Accessibility links

logo-print

მოსახლეობის მთავარი საზრუნავი საწვავი შეშის მომარაგება ხდება


ზამთრის მოახლოებასთან ერთად მოსახლეობის მთავარი საზრუნავი საწვავი შეშის მომარაგება ხდება. როგორ ემზადებიან ახალციხელები წელიწადის ყველაზე ცივი სეზონისათვის? რა თანხა უჯდება ერთ სულ მოსახლეს ზამთრისათვის გათბობის საშუალებებით მომარაგება და რა პროცედურები უნდა გაიარონ ტყიდან საშეშე მერქნის გამოსატანად?

ზამთრის მოახლოებასთან ერთად სამცხე-ჯავხეთში გათბობის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება. მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ამ დრომდე ზამთრისათვის მზადება ჯერ არ დაუწყია. ქალაქში ამბობენ, რომ წელიწადის ყველაზე ცივი და სუსხიანი სეზონისათვის მომზადება ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ გასათბობად სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. ახალციხელები საშეშე მერქნის მომარაგების გართულებულ პროცედურებზე საუბრობენ:
ამ დროს შარშან უკვე ნაყიდი მქონდა შეშა, ახლა კი ამბობენ, 24 საათში უნდა გამოვიტანოთ ტყიდან და ტრანსპორტი რომ არ გვყავს, დროში ვერ ვეტევითო...

,,არც არავინ არის, რომ შეშა მოიტანოს. გაზით გათბობა კარგია, მაგრამ ძვირი ფუფუნებაა, შეშაც გაძვირდა და წელს რას ვიზამთ, ჯერ არ ვიცით. არადა, ზამთარში ჯობს ცოტა ნაკლები ჭამო, მაგრამ გათბობას ვერ მოიკლებ.”

მოსახლეობა ამბობს, რომ მისასვლელი გზები ტყეკაფებში, საიდანაც საშეშე მერქნის გამოტანა უნდა მოხდეს, ავარიული და მიუვალია. ტყიდან საწვავის გამოტანისთვის დადგენილ დროში კი, შესაბამისი ტექნიკის უქონლობის გამო, აღნიშნული საკითხის მოგვარება მაინც ვერ ხერხდება.

,,ამ დროს შარშან უკვე ნაყიდი მქონდა შეშა, ახლა კი ამბობენ, 24 საათში უნდა გამოვიტანოთ ტყიდან და ტრანსპორტი რომ არ გვყავს, დროში ვერ ვეტევითო. ალბათ, როცა შეძლებენ გამოტანას, უფრო გააძვირებენ.”

იმისათვის, რომ მოსახლეობამ ზამთრის სეზონისათვის საშეშე მერქნით მომარაგება შეძლოს, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და მომსახურების საფასურის გადახდის შემდეგ ლიბერთი ბანკში ქვითარი უნდა აიღოს. წიწვოვანი ჯიშის მსურველებს 1 კუბურ მეტრზე 5 ლარის გადახდა, ხოლო ფოთლოვანი ჯიშის მსურველებს 6 ლარის გადახდა მოუწევთ. ამის შემდეგ მოქალაქე ტყის მართვის სპეციალისტთან მივა, რომელიც ტყეკაფში შესაბამის ადგილს მოუნიშნავს, – განმარტავს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს ინსპექტირების უფროსი ვერიკო აღლემაშვილი.

,,იქ, სადაც ტყეკაფამდე გზა დაზიანებულია და ტრანსპორტს მისვლა უჭირს, სამინისტროს ძალისხმევით გზების შეკეთება ასეთ ადგილებში უკვე მიმდინარეობს.”

შეშის გარდა, მეორე წელია ახალციხელებს გათბობა უკვე ბუნებრივი აირითაც შეუძლიათ. შპს `ელენის~ ინფორმაციით, ამ დროისათვის ქალაქში 3 000-მდე აბონენტია, აქედან მხოლოდ 110-ია კომერციული ობიექტი. ბუნებრივი აირის სახლამდე მიყვანა კონკრეტულ მოსახლეს ინდივიდუალურად 350-დან 500 ლარამდე უჯდება. შპს `ელენის~ მთავარი ინჟინერი ზაზა ზაზაშვილი ამბობს, რომ გაზიფიცირება მოსახლეობის აქტიურობაზეა დამოკიდებული, თუმცა, პროექტის მიხედვით, ცენტრალური მაგისტრალების სრული გაზიფიცირება ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს:

,,დარჩენილია საბარგო სადგურსა და რაბათში, დანარჩენ ადგილას თითქმის უკვე მოვიცავით.”

როგორც ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოში აცხადებენ, წელს შეშის რაოდენობა შეზღუდული არ არის. რეგიონის მასშტაბით კი ტყეკაფი გამოყოფილია ოთხ მუნიციპალიტეტში - ბორჯომში, ასპინძაში, ახალციხესა და ადიგენში.
XS
SM
MD
LG