Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკოს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს


უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იულია ტიმოშენკოს, შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს ძალაუფლების გადამეტებაში 2009 წელს რუსეთიდან გაზის იმპორტზე კონტრაქტის გაფორმებით. მოსამართლე როდიონ კირეევის განცხადებით: „სასამართლომ იულია ვოლოდიმიროვნა ტიმოშენკო დამნაშავედ ცნო უკრაინის სისხლის სამართლის 365-ე მუხლის მე-3 პუნქტით - მიუსაჯა შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოართვა უფლება ეკავოს პოსტი სამთავრობო სტრუქტურებში და სამი წლის განმავლობაში ეწეოდეს ორგანიზაციულ, მმართველობით, ადმინისტრაციულ და ეკონომიკურ საქმიანობას.“ მოსამართლე კირეევის განმარტებით, რუსეთიდან გაზის იმპორტის შესახებ ათწლიანი კონტრაქტის გაფორმებას მძიმე ზარალი მოჰყვა უკრაინისათვის და ტიმოშენკოს ევალება, თითქმის 190 მილიონი დოლარის ზარალი აუნაზღაუროს ენერგოკომპანია „ნაფტოგაზს“. ტიმოშენკო უარყოფს ბრალდებებს და სასამართლო პროცესს მიიჩნევს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკურ ანგარიშსწორებად. იგი აცხადებს, რომ განაჩენს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს. თუმცა დღესვე ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ ეს განაჩენი „საბოლოო არ არის“, ვინაიდან ტიმოშენკოს საშუალება აქვს სააპელაციო სასამართლოს მიმართოს. იანუკოვიჩმა ასევე მიანიშნა საკანონმდებლო ცვლილებების შესაძლებლობაზე, რომლითაც ტიმოშენკოს ბრალდების „დეკრიმინალიზაცია“ მოხდება და ის ადმინისტრაციულ საქმედ გადაიქცევა. ევროკავშირი უკრაინის მთავრობას მოუწოდებს, ნებისმიერი გასაჩივრების შემთხვევაში პროცესი მიუკერძოებლად წარმართოს.
XS
SM
MD
LG