Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რეგიონალური ჯგუფის კოორდინატორია


„საქპატენტის“ თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე
„საქპატენტის“ თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე
26 ოქტომბრდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ჟენევაში გაიმართა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების 49-ე გენერალური ასამბლეა, რომელშიც 172 წევრი სახელმწიფო მონაწილეობდა. მონაწილეთა შორის იყო საქართველოც, რომელიც პირველად იქნა არჩეული ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ჯგუფის კოორდინატორად.

ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ზუსტად გადადის მერე ეკონომიკასა და პოლიტიკაში...
რეგიონალური ჯგუფის კოორდინატორობა საქართველოს ავალებს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში წარადგინოს და დაიცვას ჯგუფის ქვეყნების ინტერესები ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია სწორედ რამდენიმე რეგიონალურ ჯგუფად მუშაობს. ერთ-ერთია საქართველოს საკურატორო ჯგუფი, რომელიც კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან შედგება. ჯგუფი ძირითადად პოსტსაბჭოთა 10 ქვეყნითაა დაკომპლექტებული. ამ ჯგუფის წევრია რუსეთიც, რომელმაც კოორდინატორად არჩევისთანავე შეუქმნა პრობლემები „საქპატენტს“. საქმე ისაა, რომ გადაწყვეტილება ნებისმიერი ჯგუფის შიგნით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში არსებული პრაქტიკის თანახმად, კონსენსუსის წესით მიიღება, მაგრამ რუსეთ-საქართველოს შორის არსებულმა დაძაბულმა ურთიერთობამ - მათ შორის, ინტელექტუალური დაცვის სფეროში - ჯგუფის წევრებს გადაწყვეტილებათა მიღების წესის შეცვლისაკენ უბიძგა. „საქპატენტის“ თავმჯდომარე ირაკლი ღვალაძე ამბობს, რომ ჯგუფის წევრ ქვეყნებს უკვე დაეგზავნათ პროექტი, რომელიც რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს. პროექტი გადაწყვეტილების მიღებას, კონსენსუსის ნაცვლად, ხმათა 2/3-ით აწესებს. შეჯერდებიან თუ არა გადაწყვეტილების უმრავლესობით მიღების პრინციპზე ჯგუფის წევრები, რამდენიმე კვირაში გაირკვევა, მანამდე კი ირაკლი ღვალაძე ამბობს, რომ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ჯგუფის კოორდინატორობას საქართველოსთვის აქვს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მნიშვნელობა, მით უფრო მაშინ, როცა რეგიონის ნაწილია რუსეთიც:

”ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ზუსტად გადადის მერე ეკონომიკასა და პოლიტიკაში. როდესაც საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ბაზარი უნდა გაიხსნას და ქართული ღვინო შევიდეს, მაგათ აქვთ ახლა მცდელობა, რომ ქართული ღვინოები დაირეგისტრირონ რუსულმა კომპანიებმა. ანუ ეს ნიშნავს, რომ იქ ჩამოასხამენ ამ ღვინოს და, ჩვენ თუ არ დავიცავთ, ევროპაში გაიტანენ რუსეთში ჩამოსხმულ ქართული დასახელების ღვინოებს. ეს უკვე პოლიტიკაა. ეს ეკონომიკა აღარ არის. მათი მცდელობები ჩვენ აღვკვეთეთ იმ სიის გაგზავნით. ევროპაშიც ყველაფერი დარეგისტრირებული გვაქვს. ასე რომ, ეს გასცდა უკვე ინტელექტუალური საკუთრების ფარგლებს.”

ძალიან მხარს გვიჭერს ბელორუსი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთიც. ყირგიზეთი და ყაზახეთი, ანუ ზოგადად შუა აზიის ქვეყნები, მხარს გვიჭერენ...
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა, მათ ტერტორიაზე აღიარებისა და დაცვის მიზნით, რუსეთის ფედერაციას, უკრაინას, აზერბაიჯანსა და ევროკავშირის შესაბამის უწყებებს 37 დასახელების ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნების სია ამ ცოტა ხნის წინათ გაუგზავნა. სწორედ ამ სიას გულისხმობს ირაკლი ღვალაძე. ამას გარდა, 5 ოქტომბერს „საქპატენტმა“ რუსული კომპანია ” მოსკოუ ვაინ ენდ სპირიტის” წინააღმდეგ გერმანიის საპატენტო უწყებაში საჩივარი შეიტანა. კომპანია გერმანიაში ქართული ღვინოების - წინანდლისა” და ქინძმარაულის” - დისტრიბუციას ეწევა და ათწლიანი ლიცენზიით სარგებლობს. ასეთ ვითარებაში რუსეთი რეგიონალურ ჯგუფში ვეტოს უფლების შენარჩუნებას ცდილობს. „საქპატენტის“ დირექტორის მოადგილე ეკა ეგუტია კი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფში გადაწყვეტილების უმრავლესობით მიღების ინიციატივა დაიბლოკება, ინდივიდუალური მუშაობა კონსენსუსის მისაღწევად კიდევ უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს, მათ შორის - რუსეთთან.

”ძალიან მხარს გვიჭერს ბელორუსი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთიც. ყირგიზეთი და ყაზახეთი, ანუ ზოგადად შუა აზიის ქვეყნები, მხარს გვიჭერენ, რომ წესი შევიმუშაოთ გადაწყვეტილების მიღების. ჩვენი ჯგუფი იყო ზოგადად ძალიან პასიური, მსოფლიოს სხვა ჯგუფებთან შედარებით, და უნდათ, რომ პროგრესი იყოს - გავაჟღეროთ ხოლმე ჩვენი გადაწყვეტილებები, მივიღოთ ხოლმე რაღაცა, კონვენციებში გაწევრიანებაზეა ხოლმე საუბარი, მთელი რიგია საკითხებისა, რომელსაც წამოსწევს ხოლმე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, და ამ რეგიონმა უნდა გამოთქვას რაღაცა აზრი ყოველთვის. ამაზე სერიოზული სამუშაო გვექნება ჩვენც და საელჩოსაც“, აღნიშნავს ეკა ეგუტია.

მისი შეფასებით, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების 49-ე გენერალური ასამბლეა „საქპატენტისთვის“ მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ გაიმართა ორმხრივი შეხვედრები, ხელი მოეწერა შეთანხმებებს და გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები დანიისა და ისრაელის საპატენტო უწყებებთან.
XS
SM
MD
LG