Accessibility links

logo-print
25 სექტემბერი, კვირა
ნიუ-იორკი - ჩემი საყვარელი ქალაქი, სადაც, ალბათ, უფრო მეტჯერ ვარ ნამყოფი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ვიდრე ჩემს მშობლიურ ჭიათურაში. ათი წლის წინ აქ გავდიოდი სტაჟირებას ჩვენს მისიაში გაეროსთან, აქ ვსწავლობდი გაეროს შესახებ და ვოცნებობდი, რომ ოდესმე სამუშაოდაც მომიწევდა ჩამოსვლა. წინა კვირა სწორედ ნიუ-იორკში ვიყავი და სწორედ რომ სამუშაოდ. თუმცა, არ მახსოვს, ათი წლის წინ ასეთ საგიჟეთზე მეოცნება. ნეტავ, ნიუ-იორკში გასართობად ჩამოსვლა მენატრა! იქნებ ის ნატვრაც ამხდენოდა...

კვირა დღეა და ძალიან დაღლილი ვარ. გასულ ექვს დღეში 100-მდე შეხვედრა გვქონდა. პანამა, ბუტანი, გაბონი, პორტუგალია, შვეიცარია, თურქეთი, სლოვაკეთი, გაიანა, პარაგვაი, მალდივები, ინდონეზია, სერბეთი, პალაუ, კვიპროსი, ირლანდია, კოსტა-რიკა, სამხრეთი სუდანი, ერაყი, ირანი, სომალი, ლუქსემბურგი, დიდი ბრიტანეთი, ლაოსი, გვატემალა, აზერბაიჯანი, ვანუატუ, კამერუნი, ეგვიპტე, ჰონდურასი - ეს მხოლოდ ნახევარია იმ ქვეყნებისა, ვისთანაც ორმხრივი შეხვედრები გვქონდა. ამას დაემატა ათობით სხვადასხვა ღონისძიება, შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და პანაშვიდები. „პანაშვიდებს“ ვეძახი ოფიციალურ მიღებებს. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც პანაშვიდზე, მიღებაზეც აუცილებლად უნდა წახვიდე, ერთი წრე უნდა დაარტყა, მიესალმო, მოიკითხო, დაენახო და შემდეგ წამოხვიდე.

შესაბამისად, ამ გიჟური კვირის შემდეგ დღეს ვისვენებ. სამწუხაროდ, ერთი დასვენების დღე ნიუ-იორკში საკმარისი არ არის. თან, აუცილებლად უნდა ვიყიდო სპაიდერმენის ფორმა ლუკასთვის, რომელსაც მალე ბაღში ჰელოუინის ზეიმი ექნება. რამდენიმე დღის წინ ლუკა სახლში მისულა და დედიკოსთვის უკითხავს, ჰელოუინი დადგა უკვეო? როდესაც ეკამ უპასუხა, არაო, ცოტა ხანი დაფიქრებულა და უკითხავს: „ახლა?“ მოკლედ, ლუკა მოუთმენლად ელოდება ჰელოუინს და მეც შევეცდები, იმედი არ გავუცრუო.

მეგობარს, შალვას, მივყავარ მაღაზიაში, სადაც ოთხი წლის ლუკასთვის ვარჩევ სპაიდერმენის კოსტუმს, რომელიც რვა წლის ასაკის ბავშვისთვის არის განკუთვნილი. შემდეგ მე და შალვა მივდივართ სასადილოდ. ტრადიცია გვაქვს, ვცდილობთ, ყოველი შეხვედრისას სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო გავსინჯოთ. ამჯერად ვარჩევთ ჰიმალაურ სამზარეულოს. მივდივართ ქუინზში. ნიუ-იორკის ხიბლიც ესაა: შეგიძლია, ნებისმიერი სამზარეულო დააჭაშნიკო, თან უფრო იაფად და ჯანსაღად, ვიდრე ე.წ. „ფასტ-ფუდის“ ადგილებში. მოკლედ, ვუკვეთავთ ტიბეტურ, ნეპალურ და ბუტანურ კერძებს... მოაქვთ ბუტანურ ყაიდაზე ყველში მოხარშული წიწაკა, რომელიც მზარეულმა სპეციალურად ჩვენთვის ნახევრად ცხარე გააკეთა, და რომელიც უბრალოდ არ იჭმება, იმიტომ რომ მაინც ძალიან ცხარეა. მახსენდება იმავე რეგიონიდან ჩემი ერთი კოლეგა, რომელიც თბილისში სტუმრად იყო და რომელმაც სადილზე ხინკალსა და მწვადს „წიხლი გვიკრა“, თუმცა ძალიან მოეწონა ტარხუნა აჯიკით და ტყემალი მარილით. იძახა, ეს რა კერძები გქონიათო! სამი კონა ტარხუნა, ორი ჯამი აჯიკა, ათი ტყემალი და ერთი ჯამი მარილი შეჭამა იმ დალოცვილმა! მოაქვთ ტიბეტური და ნეპალური პური, რომელთაგან პირველი საინტერესოა, მეორე კი - ხინკლის ცომი. მოაქვთ ტიბეტურად მომზადებული მადის გამქრობი „აპეტაიზერები“ და ბოლოს, დესერტად, მოაქვთ ჩაი „ბოჩა“, რომელსაც შაქრის ნაცვლად დამატებული აქვს კარაქი და მარილი. შალვამ - მადლობა, გენაცვალეო. მე გავრისკე. დღესაც ვნანობ. მოკლედ, დავრჩით მშივრები. მაგრამ, სამაგიეროდ, ჰიმალაური სამზარეულოც მივამატეთ სიას.

შემდეგ წავედით კინოში. ვნახეთ ფილმი, რომელიც მონაწილე მსახიობების ხათრით ავარჩიეთ. ფილმზე ხუთი წუთით დავაგვიანეთ. ერთ-ერთი რეკლამირებული მსახიობი ამ დროისთვის უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე რეკლამირებული ვარსკვლავი კიდევ სამ წუთში გარდაიცვალა, ჩვენდა გასაკვირად. მესამე და მეოთხე კი ეპიზოდურ როლებში იყვნენ. მოკლედ, ჰოლივუდმა აშკარა ხრიკით შეგვიტყუა ფილმზე.


26 სექტემბერი, ორშაბათი
ნიუ-იორკი: დღეს შეხვედრა გვქონდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან. საინტერესო, მეგობრული და საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა იყო. იქით მხარეს სულ ცისფერთვალება ქალბატონები ისხდნენ - ჰილარი კლინტონი, ტინა კეიდენაუ, ვიქტორია ნულანდი და კიდევ ორი ახალგაზრდა დიპლომატი; აქეთ მხარეს კი - მოსული, ზორბა მამაკაცები: ვაშაძე, ბოკერია, იაკობაშვილი და მე. კიდევ კარგი, თამუნა კაპანაძეც წამოვიდა, მინისტრის სამდივნოს უფროსი. ცოტა შევარბილეთ გენდერული ბალანსი. სამწუხაროდ, შეხვედრის დეტალების შესახებ მეტს ვერაფერს ვიტყვი.

შემდეგ სასწრაფოდ გავიქეცი შეხვედრაზე მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. მათთანაც ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი. სულ რამდენიმე თვეა, საელჩო გავხსენით მეხიკოში და ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. ბევრი საკითხია შესათანხმებელი. მათი მინისტრის მოადგილე დღეს ჩამოვიდა და პირველი შეხვედრა ჩვენთან აქვს. შეხვედრა აქაც ნახევარ საათს გაგრძელდა. განვიხილეთ თემები, შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე.

ამის შემდეგ სასწრაფოდ გავრბივარ საელჩოში, სწრაფად ვიცვლი ტანსაცმელს და გავრბივარ აეროპორტში. წინ დიდი გზაა - 10 საათი სტამბოლამდე.

27 სექტემბერი, სამშაბათი
გზაში თითქმის ერთი დღე იკარგება. ამიტომ სამშაბათზე ცოტას დავწერ. თვითმფრინავში ძირითადად მძინავს. ადრე დასაძინებლად აბები მჭირდებოდა, ძირითადად, მელატონინი. ახლა კი ისე მივეჩვიე თვითმფრინავში ძილს, რომ თითქმის რეფლექსის დონემდე მაქვს აყვანილი. ვჯდები - ვიძინებ. თვითმფრინავი ჯდება - ვიღვიძებ. როცა წელიწადში საშუალოდ 250 ათას კილომეტრს დაფრინავ, თვითმფრინავში დაძინება კარგია. ცუდი ის იქნება, ცხოვრებაშიც რომ განმივითარდეს იგივე რეფლექსი და ყოველი ჩამოჯდომისას ძილს მივეცე. ის რამდენიმე საათი, რაც არ მძინავს - ვკითხულობ. ახალი წიგნი შევიძინე ნიუ-იორკში - უოტკინსის და როუზგრანტის „გარდამტეხი საერთაშორისო მოლაპარაკებები“. საინტერესოდ არის აღწერილი ცივი ომის შემდგომ პერიოდში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებები. ეს წიგნი ჩემს სტუდენტებსაც უნდა მივცე.

როგორც იქნა, ჩამოვედი თბილისში. ოჯახში მელოდებიან. ეკა ათი დღეა, არ მინახავს. ვცდილობ, დრო გავატარო ლუკასთან და ანასთან. ორი კვირის წინ, როდესაც ლიტვიდან დავბრუნდი, ანამ მიუცხოვა და იტირა. ახლა აღარ ტირის. ისევ მიცნო. საღამოს ლუკასთან ვთამაშობ. სპაიდერმენის ფორმას იცვამს და მთელი საღამო აცვია. ცოტა პატარაც კი აქვს. შემდეგ ლუკას ვაძინებ. უფრო სწორად, ის მაძინებს. საღამოს მეგობართან უნდა წავსულიყავი - ბავშვი შეეძინა და „ასველებდა“, მაგრამ ვეღარ მოვახერხე. ეწყინებოდა. თუ კითხულობს ამას, იმედია გამიგებს, რატომაც არ მივედი.

28 სექტემბერი, ოთხშაბათი
ნიუ-იორკში მივლინება დასრულდა. დაიწყო თბილისში სამდღიანი „მოვლინება“. უამრავი საქმე დაგროვდა. ეს ინტერვალები მივლინებებს შორის ყველაზე საშინელია. უამრავი საკითხია მოსაგვარებელი, დრო კი ძალიან ცოტაა. დილა დაიწყო ეუთოს წარმომადგენლებთან საუზმით და გაგრძელდა შეხვედრით ჟენევის თავმჯდომარეებთან. შემდეგ მაქვს თათბირი ჟენევის მოლაპარაკებების საკითხებზე. შემდეგი, მეჩვიდმეტე რაუნდი მომავალ ორშაბათს იმართება და მოსამზადებლები ვართ. შემდეგ მოდის შეხვედრები ამერიკელ და იაპონელ დიპლომატებთან და თათბირები ამერიკის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორებთან. ისინიც გადარბენაზე არიან. ორ დღეში პოლიტიკურ კონსულტაციებზე მიდიან ლათინურ ამერიკაში და მათაც უამრავი საქმე აქვთ დასასრულებელი. ამ ორი დღის განმავლობაში 150 იმეილი დამიგროვდა, რომელთაგან ნახევარზე მაინც პასუხი მაქვს გასაცემი. და ბოლოს, წასაკითხია სამინისტროს ფოსტა. დღემ ისე გაირბინა, ვერც გავიგე. საქართველო-რუმინეთის რაგბისაც კი ვერ ვუყურე ნორმალურად. კი ვიცოდი, რომ მოვიგებდით, მაგრამ მაინც სასიამოვნოა „ლაივში“ გულშემატკივრობა. მინისტრი ახლა ახალ ზელანდიაშია და დროში სხვაობის გამო მესიჯებით ვკონტაქტობთ. განსხვავებით ამერიკისგან, ახალ ზელანდიაში ტელეფონი მშვენივრად იჭერს.

საღამოს ცოტა დრო მაინც „მოვიპარე“ ლუკასთან და ანასთან გასატარებლად. ლუკას ვაჭამე ფაფა. შევთავაზე, დაგაძინებ და ზღაპარს მოგიყვები-მეთქი. დაფიქრდა და მითხრა: „ბებო დამაძინებს. ძილი ნებისა, მამიკო.“ მოკლედ, ახლა შენით დაიძინე, მამიკო, გუშინ ხომ დაგაძინეო.

29 სექტემბერი, ხუთშაბათი
ღამე ანამ გაიღვიძა. გაცივდა და ქსუტუნებდა. მე და ეკამ პრაქტიკულად, ღამე თეთრად გავათენეთ. წამლის ყიდვა დაგვჭირდა. აფთიაქში გავიქეცი ღამის ოთხ საათზე. ბოლოს, როგორც იქნა, დაეძინა. შესაბამისად, დილით ისე ადრე ვერ გავიღვიძე, როგორც ჩვეულებრივ. სამსახურში გავიქეცი. უამრავი საქმე მაქვს. შეხვედრები უცხოელ დიპლომატებთან, სატელეფონო ზარები ჩვენს ელჩებთან და ჩვენთან აკრედიტებულ დიპლომატებთან. მნიშვნელოვანი კვირა მოდის რამდენიმე დღეში: ჯერ ჟენევის მოლაპარაკებებია, შემდეგ კი რუსეთთან მოლაპარაკებები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბევრია დაინტერესებული მოლაპარაკებების დეტალებით. თათბირებია მთელი დღის განმავლობაში. გაეროდან დაბრუნების შემდეგ დიდი თათბირი გვაქვს. ვადგენთ სამოქმედო გეგმას - რომელ ქვეყანასთან რა გვაქვს გასაკეთებელი. მნიშვნელოვანია, რომ მალევე მოხდეს ნიუ-იორკში შეთანხმებულ საკითხებზე რეაგირება, რათა ამ ქვეყნებმა იგრძნონ, რომ ჩვენ სერიოზულად ვართ დაინტერესებული მათთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებების შესრულებით. გვიან ღამემდე მიწევს ამ თემებზე მუშაობა.

დღეს მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ლუკა მიგვყავს ცურვაზე. სამწუხაროდ, მე ვერ მივდივარ. შაბათს წავიყვან. დღეს ეკას მიყავს. ჩემი მივლინებების და გრაფიკის გადამკიდე, ეკა ოჯახის ბურჯად არის ქცეული. მაგრამ დეკემბერში ისიც ბრუნდება საგარეოში დეკრეტული შვებულებიდან და მოგვიწევს სახლის საქმეების ისევ ერთად კეთება. ჩვენდა გასაკვირად, სულ რამდენიმე წუთში ლუკა წყალშია და კარგადაც ერთობა. ძალიან მიხარია, რომ წყალი არ იუცხოვა. ასევე მიხარია, რომ თავის ბიძაშვილთან, ექვსი დღით უმცროს გაბრიელთან ერთად ივლის ხოლმე ცურვაზე კვირაში სამჯერ. კიდევ უფრო დაახლოვდებიან და დამეგობრდებიან ბიჭები.

30 სექტემბერი, პარასკევი
დღე ცუდად იწყება.

სახლიდან რომ გამოვედი, აღმოვაჩინე, რომ რომელიღაც ძვირფას მეზობელს, ტრადიციულად, ფანჯრიდან გადმოუყრია სამშენებლო ნაგავი, რომელიც ჩემს მანქანას დასცემია და ლუკი დაუმტვრევია. მთლიანად დამსხვრეულია. ეს ნიშნავს, რომ ახალი ლუკი მექნება საყიდელი. არც მინდა ვიფიქრო, რა ეღირება. მომიწევს მანამდე სკოჩის გადაკვრა მანქანაზე. მშვენიერია! იმის გარკვევაც შეუძლებელია, ვინ გააკეთა ეს. რაც ყველაზე უარესია, საერთოდ არ მაქვს დრო, რომ ვარკვიო, რომელმა ჭკუასუსტმა მეზობელმა გაიმეტა სახლის ქვემოთ მოსიარულე ადამიანები თუ მდგომი მანქანები ასე სასტიკად.

დილით მახსენდება, რომ გუშინ „რა? სად? როდის?“ თამაშის სატელევიზიო სეზონის გახსნა იყო. ძალიან მინდოდა წასვლა, მაგრამ გადამავიწყდა ამ გაუთავებელ გადარბენებში. ამ სეზონში ჩვენც ვთამაშობთ - საბაშვილის დასჯილი ექვსეული, რომელსაც კარნახის გამო არჩილ მაჭავარიანი არ ეყოლება. ჩვენი ჩაწერა ორ კვირაშია და, საუბედუროდ, მანამდე ვარჯიშს ვერ ვასწრებთ. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვასწრებ. ხვალ ღამე რომ გავფრინდები, მხოლოდ 13-ში, თამაშის დღეს დავბრუნდები თბილისში. არადა, ვარჯიშის გარეშე გაგვიჭირდება. მიუხედავად ამისა, მოუთმენლად ველოდები 13-ს. ძალიან მომენატრა თამაში.

დღესაც ტრადიციული დღეა. წერილები, სატელეფონო ზარები, შეხვედრები, თათბირები. საღამოს ერთ-ორ საათს ვიტოვებ, რომ მარტო დავრჩე და შემდეგი კვირის ჟენევისთვის მოვემზადო. კიდევ კარგი, ჟენევაში კვირას ჩავდივარ და ნახევარი დღე მაინც მექნება, რომ კიდევ ერთხელ გავიარო დარჩენილი საკითხები. ბოლო შეხვედრა ათ საათზე მიმთავრდება. სახლში მისულს ყველა დაძინებული მხვდება, გარდა ეკასი, რომელიც თავის დისერტაციაზე მუშაობს. ნეტავ როგორ და როდის ასწრებს?!

1 ოქტომბერი, შაბათი
აი, ახლა ვზივარ სტუდიაში და ვკითხულობ წინა კვირის დღიურს. აქ უნივერსიტეტიდან მოვედი. დილით შეხვედრა გვქონდა. ერთ კვირაში სემესტრი იწყება და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების კოორდინატორები შევიკრიბეთ, რომ გარკვეული დეტალები დაგვეზუსტებინა. მიხარია სწავლის დაწყება. ძალიან საინტერესოა ახალი მაგისტრანტების ნახვა, რომლებიც ახალი ენერგიით და ინტერესებით მოდიან. საინტერესოა ისიც, რომ მათგან რამდენიმე აუცილებლად მომავალი დიპლომატი გახდება. ამიტომ მათთან „საერთაშორისო მოლაპარაკებების“ წაკითხვა ძალიან სასიამოვნოა. რადიოს შემდეგ აუცილებლად უნდა გავიარო სამსახურში და დავასრულო რამდენიმე საქმე. კიდევ ორი შეხვედრა მაქვს. შემდეგ უნდა მოვასწრო და ლუკა წავიყვანო ცურვაზე. თუ საღამოს კალათბურთის თამაშს და მეუღლესთან ერთად კინოში წასვლასაც მოვასწრებ, ჩავთვლი, რომ ეს გიჟური კვირა წარმატებით დასრულდა. ამაღამ კი ათდღიან მივლინებაში მივფრინავ ჟენევაში და ბრიუსელში და ხვალიდან ისევ საგიჟეთი იწყება. მერე რა, რომ კვირაა?

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG