Accessibility links

logo-print

”წითელი ჯვრის” ჰუმანიტარული მისია კონფლიქტის ზონაში


ბრიფინგი ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის

ბრიფინგი ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის გორის ოფისის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართეს და იმ საქმიანობის შესახებ ისაუბრეს, რასაც რეგიონში ახორციელებენ.

გორში ორგანიზაციის ოფისი 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ გაიხსნა და დღემდე ჰუმანიტარულ მისიას ახორციელებს. ორგანიზაციის წევრები ეძებენ უგზო-უკვლოდ დაკარგულებს, ცდილობენ დაღუპულთა საფლავების მოძიებას და მათ გადმოსვენებას, გარდა ამისა ციხეებში ხვდებიან დაკავებულებს და უზრუნველყოფენ მათ კონტაქტს ოჯახთან. საერთოდ, ამ ორგანიზაციისგან ინფორმაციის მიღება რთულია, რადგან „წითელი ჯვარი“ ხშირად ინფორმაციის გასაჯაროებას ერიდება. „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური და დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს მხოლოდ ჰუმანიტარული მისია. ეს მისია გულისხმობს ომების და ქვეყნის შიდა არეულობების მსხვერპლთა სიცოცხლის და ღირსების დაცვასა და მათთვის დახმარების აღმოჩენას.

„წითელი ჯვარი“ ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ცხინვალში საქმიანობს. ამ ორგანიზაციის მეშვეობით ამყარებენ ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები კავშირს საკუთარ ოჯახებთან. გარდა ამისა, ცხინვალიდან თბილისში ავადმყოფების გადმოყვანა „წითელი ჯვრის“ ხელშეწყობით ხორციელდება. „წითელი ჯვრის“ გორის ოფისის ხელმძღვანელი კატია სორინი ამბობს, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში ცხინვალიდან 12 ადამიანი გადაიყვანეს.

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი ამჟამად წარმატებით ახორციელებს ბარათებისა და ამანათების პროგრამას. ცხინვალის ციხეში მყოფ მოქალაქეებს საშუალება აქვთ წერილები მისწერონ საკუთარ ოჯახის წევრებს და მათგან ამანათებიც მიიღონ. გარდა ამისა, როგორც ცხინვალის, ისე საქართველოს სხვა ციხეებში ნათესავებს დაკავებულ პირთა მონახულების საშუალება აქვთ. „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ქარდავა აცხადებს, რომ 2011 წელს ორივე მხრიდან დაკავებულთა მონახულება 27-მა ოჯახმა შეძლო.

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტი შიდა ქართლში სხვა საქმიანობასაც ახორციელებს. ომით დაზარალებულ სოფლებში ამ ორგანიზაციის დაფინანსებით სასმელი წყლის ჭაბურღილები კეთდება, რაც დაზარალებულ მოსახლეობას ყოფით პირობებს მცირედით მაინც უუმჯობესებს.
XS
SM
MD
LG