Accessibility links

ცხინვალში უარყოფენ რუსეთის სამი სპორტსმენის დაკავებას


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს-მ უარყო, რომ ცხინვალში დააკავეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს რუსეთის ფედერაციის სამ სპორტსმენს, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებს სუმოსა და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში სოსლან გაგლოევს, დენის ცარგუშს და სოსლან კცოევს. ინფორმაცია მათი დაპატიმრების და ცემის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელზე ჯამბოლათ თედეევზე დაყრდნობით. დღეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბკლიკის შს-თა მინისტრმა ვალერი ვალიევმა სააგენტო რია-ნოვოსტის განუცხადა, რომ სპორტსმენები არავის დაუკავებია და მით უმეტეს, არავის უცემია. გავრცელებულ ინფორმაციას ვალიევმა უწოდა კიდევ ერთი ხრიკი იმ ძალებისა, რომლებსაც 13 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაძაბულობა სურთ. შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს სწორედ ჯამბოლათ თედეევს, რომელსაც ადგილობრივმა ცსკ-მ უარი უთხრა 13 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრაზე. თავად თედეევმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოში, რომელიც სარჩელს ხვალ განიხილავს.
XS
SM
MD
LG