Accessibility links

logo-print

რუსეთის მედია - ხელისუფლების ზეწოლისა და მასობრივი გულგრილობის მიჯნაზე


უფლებადამცველი აქტივისტები ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელის დასჯას მოითხოვენ.

უფლებადამცველი აქტივისტები ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელის დასჯას მოითხოვენ.

ჟურნალისტად ყოფნა იოლი არ არის რუსეთში, სადაც მუშაობა ყველაზე მეტად ჭირს რეპორტიორებზე განხორციელებული თავდასხმებისა და ხელისუფლების მხრიდან პრესის თავისუფლების ბევრი მოთხოვნის უგულებელყოფის გამო. და მაინც, რუსეთში არსებობენ მედიასაშუალებები, რომლებიც ძლიერ აკრიტიკებენ კრემლს. თუმცა ასეთ გაზეთებში მომუშავე ჟურნალისტები აცხადებენ, რომ პრობლემა იმდენად ის კი არ არის, რომ მათ არ შეუძლიათ ქვეყნის პრობლემებზე საუბარი, არამედ ის, რომ არავინ გისმენს.

2003 წელს დამოუკიდებელ გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უკანონო საქმიანობას სწავლობდა, ძალიან ცუდად გახდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, რაც, მისი მომხრეების თანახმად, მოწამვლის ბრალი იყო. „ნოვაია გაზეტას“ კიდევ ერთი თანამშრომელი, ცნობილი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც ჩეჩნეთში მიმდინარე ომის გამო კრემლს მკაცრად აკრიტიკებდა, ხუთი წლის წინ, 2007 წლის 7 ოქტომბერს, მოკლეს. მანამდე კი, 2 წლით ადრე, როდესაც ბესლანის სკოლაზე განხორციელებულ იერიშს აშუქებდა, ჟურნალისტი ქალი მოწამლეს.
ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმების დაუსჯელობაა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც „რეპორტიორებმა უსაზღვრებოდ“ რუსეთს, პრესის თავისუფლების მხრივ, 140-ე ადგილი მიანიჭეს 178 ქვეყანას შორის.

გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორის მოადგილის ანდრეი ლიპსკის თქმით, ჟურნალისტების მკვლელობას საშინელი ეფექტი ჰქონდა მედიაგარემოზე. თუმცა, მუქარის გარდა, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მედიაზე მკაცრი კონტროლის სხვა ლეგალური მექანიზმებიც გამოიყენება, მათ შორის - გამოძიება და სარჩელი.

„დახურვით, უბრალოდ, არავინ მოვა და დაგხურავს. არსებობს სხვა მეთოდები: საგადასახადო ორგანოების საშუალებით შეეცდებიან მოგედავონ, გიჩივლონ ცილისწამებისათვის და სხვა.“

ცილისწამების გამო „ნოვაია გაზეტას“ რამდენჯერმე უჩივლეს. ერთხელ, 2002 წელს, ერთ-ერთი წამყვანი რუსული ბანკი გაზეთისგან 500 ათასი დოლარის გადახდას ითხოვდა, რაც გაზეთს დახურვით ემუქრებოდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ კლიენტები, რომლებიც, ბანკის თანახმად, პუბლიკაციის გამო დაზარალდნენ, თავად ბანკის თანამშრომლები აღმოჩნდნენ.

მაგრამ, როგორც ლიპსკი ამბობს, ბევრი საერთაშორისო ჯილდო ეხმარება გაზეთს, თავიდან აიცილოს ხელისუფლების ზეწოლა. სხვა საკითხია, რომ თავად რუსეთის ხელისუფლებაც ლმობიერად ეკიდება გაზეთს ნაწილობრივ იმის გამო, რომ ხელისუფლებასაც სჭირდება ინფორმაციის გარკვეული დამოუკიდებელი წყარო.

დენის ვოლკოვი, რომელიც მედიის საკითხებს სწავლობს ლევადას ცენტრში, ფიქრობს, რომ „ნოვაია გაზეტას“ შეწყნარებით ხელისუფლება საზოგადოებრივი უკმაყოფილების მართვას ახერხებს:

„ჩვენს შემთხვევაში, ინტერნეტგამოცემა და ასეთი გაზეთები ერთგვარად არსებული რეჟიმის სტაბილიზებისათვის საკუთარ ფუნქციას ასრულებენ. მათი საშუალებით თუნდაც ნაწილობრივ არის შესაძლებელი ორთქლის გამოშვება, ანუ შეგიძლია თქვა, რაც გინდა, ოღონდ საკმაოდ ვიწრო წრეში.“

თუმცა გაზეთი „ნოვაია გაზეტა“ გამონაკლისია. სხვა გაზეთების შემთხვევაში ხელისუფლებამ ზემოქმედების სხვა საშუალებას მიმართა. ეს იყო მედიამფლობელებზე ზემოქმედება. ყოველდღიური „კომერსანტი“ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი გამოცემაა, რომელიც სრულიად დამოუკიდებელი იყო, სანამ მისმა მფლობელმა 2006 წელს გაზეთი არ მიჰყიდა ფოლადის წარმოების მაგნატ ალიშერ უსმანოვს. მას უნდა უზრუნველეყო ის, რომ გაზეთი საკუთარ საზღვრებში დარჩენილიყო. თუმცა, ამის მიუხედავად, „კომერსანტი“ ბევრ კრიტიკულ სტატიას ბეჭდავს - ისეთს, როგორიც იყო მილიარდერ მიხაილ პროხოროვის მიერ ამას წინათ გამოთქმული ბრალდებები კრემლის მთავარი სტრატეგის მისამართით. ამავე გაზეთში დაიბეჭდა ინტერვიუ ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთან და ასევე სტატია 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის სამზადისის დროს აღმოჩენილ კორუფციაზე. ეს კი იმიტომ ხდება, რომ, როგორც ლიპსკი ამბობს, ალიშერ უსმანოვი „კომერსანტს“ განიხილავს, როგორც ბიზნესს:

„თუკი გაზეთს სულ ჩამოვაშორებთ საინფორმაციო მუხტს, მაშინ რაღა ბიზნესია ეს და ვინ წაიკითხავს მას?“

არსებული მედიასაშუალებებისათვის ვითარება კიდევ უფრო პირქუშია რუსეთის რეგიონებში, სადაც ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლას რეგიონალური მოხელეების თვითნებობაც ემატება. მაგრამ დამოუკიდებელი რეგიონალური მედიაც რეგულარულად აქვეყნებს მოხელეთა მიერ თანამდებობის ბოროტად სარგებლობის მაგალითებს. თუმცა, მედიისათვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლაზე არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ პუბლიკაციებს არანაირი რეაგირება არ მოჰყვება ხელისუფლების მხრიდან, - ამბობს ლევ პონომარიოვი, ვეტერანი უფლებადამცველი, რომელმაც ციმბირის ქალაქ ირკუტსკის ციხეში იმ პატიმრების არსებობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლებსაც უფლება აქვთ აწამონ და მოკლან სხვა პატიმრები:

„გამოდის ადგილობრივი გაზეთები, რეგულარულად ქვეყნდება სტატიები ამის თაობაზე, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან არავითარი რეაგირება არ ხდება. წერე და იკითხე! აი, დაახლოებით ასე გამოიყურება ეს ყველაფერი, როგორც ერთ სიმღერაშია. ეს არის და ეს.“

მაგრამ არამხოლოდ ხელისუფლებისთვის არის სულ ერთი კრიტიკული სტატიების შინაარსი. ასევე არ აინტერესებს პრობლემები რუსების უმრავლესობას. როგორც გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორის მოადგილე ანდრეი ლიპსკი ამბობს, მისი ბევრი თანამემამულე ცდილობს იყოს არაპოლიტიკური და საკუთარ ცხოვრებას განიხილავს როგორც ფარს გარესამყაროსაგან თავის დასაცავად.

„ჩემი ცხოვრება ცალკეა და მას მე თავად მოვაწყობ. აქ კი კორუფციაა, ვერაფერს გააწყობ, ამიტომ წყალსაც წაუღია ყველაფერი“, -ასე ახასიათებს რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობის დამოკიდებულებას ანდრეი ლიპსკი, „ნოვაია გაზეტას“ რედაქტორის მოადგილე.
XS
SM
MD
LG