Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მეტი შანსი ნატოში?


აშშ-ის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მიიჩნევს, რომ საქართველომ უკვე დაიმსახურა ალიანსის მეტი ყურადღება და რომ, შესაბამისად, 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე ქვეყანას უნდა მიენიჭოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - ”მეპი” (MAP). ამ შინაარსის მხარდაჭერა გამოხატა შეერთებული შტატების დელეგაციამ ბუქარესტში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 57-ე სესიის ფარგლებში. რამდენად გაიზარდა საქართველოს შანსი კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს და აუცილებელია თუ არა ”მეპის” მიღება ალიანსში გასაწევრიანებლად?
წლების განმავლობაში საქართველომ დაადასტურა, რომ ის არის ერთგული მოკავშირე და უსაფრთხოების მიმწოდებელი ქვეყანა ...

შეერთებული შტატების დელეგაცია მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ და მოუწოდებს ნატოს წევრ სახელმწიფოებს შესაბამისად შეაფასონ საქართველოს მიერ ბოლო წლებში გადადგმული წარმატებული ნაბიჯები. ამის შესახებ ნათქვამია 7 ოქტომბრის განცხადებაში, რომელსაც რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ ტერნერი, როგორც ხელმძღვანელი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში შეერთებული შტატების მთელი დელეგაციის სახელით აკეთებს:

”წლების განმავლობაში საქართველომ დაადასტურა, რომ ის არის ერთგული მოკავშირე და უსაფრთხოების მიმწოდებელი ქვეყანა თავისი მნიშვნელოვანი წვლილით ერაყისა და ავღანეთის მისიებში. საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ პროგრესს დემოკრატიული გარდაქმნისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, მათ შორის - კორუფციისგან თითქმის თავისუფალი გარემოს შექმნით; მმართველობის გაუმჯობესების, კანონის უზენაესობისა და საბაზრო ეკონომიკის გაძლიერების უზრუნველყოფით.”

როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი კონგრესმენებით დაკომპლექტებული დელეგაციის სახელით გაკეთებულ განცხადებაში მაიკლ ტერნერი საჭიროდ მიიჩნევს ქართველი ხალხისა და საქართველოს მთავრობის ”წახალისებას”, რათა გაგრძელდეს ”ამბიციური რეფორმები”, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად. წახალისების კონტექსტში მაიკლ ტერნერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის („მეპის“) მინიჭებას 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე.

ეს სწორედ ის ”მეპია”, რომელზეც საქართველოს უარი უთხრეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის იმდროინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია ძალისხმევას არ იშურებდა საკითხის დადებითად გადასაწყვეტად. სამაგიეროდ, ახალი ევროპის ქვეყნების დიდი დამსახურებით, იმავე სამიტზე საქართველომ მიიღო დაპირება, რომ ის ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ეს დაპირება მას შემდეგაც უამრავჯერ გამეორდა სხვადასხვა ტრიბუნიდან და მომდევნო წლებში კიდევ უფრო განმტკიცდა კელი-სტრასბურგისა და ლისაბონის სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებებით.
ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს წევრობასთან დაკავშირებით მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხოლო თუ რა პროცესია გასავლელი, ამაზე მუდმივად მიდის საუბარი და დებატები ალიანსში...

საქართველოში, რომელიც ალიანსთან ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში, ყოველწლიური ეროვნული პროგრამის კვალდაკვალ თანამშრომლობს, ბოლო წლებში ცოტა თუ ვინმე ლაპარაკობდა ”მეპზე”. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების შინაარსის მიხედვით კი, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნატოში გასაწევრიანებლად საქართველოს თითქოს სულაც აღარ სჭირდება გაწევრიანების სამოქმედო გეგმა.

თუმცა ამერიკელი კონგრესმენის მაიკლ ტერნერის განცხადებაში, როგორც უკვე ვთქვით, საქართველოსთვის სწორედ ”მეპის” მინიჭების საკითხზეა გამახვილებული ყურადღება.

სჭირდება თუ არა საქართველოს ”მეპის” მიღება იმისათვის, რომ ქვეყანა ერთ მშვენიერ დღეს მართლაც გახდეს ალიანსის წევრი? ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ნატოში - გეგა მგალობლიშვილს მიმართა. ირკვევა, რომ ალიანსში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა:

”ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს წევრობასთან დაკავშირებით მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხოლო თუ რა პროცესია გასავლელი, ამაზე მუდმივად მიდის საუბარი და დებატები ალიანსში. ანუ ეს მოხდება, ვთქვათ, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მეშვეობით თუ იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც საქართველოს ახლა აქვს - ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ და ვსაუბრობთ როგორც ალიანსის წევრებთან, ისე თავად ალიანსში. ეს ასე ცალსახად გადაწყვეტილი და ჩამოყალიბებული არ არის.”

გეგა მგალობლიშვილი ამბობს, რომ ის მუდმივად გრძნობს საქართველოს მხარდაჭერას ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან და რომ ამერიკის დელეგაციის მიერ გავრცელებული განცხადება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოში ნატოს გენერალური მდივნისა და ალიანსის დელეგაციის სტუმრობამდე რამდენიმე კვირით ადრე.

ხსენებულ დელეგაციას იმედებით ელიან საქართველოშიც და აშკარაა ისიც, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო მეტ იმედს გამოხატავს ნატოსთან დაახლოების გზაზე. მაგალითად, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა 12 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, საქართველო პრაქტიკულად უკვე აკმაყოფილებს ნატოს წევრობის კანდიდატისთვის წაყენებულ ყველა მოთხოვნას და ”უკვე სიტუაცია მომწიფდა” იმისთვის, რომ ქვეყანამ ”შემდგომ ნაბიჯებზე“ იფიქროს.
საქართველომ თავისუფლად უნდა გამოხატოს საკუთარი მისწრაფება შევიდეს ნატოში, თუ მის ხალხს ეს ასე სურს...

იმედები თბილისს საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო განუმტკიცდა. „გარკვეულწილად საფრანგეთმა დღეს იშვილა საქართველო ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციის საკითხში და ეს მე ვიცი ისტორიული გამოცდილებით რუმინეთის მაგალითზე, ბულგარეთის მაგალითზე, ბევრი სხვა ცენტრალური ევროპის ქვეყნების მაგალითზე: თუ საფრანგეთი რამეს მოჰკიდებს ხელს, რამეს გადაწყვეტს, საფრანგეთს ეს მიჰყავს ბოლომდე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 7 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას.

გავიხსენოთ, რომ, გერმანიასთან ერთად, 2008 წელს სწორედ საფრანგეთი იყო ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე იმისა, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) მინიჭებოდა.

რას ფიქრობს პარიზი ამჟამად და რას შეიძლება მოველოდეთ მისგან 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე?

ამ შეკითხვას ნამდვილად ვერ გავცემთ პასუხს იმ ზოგადი განცხადების მიხედვით, რომელიც 7 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ხალხის წინაშე გამოსვლისას გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ:

”საქართველომ თავისუფლად უნდა გამოხატოს საკუთარი მისწრაფება შევიდეს ნატოში, თუ მის ხალხს ეს ასე სურს და თუ იმ ალიანსის წევრები, რომელიც არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ამის მომხრე იქნებიან.”

ის, რომ საქართველო არჩევანის გამოხატვაში თავისუფალია, ევროკავშირის ლიდერებს მანამდეც არაერთხელ უთქვამთ და ამიტომ ნიკოლა სარკოზის ამ სიტყვებში ახალი არაფერია. ამ შემთხვევაში ერთადერთი იმის იმედი შეგვიძლია ვიქონიოთ, რომ პარიზი ყველაფერს ხმამაღლა არ ამბობს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG