Accessibility links

”რეზონანსი” წერს, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება დაკავებული სამი ქართველის ”ქართული მხარისთვის გადაცემის საკითხს ხვალ, პარასკევს, გადაწყვეტს”. გაზეთისთვის ”ცხინვალელ ჩინოვნიკს” უთქვამს: ”მათი გაშვება მალევე მოხდება, მაგრამ მესამე დაკავებული, რომელიც თბილისელია, დაკითხვისას უცნაურად იქცევა და შეკითხვებს არ პასუხობს, საქმეს ართულებს”. დაკავებულთაგან ორი სოფელ ოძისიდან არის.

”რეზონანსიც” და სხვა გაზეთებიც წერენ ბიძინა ივანიშვილზე - მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, მის მეორე ღია წერილზე, მასთან პოლიტიკოსთა შეხვედრებზე. ”რეზონანსში” რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილთან ინტერვიუ ქვეყნდება. ამავე გაზეთის ფურცლებიდან იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი ბიძინა ივანიშვილს ურჩევს, პრეზიდენტს არა მოქალაქეობის აღდგენის, არამედ მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით მიმართოს, რადგან ”მოქალაქეობის აღდგენის უფლება იმ პირებს აქვთ, ვინც ის ნებაყოფლობით დათმო, ან მართლზომიერად ჩამოერთვა”.

”სუყველაფერს გავანებებ თავს და მაგას შევჭამ!.. დიახ, ყველაფერს გავანებებ თავს, მათ შორის, პოლიტიკასაც და მაგას შევახრამუნებ, მე თქვენ მაგას გეუბნებით!” - ემუქრება ბიძინა ივანიშვილს ლეიბორისტთა ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელთან ინტერვიუც ”ალიაში” ქვეყნდება.

”ალიაშივე” წაიკითხავთ ინტერვიუს ეროსი კიწმარიშვილთან. ის ამბობს: ”ცუდი მოლოდინი მაქვს, რომ შეიძლება ბიძინა სააკაშვილმა აიძულოს საქართველოდან წავიდეს. პროცესი დაჩქარებით წავა. რეჟიმის კრიზისი დაიწყო, რომლის ხსნა სააკაშვილისთვის არის ერთ რამეში - რაც შეიძლება აგრესიულად გაანადგუროს ივანიშვილის მცდელობა შექმნას წარმონაქმნი, დაანგრიოს ის და დანიშნოს არჩევნები.”

”საქართველოს რესპუბლიკაში” სტატია ქვეყნდება სათაურით - ”ივანიშვილი - დღევანდელი რეჟიმი 2:0”. ავტორი წერს: ”რეჟიმმა, ასე ვთქვათ, ”კბილი მოუსინჯა” როგორც ივანიშვილის გუნდის ოპერატიულობას და ემოციურობას, ასევე მიიღო მოსახლეობის განწყობის გარკვეული სურათი. მათ კარგად იცოდნენ, რომ ამ ქმედებას ბევრი არაფერი შედეგი არ მოჰყვებოდა და სწორედ ამიტომ ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი ყველაზე დაბალი რგოლის, საჯარო რეესტრის ხელით ”გაათამაშეს””.

”ახალი თაობის” ავტორი წერს: ”მის ”ქართულ ოცნებაში” არ არის ქართველებისთვის საოცნებო დემოკრატია. და თუ წერილს გადავავლებთ თვალს, კითხვა - რატომ არ არის? აღარ იქნება. არ იქნება იმიტომ, რომ მილიარდერი ბიზნესმენი ვერ იტანს კრიტიკას და ვერც განსხვავებულ აზრს. დარწმუნებულია, რომ ზუსტად იცის რა სჭირდება ქვეყანას და როგორ უნდა გააკეთოს”. ამავე სტატიაში წაიკითხავთ: ”კონფორმიზმით დაავადებული საზოგადოება ვერ გამიგებსო. სააკაშვილმაც ასე დაიწყო, წითელი ინტელიგენცია ვერ გამიგებსო და მერე გადავიდა ჩარეცხილებსა და აგენტებზე. ივანიშვილმა უფრო იჩქარა უფლებების შელახვის კუთხით. ყოფილი თანამშრომელი გიგა ჩრდილელი სპეცსამსახურების აგენტად გამოაცხადა. ხელაღებით დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია. საშვილიშვილოდ მოსცხო ჩირქი. წავიდეს ახლა და ამტკიცოს ჩრდილელმა, აგენტი არ ვარო.”

”24 საათიც” წერს ბიძინა ივანიშვილის მორიგ წერილზე. სტატიის სათაურია: ”დაპირისპირების გზით - ხელისუფლებისკენ”. ტექსტში ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერ დავით გამყრელიძის მოსაზრებასაც გაეცნობით. ის ამბობს: ”მან თავისი ფავორიტები ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც გამოკვეთა და ვუსურვებ წარმატებას მათთან ერთად პოლიტიკურ მოღვაწეობაში. ერთი კია, რომ ეს ადამიანი ზუსტად იმ პრინციპით მოქმედებს, რა პრინციპითაც ხელისუფლება - ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია. ეს ცნობილი ბოლშევიკური მიდგომაა.”

”24 საათი” ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელთა ვიზიტზე წერს ვრცლად სტატიაში - ”საარჩევნო კანონმდებლობა - ევროსაბჭოს დაკვირვების ობიექტი”. ამავე გაზეთში გაეცნობით შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მორიგ სტატისტიკას დანაშაულისა და დანაშაულის გახსნის მაჩვენებლების შემცირების შესახებ.
XS
SM
MD
LG