Accessibility links

logo-print

პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია - სირიელ აქტივისტს


ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაცია "ხელი გაუწოდე ყველა ქალს ომში" (RAW) ყოველ წელს გასცემს პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემიას

ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაცია "ხელი გაუწოდე ყველა ქალს ომში" (RAW) ყოველ წელს გასცემს პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემიას

7 ოქტომბერს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია და მისი წლევანდელი ლაურეატები - ორი ლიბერიელი და ერთი იემენელი ქალი. თუმცა, ამავე დღეს ყველგან გაიხსენეს კიდევ ერთი უჩვეულოდ გაბედული ქალი - ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია. მიზეზია ის, რომ 7 ოქტომბერს ხუთი წელი შესრულდა მისი მკვლელობიდან.

ლონდონში 2006 წლიდან (ამ წელს მოკლეს ანა პოლიტკოვსკაია) არსებობს უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც ყოველ წელს გასცემს პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემიას. წელს ეს პრემია მიენიჭა სირიელ აქტივისტს, რომელმაც მარტში, სიცოცხლის რისკის ფასად დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რათა მსოფლიოს შეეტყო სირიაში დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შესახებ. თუმცა, დაჯილდოების ცერემონია არ ჩატარებულა: სირიელი ლაურეატი, რაზან ზეითუნე იმალება.

უფლებადამცველი ორგანიზაცია სახელწოდებით „ხელი გაუწოდე ყველა ქალს ომში“ 2006 წელს დააარსა მარიანა კაცაროვამ, რომელიც მანამდე ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალში“ მუშაობდა რუსეთისა და ჩეჩნეთის საკითხებზე. მისივე იდეა იყო ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემიის შემოღება. „გადავწყვიტეთ, რომ უფლებადამცველი ქალების, ჟურნალისტი და აქტივისტი ქალების მხარდასაჭერად - არა მარტო რუსეთსა და ჩეჩნეთში, არამედ ყველგან მსოფლიოში, ნებისმიერ კონფლიქტსა და ნებისმიერი ძალადობის დროს - საუკეთესო გზაა პრემიის დაარსება, რომელიც გააგრძელებდა იმას, რასაც ანა აკეთებდა: სიმართლის თქმას ადამიანის უფლებების დარღვევაზე“, ამბობს კაცაროვა.

მწვავე საფრთხის მიუხედავად, სიმართლის თქმა გაბედა 34 წლის რაზან ზეითუნემაც, რომელიც ამ მხრივ, ამბობს კაცაროვა, ძალიან ჰგავს ანა პოლიტკოვსკაიას. „როცა სირიაში დაიწყო არმიისა და უშიშროების ძალების ძალადობა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ, ზეითუნე ჟურნალისტად იქცა“, იხსენებს კაცაროვა და დასძენს, რომ ზეითუნე არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხმა, რომელიც სირიიდან იუწყება ამ ქვეყანაში მშვიდობიანი დემონსტრანტების „ყოველდღიური წამებისა და მკვლელობების შესახებ“.

რაზან ზეითუნე იურისტია, ადამიანის უფლებათა ექსპერტი და 2005 წელს შექმნა ვებსაიტი სირიაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე ინფორმაციის გასავრცელებლად არაბულ და ინგლისურ ენებზე. ეს ვებსაიტი მიეკუთვნება სულ რამდენიმე წყაროს, რომელთა მეშვეობითაც მსოფლიოს მიეწოდება ცნობები სირიაში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობაზე, მკვლელობებზე, დაპატიმრებებზე... გაეროს მონაცემებით, მარტის შემდეგ რეპრესიების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2900-ს აღემატება. ეს მაჩვენებელი არ მოიცავს უგზო-უკვლოდ დაკარგულებს...

სირიის სახელმწიფო ტელევიზიაში ზეითუნეს მოიხსენიებენ უცხო ძალების აგენტად მას შემდეგ, რაც მან მარტში უცხოურ მედიას მიაწოდა ინფორმაცია ქალაქ დარაში უშიშროების ძალების მიერ მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ. ამის შემდეგ დააპატიმრეს ზეითუნეს ოჯახის რამდენიმე წევრი. თვით რაზან ზეითუნეს კი დამალვა უხდება, მაგრამ სამალავიდანაც აგრძელებს რეპრესიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ის წუხს, რომ საზღვარგარეთ, მისი რწმენით, სათანადოდ არ რეაგირებენ ტრაგედიაზე, რომელიც სირიაში ხდება

„მიჭირს დავიჯერო, რომ მთელი ამ ხნის შემდეგ, ოთხი თვის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოება ჯერაც არ ეკიდება სერიოზულად ვითარებას სირიაში - მიუხედავად მსხვერპლისა, რომელიც ჩვენ გავიღეთ ინფორმაციის გასავრცელებლად, რათა მსოფლიოს შეეტყო, რა ხდება ქვეყანაში“, - განაცხადა ზეითუნემ სატელეფონო ინტერვიუში, რომელიც აგვისტოში ჩაწერეს ამერიკული ტელეპროგრამისათვის „დემოკრასი ნაუ“. საყურადღებოა, რომ ორიოდე დღის წინ რუსეთმა და ჩინეთმა ვეტოთი დაბლოკეს სირიის შესახებ რეზოლუციის მიღება გაეროს უშიშროების საბჭოში. რეზოლუციის ტექსტში დაგმობილი იყო ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემიით დაჯილდოვებულებს შორის იყო პოლიტკოვსკაიას მეგობარი, უფლებადამცველი ნატალია ესტემიროვაც, რომელსაც 2007 წელს მიენიჭა ეს ჯილდო. 2009 წელს ესტემიროვა მოკლეს.

ცნობით, რომელიც პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მეხუთე წლისთავზე გავრცელდა, რუსეთში გამოაცხადეს, რომ ბრალდება წუყენეს ჩეჩნეთის მკვიდრ ლომ-ალი გაიტუკაევს, რომელიც ეჭვმიტანილია მკვლელობის ორგანიზებაში.
XS
SM
MD
LG