავი აღმოჩნდა დეგუსტატორების ყურადღების ცენტრში. საფერავის დეგუსტაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია, პირადად კისრულობს დეგუსტატორების მობილიზებას: ”ძალიან გთხოვთ, დავსხდეთ. ვიწყებთ დეგუსტაციას. თვეში ერთხელ ვატარებდით ამ ტიპის დეგუსტაციებს, მაგრამ ახლა გადავწყვიტეთ, რომ ამ შემოდგომიდან დაგვეწყო საჯარო დეგუსტაციების ციკლი და მას ორ კვირაში ერთხელ გავმართავთ ხოლმე. გარდა იმისა, რომ ღვინოს გავსინჯავთ, ვისაუბრებთ ზოგადად საფერავის შესახებაც”, - ამბობს მალხაზ ხარბედია.

ღვინის კლუბი

ღვინის კლუბი

დაახლოებით საღამოს 7 საათი. მაჩაბლის 16-ში მდებარე „ღვინის კლუბში“ ოცდაათამდე დეგუსტატორი უზის პატარ-პატარა მაგიდებს. პური, წყალი, ჭიქები და შეფასების ფურცელი - ეს ის, ასე ვთქვათ, ატრიბუტებია, რომლებიც მათ საფერავის შესაფასებლად და დასაგემოვნებლად სჭირდებათ. კარგი იქნება აქვე მეტეოროლოგიური პირობების შესახებაც თუ ვიტყვით ორ სიტყვას. გარეთ შემოდგომის გრილი საღამოა, პლუს 16 გრადუსი სითბო. საფერავის პირველი ნიმუში ჩამოტარებულია.

ჟურნალისტი და, ამ კონკრეტულ სიტუაციაში, დეგუსტატორი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს: ”სურნელი მომეწონა. ძალიან მრავალფეროვანი სურნელი აქვს. რაც შეეხება ფერს, თითქოს გაუფილტრავი ღვინოა. მე მიყვარს ასეთი ღვინო. რაც შეეხება გემოს, მოლოდინს ნამდვილად ამართლებს. ერთი ეს დახრუპუნება ვერ ვისწავლე”...

სანამ საფერავის შემდეგ ნიმუშზე გადავალთ, მოდით, მოვისმინოთ ძალიან მოკლედ იმის შესახებ, რასაც „ღვინის კლუბშიძ“ თავმოყრილი ენოლოგები საფერავზე ამბობენ. მათ აზრს ენოლოგი გიორგი სამანაშვილი გადმოსცემს: ”როგორც წესი, საფერავი კარგად ძველდება. ყველა ღვინო კარგია, მაგრამ საფერავი ისეთი კარგია, რომ მსოფლიოში ნებისმიერ სხვა ჯიშს დაუდგება გვერდით. ხუმრობით იმასაც კი ვამბობთ ხოლმე, რომ მეღვინეები საფერავმა გააფუჭა. ძალიან ძნელია საფერავისგან ცუდი ღვინო დააყენო”, - მიაჩნია გიორგი სამანიშვილს.

საფერავი საფერავს ცვლის. არომატი არომატს, გემო გემოს. დეგუსტატორების რეცეპტორები ახალ და ახალ შეგრძნებებს აღმოაჩენენ:

”ბავშვობაში ბროწეული რომ მიჭამია კანიანად, აი, იმის გემო აქვს.”
”კი, ნამდვილად აქვს ბროწეულის სიმწკლარტე”...
”ტანინი იგრძნობა, საკმაოდ”...
”სურნელიც კარგი აქვს და, რაც მთავარია, ვაჟკაცური გემო”...
”ახალი ტერმინი აღმოვაჩინე, ცხოველური სურნელიო, მაგრამ ეს არ არის ახალი ტერმინი. ნამდვილად არსებობს ღვინის დახასიათებისას ცხოველური ტონები - ბეწვის, ტყავის და ა.შ.”, - უხსნის მალხაზ ხარბედია ახალბედა დეგუსტატორებს.

სანამ „ღვინის კლუბში“ შეკრებილი დეგუსტატორები საფერავის მომდევნო ნიმუშს აგემოვნებენ, საფერავის მცირე ამპელოგრაფიულ აღწერას წარმოგიდგენთ. როგორც მეცნიერები ამბობენ, არც ერთ ქართულ ჯიშს არა აქვს იმდენი სხვადასხვა დამატებითი სახელწოდება, რამდენიც საფერავს. ცნობილი და გავრცელებულია საფერავი ბუდეშურისებრი, ოცხანური საფერავი, მესხური საფერავი, ატენის საფერავი, საფერავი ფაჩხა, საფერავი დიდმარცვალა და ა. შ. აკად. ივ. ჯავახიშვილის ცნობით, თავდაპირველად საფერავი ძველ ქართულ პროვინციაში - შავშეთ-კლარჯეთში - იყო გავრცელებული, საიდანაც დროთა განმავლობაში გადმოინაცვლა აღმოსავლეთ საქართველოში და უკვე XVII საუკუნის ბოლოს კახეთის ვენახებში დაიდო ბინა.

დავუბრუნდეთ დეგუსტატორებს. მათ უკვე მოასწრეს საფერავის კიდევ ერთი ნიმუშის დაგემოვნება. აზრებს უცვლიან ერთმანეთს მალხაზ ხარბედია, გიორგი სამანიშვილი და დეგუსტაციის კიდევ ერთი მონაწილე, მოყვარული დეგუსტატორი ალეკო მოწერელია:

საფერავის დეგუსტაცია

საფერავის დეგუსტაცია

”რაღაცნაირი სიუხეშე ჰქონდა ღვინოს.”
”უცბად გამოვარდება ხოლმე მუხის სურნელი, მაგრამ შემდეგ წყნარდება.”
”ეს სიუხეშე დროთა განმავლობაში დამრგვალდება და გახდება გაცილებით საინტერესო. თან რაღაცნაირად მუტრუკული ღვინოა. ასეთი გამოთქმაც არსებობს”...

ამასობაში დეგუსტატორებმა საფერავებს შორის დაავადებული ღვინოც აღმოაჩინეს. დაავადებულ ღვინოს გემო და სურნელი ეცვლება, თუმცა ის თავად მომხმარებლისთვის არ არის საზიანოო, განმარტავს გიორგი სამანიშვილი: ”სუნიც გადაჟანგული იყო და გემოზეც რა გითხრათ, მალე გადავასხით”...

მეღვინე ზაურ კობეშავიძე საფერავის თითოეულ ნიმუშს დეტალურად სწავლობს. დასკვნის გამოტანას არ ჩქარობს. ათი ნიმუშიდან, თავისი აზრით, საუკეთესოს, რიგით მერვე საფერავს გამოარჩევს. მისი აზრი დანარჩენი დეგუსტატორების აზრსაც ემთხვევა. როგორია საფერავი? კითხვა მარტივია: ”საფერავი მთელ დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სასმელია. ისეთი ნაზია, ხავერდის არომატით და ძალიან შინაარსიანი. აი, თქვენ რომ მერვე ნიმუში გაგესინჯათ, აუცილებლად დამეთანხმებოდით”...

მე რომ საფერავი გავსინჯე, იმას თაფლის არომატი და გემო დაჰკრავდა. არ ვიცი რამდენად გამოვიცანი, მაგრამ, მგონი. ასე იყო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG