Accessibility links

NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს


ლუის ნავარო, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელი

ლუის ნავარო, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენელი

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. სოციალური პროგრამები, დასაქმება, ფასების ზრდა, დემოკრატიის ხარისხი, საგარეო ურთიერთობები - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც კვლევის ავტორებმა მიმდინარე წლის სექტემბერში, საქართველოს მასშტაბით, 2000-ზე მეტი რესპონდენტი გამოკითხეს. როგორც შედეგებმა აჩვენა, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის საზრუნავს ეკონომიკური პრობლემები წარმოადგენს. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსები საკმარის დროს არ უთმობენ მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან თემებზე საუბარს.
მაშინ როდესაც ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობის მაჩვენებელი იკლებს, იზრდება ეკონომიკური საკითხების მნიშვნელობა, როგორიც არის ...

კითხვაზე, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, გამოკითხულთა 45 პროცენტმა უპასუხა ”დიახ”, ხოლო 39 %-მა - ”არა”. თუმცა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უკანასკნელ კვლევამდე ხუთი თვით ადრე ჩატარებული კვლევისას ანალოგიურ შეკითხვაზე რესპონდენტების უმრავლესობას უარყოფითი პასუხი ჰქონდა. საზოგადოებაში დემოკრატიის ხარისხის შეგრძნების ზრდა - ეს ის ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელიც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლუის ნავარომ მიმდინარე წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევის განმასხვავებელ მახასიათებლად მოიხსენია. თუმცა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა გამოიკვეთა: წინა წლებისგან განსხვავებით, ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობა იკლებს და ის სიღარიბის პრობლემის 31 პროცენტიან მაჩვენებელს უთანაბრდება.

”მაშინ როდესაც ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობის მაჩვენებელი იკლებს, იზრდება ეკონომიკური საკითხების მნიშვნელობა, როგორიც არის, მაგალითად: დასაქმება, ფასების ზრდა, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება და სიღარიბის დაძლევა. და ერთიც: მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა დადებითად არის განწყობილი დემოკრატიული პროცესების მიმართ, ისინი ახლა უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას მოითხოვენ ხელისუფლების მხრიდან, მაგალითად, როდესაც საქმე ეხება 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს ან ცვლილებებს სამოქალაქო კოდექსში”, - ამბობს ლუის ნავარო.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის დირექტორი გოგი ხუციშვილი ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობის მაჩვენებლის შემცირებას საზოგადოებაში იმედგაცრუების შეგრძნების გაჩენას უკავშირებს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ სიღარიბის დაძლევის საკითხთან გათანაბრება ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობის დაკნინებას არ ნიშნავს და ის ამის მიზეზსაც ასახელებს:

”ხელისუფლების მხრიდან არ მოხდა გარკვეული ინიციატივების დამუშავება. თითქოს გამოქვეყნდა სახელმწიფო სტრატეგია, მაგრამ ჩართულობის ხაზით მას გაგრძელება არ მოჰყვა. ამის გამო ადამიანებს ეკარგებათ შეგრძნება, რომ რაღაცის უკეთესობისაკენ შეცვლა შესაძლებელია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სიღარიბის დაძლევა და დასაქმება არის ყველაზე პრიორიტეტული საკითხები, გამოკითხვებში ყველაზე მაღალი რეიტინგი სწორედ ამ საკითხებს აქვს და ამიტომ ამ პრობლემებთან გათანაბრება არ ნიშნავს ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობის შემცირებას.”

გავყვეთ კვლავ კვლევის შედეგებს. დასაქმება - ეს პრობლემა, 62 პროცენტით, ყველაზე პრიორიტეტული საკითხების ჩამონათვალს უდგას სათავეში. მას, 42 პროცენტით, ფასების ზრდა მოსდევს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისში გამართულ კვლევის პრეზენტაციაზე ლუის ნავარო, შედეგებზე დაყრდნობით, მიუთითებს, რომ გამოკითხული მოქალაქეების უმეტესობა ყველაზე დიდ პრობლემად ეკონომიკურ საკითხებს - სიღარიბის დაძლევას, ფასების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას - მიიჩნევს და ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები საზოგადოებისათვის ამ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს საკმარის დროს არ უთმობენ.
თუ არ ჩავთვლით 26 მაისს, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური აქტივობა კლებულობს და ამიტომაც შეიძლება იყოს განცდა, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი მატულობს...

პირველი კითხვა, რომელიც კვლევის ერთ-ერთ თავში განთავსდა, სახელწოდებით ”მიმდინარე მოვლენები”, სამოქალაქო კოდექსში შეტანილ ცვლილებას შეეხება - უფრო ზუსტად კი, რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის პირის სტატუსის მინიჭებას. გამოკითხულთა უმეტესობა, 69 %, არ ეთანხმება სამოქალაქო კოდექსში შესულ ამ ცვლილებას.

კიდევ ერთი კითხვა ”მიმდინარე მოვლენების” თავიდან 26 მაისს რუსთაველის გამზირზე სახალხო კრების მიერ ორგანიზებული აქციის დაშლას ეხება. გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ აქციის დაშლისას ხელისუფლებამ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა, რესპონდენტთა 30% ამბობს, რომ ხელისუფლებამ ადეკვატურ ძალას მიმართა.

რამ გამოიწვია საზოგადოებაში დემოკრატიის შეგრძნების ზრდა? ეს კითხვა რადიო თავისუფლებამ სოციოლოგ ვალერიან გორგილაძეს დაუსვა. ის ორ ფაქტორს ასახელებს, რაც, მისი აზრით, დემოკრატიის შეგრძნების ზრდის მიზეზი უნდა იყოს:

”თუ არ ჩავთვლით 26 მაისს, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური აქტივობა კლებულობს და ამიტომაც შეიძლება იყოს განცდა, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი მატულობს. და მეორე, გრძელდება ეროვნული მაუწყებლების მეშვეობით პროპაგანდისტული მესიჯების ტრანსლირება. იმ აგიტაციამ ეროვნული მაუწყებლებისგან, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, თავისი შედეგი გამოიღო. დამოკიდებულება და განცდები, ძირითადად და უპირველეს ყოვლისა, ჩნდება, რა თქმა უნდა, მედიის გავლენით.”

და აქვე ვთქვათ მოკლედ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის კიდევ რამდენიმე შედეგზე. გამოკითხულთა 79%-ისთვის მისაღებია პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდება რუსეთთან დიალოგის შესახებ, გამოკითხულთა 63% კი მიიჩნევს, რომ რუსეთის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის. საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეას გამოკითხულთა უმრავლესობა - 51% - უჭერს მხარს. რაც შეეხება კვლევის ბოლო თავს, რომელიც მედიას ეძღვნება, შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა უმრავლესობა, ანუ 61%, ნდობას საპატრიარქოს არხს უცხადებს, რომელსაც 19 და 16 % - ით „რუსთავი 2“ და „იმედი“ მოსდევს. რაც შეეხება ბეჭდურ მედიას, გამოკითხულთა უმრავლესობა - 44% - აცხადებს, რომ გაზეთებს არ კითხულობენ. რესპონდენტთა მხოლოდ 3% ეცნობა ჟურნალ-გაზეთებს ყოველდღიურად.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG