Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკოს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს


უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იულია ტიმოშენკოს, შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს ძალაუფლების გადამეტებაში 2009 წელს რუსეთიდან გაზის იმპორტზე კონტრაქტის გაფორმებით. მოსამართლე როდიონ კირეევის განცხადებით: „სასამართლომ იულია ვოლოდიმიროვნა ტიმოშენკო დამნაშავედ ცნო უკრაინის სისხლის სამართლის 365-ე მუხლის მე-3 პუნქტით - მიუსაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოართვა უფლება ეკავოს პოსტი სამთავრობო სტრუქტურებში და სამი წლის განმავლობაში ეწეოდეს ორგანიზაციულ, მმართველობით, ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ საქმიანობას.“ მოსამართლე კირეევის განმარტებით, რუსეთიდან გაზის იმპორტის შესახებ ათწლიანი კონტრაქტის გაფორმებას მძიმე ზარალი მოჰყვა უკრაინისათვის და ტიმოშენკოს ევალება, თითქმის 190 მილიონი დოლარის ზარალი აუნაზღაუროს ენერგოკომპანია „ნაფტოგაზს“. ტიმოშენკო უარყოფს ბრალდებებს და სასამართლო პროცესს მიიჩნევს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკურ ანგარიშსწორებად. უკრაინაში ოპოზიციის ლიდერის გასამართლება მწვავე კრიტიკას იწვევს საზღვარგარეთაც. ევროკავშირი აცხადებს, რომ „იმედგაცრუებულია“ განაჩენით. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყონ მიუკერძოებელი პროცესი, ტიმოშენკოს განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში, რათა საფრთხე არ შეუქმნან ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასრულებას. კიევიდან გავრცელებული ცნობით, სასამართლოს შენობასთან მოხდა დაპირისპირება ტიმოშენკოს მომხრეებსა და პოლიციის საგანგებო დანიშნულების შენაერთებს შორის. დააკავეს რამდენიმე ადამიანი.
XS
SM
MD
LG