Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარზაი აღიარებს მძიმე ვითარებას ავღანეთში უსაფრთხოების მხრივ


ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის განცხადებით, მისმა მთავრობამ და ნატოს საერთაშორისო ძალებმა დღემდე ვერ შეძლეს ავღანელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ინტერვიუში, რომელიც ბი-ბი-სი-მ ჩაწერა ავღანეთში საერთაშორისო ძალების ინტერვენციის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, კარზაი მეტად უარყოფითად აფასებს შედეგს ავღანელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ, რაც მას მიაჩნია მთავარ პრობლემად ავღანეთის მთავრობისა და მისი უცხოელი პარტნიორების საქმიანობაში. ავღანეთის პრეზიდენტის შეფასებით, თალიბანის ამბოხების ჩახშობა მანამდე ვერ მოხერხდება, სანამ პაკისტანში არსებობს ექსტრემისტთა თავშესაფრები. კარზაი არ გამორიცხავს თალიბებთან მოლაპარაკებას, მაგრამ ამბობს, რომ მოლაპარაკება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ექსტრემისტები თავიანთ წარმომადგენელს დაასახელებენ. 10 წლის წინ დაწყებული საომარი ოპერაციებით, საერთაშორისო კოალიციამ მიზნად დაისახა თალიბანის მმართველობისათვის ბოლოს მოღება და შეპყრობა ალ-ყაიდის წევრი ექსტრემისტებისა, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებზე. ინტერვენციის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში შეძლეს თალიბანის მმართველობის დამხობა და მალე შეიქმნა ავღანეთის ახალი მთავრობა პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ხელმძღვანელობითა და აშშ-ის მხარდაჭერით. მაგრამ თალიბები კვლავაც აგრძელებენ ბრძოლას. სამხედრო ინტერვენციის დაწყების შემდეგ გასულ ათ წელიწადში ავღანეთში დაღუპულია 2700-მდე უცხოელი ჯარისკაცი, მათ შორის 10 ქართველი.
XS
SM
MD
LG