Accessibility links

logo-print

ევროკავშირმა გააფართოვა ბელორუსიისა და ირანისთვის დაწესებული სანქციები


ევროპის კავშირმა გააფართოვა ბელორუსიისა და ირანის მმართველ რეჟიმებთან დაახლოებული პირებისთვის დაწესებული სადამსჯელო სანქციები, ოპოზიციურ მოძრაობებზე ზეწოლის გაძლიერების და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა შემთხვევების პასუხად. ლუქსემბურგში დღეს გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბელორუსიისთვის შემუშავებულ, 192 პირისგან შემდგარ სიას კიდევ 16 ინდივიდი დაუმატეს. ამ პირებზე ევროკავშირის ვიზა არ გაიცემა და მოხდება მათი აქტივების გაყინვა. მოქმედ სანქციებს ვადა მიმდინარე თვის ოქტომბერში ეწურებოდა - შეხვედრის შედეგად კი მათი მოქმედება ერთი წლით, 2012 წლის 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა, ბელორუსიისგან კიდევ ერთხელ მოითხოვა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება:
„თქვენთვის ცნობილია", - აღნიშნა ეშტონმა, - "რომ ჩვენი სურვილი კვლავ [ბელორუსიაში] პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლება და მათი რეაბილიტაციის განხორციელებაა. ასევე კვლავაც გვსურს ბელორუსიის ხალხთან კონტაქტის შენარჩუნება“.
რაც შეეხება ირანს - ევროკავშირმა სანქციების დაუწესა კიდევ 29 პირს. ამით უფლებების დარღვევისთვის დასჯილი პირების სია 61 ინდივიდამდე გაიზარდა.
XS
SM
MD
LG