Accessibility links

ეკა ბესელიას თქმით, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური ანგარიშსწორებაა


ბიძინა ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ დღეს განცხადებით უპასუხა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის გუშინდელ განმარტებას, რომელიც ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას შეეხებოდა. ბესელიას მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა პირდაპირ კავშირშია მის მიერ 7 ოქტომბერს გავრცელებულ კრიტიკულ განცხადებასთან და შესაბამისად წარმოადგენს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და არა სამართლებრივ აქტს. ბესელია ვაშაძეს შეახსენებს, რომ საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილებას სააგენტოს წარდგენის საფუძველზე პრეზიდენტი იღებს ბრძანებულებით, ან განკარგულების ფორმით. ეკა ბესელია ასევე აღნიშნავს, რომ 7 ოქტომბრის მიმართვაში ბიძინა ივანიშვილი ნათლად აცხადებს, რომ უარს ამბობს საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობაზე და მზად არის ჩააბაროს პასპორტები შესაბამისი პროცედურით. ბიზნესმენის პირადი ადვოკატი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადების შემდეგ რაიმე პროცედურის დაწყება, მით უმეტეს მოქალაქეობის შეწყვეტა ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის გარეშე და მისგან დამოუკიდებლად დაუშვებელი და უკანონო იყო. ბესელიას განცხადებითვე, ამ დრომდე ივანიშვილს არ ჩაბარებია არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე. ადვოკატი კანონის მოთხოვნათა დაცვით მოითხოვს ამ სამართლებრივი აქტის გაცნობასა და ჩაბარებას.
XS
SM
MD
LG