Accessibility links

logo-print

ლევან ვეფხვაძე: ქრისტიან-დემოკრატები ელექტორატს ფუჭი ილუზიებით არ კვებავენ


პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ქრისტიან-დემოკრატმა ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ 2 ოქტომბერს, თელავში ჩატარებული შუალედური არჩევნები შეაფასა იმის დასტურად, რომ მმართველ პარტიასთან საარჩევნო შეთანხმების ხელმოწერით ოპოზიციის ნაწილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, განსხვავებით ”რვიანიდან” დარჩენილი და მოგვიანებით დაშლილი ”ექვსიანისგან.” ვეფხვაძემ მითი უწოდა ”ექვსიანის” დაშლის იმ მიზეზს, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერთა ნაწილს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები არ სურდა, მათ მილიონი ამომრჩევლის მობილიზების დანაპირები შეახსენა და განაცხადა, რომ, ”ექვსიანისგან” განსხვავებით, ქრისტიან-დემოკრატები საკუთარ ელექტორატს ფუჭი ილუზიებით არ კვებავენ. ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას ნაციონალური მოძრაობის განშტოებას უწოდებს ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი. ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ლევან ვეფხვაძის განცხადების სერიოზულად კომენტირებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. ”თუ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს რამის თქმა უნდათ, პირადად იტყვიან და მსგავსი დანამატების გამოყენება არ სჭირდებათ” - განაცხადა ალასანიამ.
XS
SM
MD
LG