Accessibility links

არასამთავრობო ორგანიზაცია ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი”, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველებისა და მცენარეების გარემოდან ამოღების ახალი წესებისა და პროცედურების დამტკიცების შემთხვევაში, სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. საქმე ეხება საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების კანონპროექტს, რომელიც ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვებას ითვალისწინებს.

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” თანახმად, ის ცვლილებები, რომლებიც კანონპროექტში ჩაიწერა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მეოთხე პუნქტს. კანონპროექტი გარკვეულ შემთხვევებში ნებადართულად აცხადებს იშვიათ სახეობათა მოპოვებას კომერციული გზით და დაცულ ლანდშაფტებში უშვებს თევზჭერას, ნადირობასა და სამონადირეო მეურნეობების მოწყობას. ამგვარი მიდგომით კი, გარემოს დამცველების თანახმად, ”საქართველოს ტყის კოდექსში” და საქართველოს კანონში ”წითელი ნუსხისა” და ”წითელი წიგნის” შესახებ შესატანი ცვლილებები გააუარესებს არსებულ არასახარბიელო ვითარებას. ანუ ეროვნული პარკები, რომლებსაც ქვეყნის მასშტაბით ისედაც მცირე ფართობი უკავიათ, პრაქტიკულად დაკარგავენ ველური ბუნების რეზერვუარის ფუნქციას და მოისპობა მცირერიცხოვანი სახეობების გამრავლებისა და ბუნებაში შენარჩუნების თეორიული შანსებიც კი.

”კანონმდებლობა რომ დასახვეწი იყო, ამაზე არავინ არ დავობს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, „წითელ წიგნში“ შეტანილ სახეობებზე, ისედაც გადაშენების წინაშე მყოფ მცენარეებსა და ცხოველებზე გამოცხადდეს კომერციული მიზნით მათი გამოყენება, ნადირობა ეროვნულ პარკებში და დაცულ ტერიტორიებზე. ასეთი რაღაცა არსად არ ხდება.”

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე იმედოვნებს, რომ პროექტი ამ სახით საქართველოს პარლამენტში მხარდაჭერას ვერ პოვებს. თავის მხრივ, არც საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ბობოხიძე გამორიცხავს კანონპროექტის ნორმების შეცვლას. იგი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვავოთ ორი რამ: შეიძლება თუ არა ზოგადად „წითელ წიგნში“ შეტანილ ცხოველებზე ნადირობა და, თუ შეიძლება, სად. აკაკი ბობოხიძის პირადი მოსაზრებით, „წითელ წიგნში“ შეტანილ ცხოველებზე ნადირობა შეიძლება, მაგრამ არა ყველგან - პირველ რიგში კი, არა დაცულ ტერიტორიებზე:

”მიმაჩნია, რომ დაცულ ტერიტორიებზე შეზღუდული უნდა იყოს ნადირობა იმიტომ, რომ დაცული ტერიტორია თავის თავში გულისხმობს ბევრი რამისგან დაცვას და, მათ შორის, ნადირობისგან დაცვასაც, როგორც ფლორის დაცვას, ასევე ფაუნის დაცვას. კანონპროექტით, დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა შეიძლება, მაგრამ კანონპროექტი იმიტომა კანონპროექტი, რომ ის ჯერ კიდევ არ არის კანონი და ვნახოთ, როგორი სახით მივიღებთ.”

კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები საქართველოს პარლამენტში დაწყებულია. 13 ოქტომბერს გაიმართება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა. პარლამენტში მისვლას არ გეგმავს „მწვანეთა“ პარტიის თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე, რომელიც დაბეჯითებით აცხადებს, რომ „წითელ წიგნში“ შეტანილ ცხოველზე ნადირობა ერთნაირად უნდა იკრძალებოდეს როგორც დაცულ ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ:

”მე ჩამოგითვლით იმ ცხოველების გარკვეულ ნაწილს, რომელზეც შეიძლება ნადირობა დაუშვან. ეს არის აფთარი, კავკასიური ჯიხვი, ფოცხვერი, კეთილშობილი ირემი, არჩვი, ნიამორი, ჯიქი და კიდევ მრავალი სხვა. ამავე დროს, ბექობის არწივი, კავკასიური ღოჭო, ეს უიშვიათესი აბორიგენული ცხოველები არიან. ბუნებრივია, ალბათ, გადაშენების პირას მისულ ამფიბიებზე, ანუ თევზებზეც, იქნება დაშვებული. ეს არის კალმახი, ატლანტიკური ზუთხი და კოლხური ზუთხი. ეს არის ჩვენი სახეობები, რომლებიც განსაკუთრებული ღირებულებებით გამოირჩევა და არის გადაშენების პირას.“

მოქმედი კანონმდებლობით, წითელ წიგნში შესულ ცხოველებზე ნადირობა აკრძალულია და ცალკეულ შემთხვევაში იგი სისხლის სამართლის დანაშაულადაც კვალიფიცირდება. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი განმარტავს:

”‘წითელ ნუსხაში’ შეიძლება არ იყოს შესული სახეობა და მაინც აკრძალული იყოს იმაზე ნადირობა, თუ არ არის ეს სახეობა შეტანილი სანადირო სახეობათა ნუსხაში. გარდა ამის, აკრძალულია დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა, გარდა ერთი-ორი გამონაკლისი შემთხვევისა, გარდა აღკვეთილებისა. მაგალითად, ბულბული არ არის შეტანილი „წითელ ნუსხაში“. ცოტაა, არ არი, მაგრამ გადაშენების საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, ამავე დროს, არც ნადირობაა დაშვებული. სხვადასხვა ჯარიმებია სახეობების მიხედვით - ზოგზე მეტი, ზოგზე ნაკლები. „წითელი ნუსხის“ სახეობებზე ჯარიმა მეტია.“

ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, არსებული კანონმდებლობა კარგი არ არის, მაგრამ შემოთავაზებული ცვლილებები ნაკლოვანებებს ვერ ასწორებს და გარკვეულწილად ამძიმებს კიდეც მათ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG