Accessibility links

logo-print
2 ოქტომბერი, კვირა
რამდენჯერ მიფიქრია, დამეწერა დღიურები, მაგრამ, საკუთარ თავთან გაჯიუტებული ბავშვივით, არასდროს ამიღია ხელში კალამი დღიურების დასაწერად. მარინა ვაშაყმაძის ერთი ზარი კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ეს „სიჯიუტე“ გადამელახა და ერთი კვირის ამბები ჩამომეწიკწიკებინა. უარს ნამდვილად ვერ ვეტყოდი, მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი დრო უკვე აღარ მაქვს.

სრულიად მოულოდნელად ბევრი საზრუნავი და საფიქრალი დამატყდა თავს.

დღე ჩვეულებრივზე ადრე იწყება - დილის 5 საათია. ბავშვის გამწარებული ყვირილი მაღვიძებს: ნუ მირტყამთ, მტკივა, მტკივაო. ყვირილი კივილში გადადის. საბანს ფრთხილად ვკიდებ ხელს, გვერდულად ვაწვენ, ბოდვას წყვეტს, მაგრამ მე ფიქრები არ მასვენებს. უკვე ვეღარ ვიძინებ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ძილში მსგავს სიტყვებს ყვირის. ის 9 წლისაა, ჩემი ერთ-ერთი „ქვიშის კარიერის გენერალთაგანი“.

ცხრის ნახევრამდე დრო მაქვს ფიქრისთვის და საუზმის მომზადებისთვის. პირველი, როგორც წესი, სოფო იღვიძებს. დგება თუ არა, სამზარეულოს მაგიდას გადახედავს, ბრუნდება ოთახში და დამოუკიდებლად ცდილობს ჩაცმას. მიუხედავად იმისა, რომ პატარაა (ოთხი წლის), ძალიან დამოუკიდებელია და თავის მოწესრიგებას ახერხებს (მე მაინც ვეხმარები და ვატყობ, რომ უკვე წონაშიც მოიმატა, ლოყებიც დაეტყო, ფერმკრთალიც აღარ არის).

ისევ გამოდის, აბაზანისკენ ვუთითებ. ისიც კუნტრუშით გარბის. ამასობაში გოჩაც დგება, ის უკვე მიეჩვია თავის მოწესრიგებას, დილის ტუალეტს.

საუზმე მზად არის: წიწიბურა უყვართ ძალიან, კარაქიანი პური, ხაჭო და ჩაი.

სოფო ცელქობს, ვერ ისვენებს. ვსარგებლობ მომენტით და ვეკითხები: „სოფო, ასეთი ცელქი და მოუსვენარი, რომ ხარ, არ გცემდნენ?“ (გოჩას პირდაპირ ვერ დავუსვი კითხვა, სოფოთი ვისარგებლე). კი, ყველაზე მეტს მე მცემდნენო - ისიც არ აყოვნებს, და მერე ამბობს: „მაგრამ ჩემზე მაგრად გოჩას სცემდნენ.“

„ჰო“, - გოჩაც ეთანხმება, - „მე ერთხელ ისე მცემეს, კინაღამ მომკლეს. იმის მერე არ ვუცემივართ. ცუდად გავხდი, ყველაფერი მტკიოდა, განსაკუთრებით - თავი. ხან რა მირტყეს და ხან - რა. დედა, როცა გაბრაზებული იყო, როცა ნერვიულობდა, ჩვენ გვცემდა.“

არა უშავს, ახლა ხომ არავინ გცემთ და მოდი, დავივიწყოთ ჭამა-მეთქი, ვეუბნები. სოფო თავის ქნევით მეთანხმება. გოჩაც. „მაგრამ ზრდილობიანები უნდა ვიყოთ და ერთმანეთი არ გავაბრაზოთ“ - მეც ვსარგებლობ მომენტით...


„კი“, - დაიწყო სოფომ. – „სისუფთავე უნდა დავიცვათ, ჭამის დროს არ ვიხმაუროთ, არაფერი არ გავტეხოთ, ცუდი სიტყვებით არ ვილაპარაკოთ, ერთმანეთი არ ვცემოთ.“ (ამ ათი დღის განმავლობაში თუ რამეზე შენიშვნა მიმიცია და გამიფრთხილებია, ყველაფერი უკლებლივ ჩამოთვალა).

საუზმე ამ ორთან დამთავრდა, ორს კიდევ სძინავს. ჯერ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ერთდროულად ვისაუზმოთ. არა უშავს, სკოლაში რომ წავლენ, გრაფიკიც შეიცვლება და რეჟიმიც (იმედი მაქვს).

საუზმის მერე სოფო დარბის, დახტის, ხმაურობს. მისი ხმაური დანარჩენებისთვის მაღვიძარაა (მათ შორის ჩემი შვილისთვისაც, მასაც უყვარს დილის ძილი).

გოჩა მანქანით ერთობა, ქაღალდებისგან გაკეთებულ მგზავრებს ხან ჩასვამს, ხან გადმოსვამს. გარაჟიც მონიშნა, დააყენებს მანქანას და მულტფილმებს უყურებს. ორივე ერთად კარგად ერთობა.

მე კი ჩემს საქმეს ვაგრძელებ. 11 საათამდე საუზმეს თუ არ მოვრჩით, სადილის მომზადებას ვეღარ მოვასწრებ, წყლის გრაფიკზე ვარ დამოკიდებული.

ერთი ჩვეულებრივი დღის განრიგიც ასეთია: საუზმე, მოწესრიგება, დასუფთავება, სარეცხი მანქანის ჩართვა (ო, რამდენს ტრიალებს!), სადილი, ვახშამი და დასაძინებლად გამზადება. ეს პროცესი ყველას უყვარს, უკვე აღარ უკვირთ, რომ ონკანიდან და შხაპიდან თურმე ცხელი წყალი მოდის, უხარიათ, რომ თავ-თავიანთი ინდივიდუალური მოხმარების ნივთები აქვთ, განსაკუთრებით - სოფოს. ნებისმიერ მომსვლელს ეგრევე თავის კბილის ჯაგრისზე, პირსახოცზე, საწოლზე და ყველა იმ ნივთზე ელაპარაკება, რომელიც მას უკვე აქვს. უფროსები უფრო თავშეკავებულები არიან, თუმცა სიხარულს არც ისინი მალავენ. ერთი-მეორის მიყოლებით ჰყვებიან, როგორ ციოდათ, ქუჩაში რომ ეძინათ; ბაღში ცეცხლს როგორ ანთებდნენ, რომ გამთბარიყვნენ; საჭმელად მხოლოდ პური თუ ჰქონდათ ხოლმე; სადღაც, ნათესავთან წაყვანილებს, შიშით ღამეები რომ არ ეძინათ - ვირთხები დარბოდნენო. ერთმანეთს უყვებიან ამბებს და ადარებენ იმ და ამ მდგომარებას.


3 ოქტომბერი, ორშაბათი
დღეს უკვე შევათანხმე სოციალურ მუშაკებთან, რომ ბავშვები სკოლაში უნდა გავუშვა. ტერიტორიულად ყველაზე ახლო სკოლაში უნდა მივიყვანო. საქმეთა მმართველთან არ მიშვებენ: ორ საათამდე შეხვედრა არ შეიძლებაო. მსგავსი ბარიერები ნერვებს მიშლის, მაგრამ მდგომარეობიდან არ გამოვყავარ, და მაინც ვახერხებ შესვლას, უფრო სწორად შეპარვას, და ხუთ წუთში მასთან ვარ კაბინეტში. ჩემი მისვლის მიზეზს ვუყვები. სკამის საზურგეს მყარად ეყრდნობა, სათვალეს იხსნის და გაოცებული სახით მეუბნება, რამხელა პასუხისმგებლობა აგიღიაო. წამოდი, დირექტორს შეგახვედრებო. ვხვდები დირექტორს და, რადგანაც ამ სკოლაში გადავწყვიტე ბავშვების მოყვანა, დაწვრილებით ვყვები:

„22 სექტემბერს, ღამით, სოციალურმა აგენტმა დამირეკა და მითხრა: ოთხი ბავშვი გადაუდებელ განთავსებას საჭიროებს, არავინ იღებს სახლში, მიუსაფრები არიან, ქუჩაში აიყვანეს, ახლა საგურამოში უნდა გადაიყვანონ, ბავშვთა სახლში მიჰყავთ და შეგიძლიათ მიიღოთო? არაფერი მიკითხავს, ვუთხარი, ბავშვთა სახლში არ წაეყვანათ. მომიყვანეთ, ველოდები-მეთქი. ასე მივიღე ოთხი ბავშვი: და-ძმანი - 12, 10, 9 და 4 წლისა. ახლა სკოლის საკითხი უნდა მოვაგვარო. უფროსს ხუთი კლასი აქვს დამთავრებული, მარის და გოჩას მეორე კლასში უვლიათ, მაგრამ არ დაუმთავრებიათ, დიდები არიან უკვე მეორე კლასისთვის.“

მარტო ჩარიცხვა არაა პრობლემა, ინტეგრაცია და მათდამი დამოკიდებულებაც უნდა გავითვალისწინო და ამიტომ დირექტორს ყველაფერს დაწვრილებით ვუყვები. დირექტორი თანახმაა, მაგრამ მთხოვა დავაზუსტო, სად და რომელ სკოლაში დადიოდნენ ბავშვები. ვწერ განცხადებას. როგორც „მინდობით აღმზრდელი მშობელი“, მივდივარ ბავშვების მიერ დასახელებულ სკოლებში, მაგრამ ერთ დღეში დაზუსტებას ვეღარ ვასწრებ, სკოლაში უკვე აღარავინ არის.

ვაგრძელებ ჩემს საქმეს: მაღაზიაში შერბენა, პროდუქტების ყიდვა (დარწმუნებული ვარ, შინ პურიც აღარ იქნება - დღეში ხუთი პურიც არ გვყოფნის) და სახლში დაბრუნება.

დღე ჩვეულ რიტმში გრძელდება, მაგრამ ყველა ხვალინდელი დღის მოლოდინშია. ხვალ ჩემი უფროსი შვილის, თეკოს დაბადების დღეა. ყველას ერთი აინტერესებს: ტორტი ხომ იქნება?

4 ოქტომბერი, სამშაბათი
დილა ყველასთვის ადრე იწყება: დღეს დაბადების დღისთვის ვემზადებით! პატარებიც კი ფუსფუსებენ: საგულდაგულოდ ალაგებენ სახლს (ეს ერთი საქმე მომშორდა დღეს), მე სამზარეულოში მეგრულ კერძებს ვამზადებ. ბავშვებს სტუმრებიც და ტორტიც ერთნაირად აინტერესებთ. იციან, რომ სანდრაც მოვა თავის პატარა ძმასთან, დედასთან და მამასთან ერთად. ალექსანდრა ჰქვია, მაგრამ სანდრას ვეძახით, წლის და ორი თვისაა, ძმა, კოტიკო, ჯერ ორი თვისაც არაა. ჩემი „არაპირდაპირი“ შვილიშვილები არიან. მათ დედას მართა ჰქვია...

მართა ჩემი გერია (ვერ ვიტან ამ სიტყვას, ისევე, როგორც მართა ვერ იტანს სიტყვა „დედინაცვალს“). მართა წვიჟბა, რომელიც ომამდე ჩემთან ხშირად ჩამოდიოდა. ომის შემდეგ კვალი დავკარგეთ, ვეძებდით და 15 წლის მერე „სკაიპით“ ვიპოვეთ. მოსკოვში აღმოჩნდა. თბილისში დავპატიჟეთ და ჩამოვიდა. იმ დღიდან და-ძმას კონტაქტი არ გაუწყვეტია. მართა მოსკოვში გათხოვდა ქართველზე, მაგრამ თბილისში გადაწყვიტეს ცხოვრება. ასე, რომ დღეს მთელი შემადგენლობით ველოდებით მეგრულ კუჭმაჭზე, ღომზე და სულუგუნზე.

ტორტიც მოვა: ჩემი დისშვილები ამოიტანენ.

ხუთ საათზე სტუმრად სანდრა მოგვადგა ქართულ კაბაში გამოპრანჭული, ჩემებიც კარგად გამოიპრანჭნენ. უკვე კაი ხმაური დადგა!

მალე ტორტიც მოვიდა და 21 სანთელი, იუბილართან ერთად, ხუთმა ბავშვმა ჩააქრო. ძალიან სასაცილო იყო: ტორტის ირგვლივ წრე ისე შეიკრა, ადგილი აღარ იყო.

ღამის 11 საათზე სტუმრები დაიშალნენ, თეკომ ჩააცილა მანქანამდე და, მობრუნებულმა, ამბავი მოგვიტანა: მანქანის გვერდითა სარკეები ვიღაცას მოუხსნიაო. დღე ამ ფაქტმა დამიგვირგვინა.

5 ოქტომბერი, ოთხშაბათი
დღეს ჩემი მეორე შვილი, გიორგი, ჩამოვიდა კახეთიდან, ძალიან უყვართ გიორგიც. პატარა სოფო ყველაზე მეტს ელაპარაკება. არ ასვენებენ: პატარებს უნდათ, ბრეიკ-დანსის ცეკვა ისწავლონ.
დღე ჩვეულ რიტმში ჯდება, უფროსებს ყურადღება ისევ სამზარეულოსკენ აქვთ: საჭმელი, სასუსნავი, რომელიც მუდმივად არის მაგიდაზე ან მაცივარში. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ვერ გადაეჩვივნენ ქურდულად მოპარვას. ვუხსნი, რომ ეს არაა საჭირო, თავისუფლად შეუძლიათ, რაც უნდათ, აიღონ და ჭამონ იმდენი, რამდენიც უნდათ. არ მიკვირს: ბავშვთა კოლონიაშიც მქონია მსგავსი შემთხვევები, განსაკუთრებით - ბავშვთა სახლებიდან მოსულ მოზარდებში. მათ მუდმივად შიმშილის შიში ჰქონდათ და დანაყრებას ვერ გრძნობდნენ. ჯერჯერობით ასეა აქაც. ალბათ, ამ მდგომარეობიდანაც გამოვალთ.

6 ოქტომბერი, ხუთშაბათი
ჯერ კიდევ სკოლის საკითხი მაწუხებს, უნდა მოვამზადო ტანსაცმელ-ფეხსაცმლიანად, წიგნებით და სხვა საჭირო საგნებით. სკოლაში მივდივარ, მაინტერესებს, რა შესაძლებლობები აქვთ, აქვთ თუ არა სახელმძღვანელოები. ნაწილობრივ დახმარებას დამპირდნენ.

სახლში ერთ ოთახი მინდა მოვუწყო - დავუდგა საწერი მაგიდა, კარადა, ორიარუსიანი საწოლები. მოკლედ, პირობების შექმნაზე ჯერ კიდევ მაქვს საფიქრალი.

7 ოქტომბერი, პარასკევი
ფინანსები მეწურება. დედაჩემს ვურეკავ და ვთხოვ, თხილი ჩააბაროს. ფასი დაცემულიაო. არ მაინტერესებს, რაც არის - არის-მეთქი. მე ბავშვებისთვის მჭირდება. დამთანხმდა, მიგზავნის.
იმდენად ჩავერთე ამ ბავშვებზე ფიქრში და პრობლემებში, რომ საინფორმაციო გვერდებსაც ვეღარ ვათვალიერებ ინტერნეტში. თურმე, სარკოზი ჩამოსულა, ასაფრენ ბილიკზე მოვკარი თვალი.

ბავშვები კი არიან თავისთვის, ლაღად: ხან კომპიუტერთან, ხან ტელევიზორთან, არც ერთი სერიალი არ გამორჩებათ. წასაკითხად მიცემული წიგნები კი არიან თავისთვის: „მერი პოპინსიც“, „კარლსონიც“ და „ჰარი პოტერიც“. მხოლოდ სერიალები და კომპიუტერული თამაშები...

8 ოქტომბერი, შაბათი
დილით დედაჩემმა დამირეკა. გამახარა - ფული გამოუგზავნია. ერთი საფიქრალი მომეხსნა!

სოციალურ აგენტსაც ველოდებით. რამდენიმე დღის წინ დამირეკა. შევხვდი. ეს ბავშვები, სავარაუდოდ, გრძელვადიან პროგრამაში, ანუ 18 წლამდე „მინდობით აღზრდაში“ დარჩებიანო. ასე რომ, მე, ნინო, მარი, გოჩა და სოფო ძალიან დიდხანს ვიქნებით ერთად და გოჩას აუხდება სურვილი თუ ჩანაფიქრი: ახალ წლებს აქ შევხვდები და დაბადების დღეებს აქ გადავიხდიო. და, რაც მთავარია, გოჩა უკვე აღარ ბოდავს და ძილში აღარ ყვირის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG