Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს პოლიტიკაში დიდი ხნით დარჩენას


ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ საქმიანობას დროებით აპირებს. დღეს გამოქვეყნებულ საკმაოდ ვრცელ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური პარტიის შექმნა და მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და საკონსტიტუციო ცვლილებებმა ნათლად გამოავლინა მიხეილ სააკაშვილის სურვილი, კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად ხელისუფლების სათავეში დარჩეს. ივანიშვილი აღნიშნავს, რომ 2008 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ გადაწყვიტა ოპოზიციურ ძალებს დახმარებოდა და სწორი არჩევნისთვის სერიოზულ დაკვირვებას აწარმოებდა, თუმცა, დარწმუნდა, რომ პირადი მონაწილეობის გარეშე რთული იქნებოდა საჭირო შედეგის მიღება. ”ამიტომ გადავწყვიტე დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში პირადად გავუწიო კოორდინაცია პოლიტიკურ პროცესებს და ჩემს მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით მოვახდინოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგება”, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ უნდა გაირკვეს და ხალხთან ერთად შემუშავდეს ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელი და განხორციელდეს ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც მომავალში გამორიცხავს ვინმეს მიერ საკუთარ თავზე კონსტიტუციის მორგებას. ივანიშვილი აცხადებს, რომ მზად არის პრემიერ-მინისტრის, ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მიიღოს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და პასუხისმგებლობა იკისროს მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რათა ”ბოლომდე აღმოიფხვრას ისეთი მასშტაბის ელიტური კორუფცია, რომელშიც სააკაშვილის მთავრობის მაღალი ეშელონებია ჩაფლული.” ბიზნესმენი ასევე საუბრობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისა და რეალურად საინტერესო საინვესტიციო გარემოს შექმნაზე, სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენაზე, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების დაწყებასა და აშშ-სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავებაზე. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემების მოგვარებას ორიდან სამ წლამდე დასჭირდება, რის შემდეგაც პოლიტიკიდან წასვლას და ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაში აქტიურად მონაწილეობას აპირებს.
XS
SM
MD
LG