Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქართველო დასავლეთში“: ატლანტიკური საბჭოს ანგარიში


ვაშინგტონში განთავსებულმა გავლენიანმა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ „ატლანტიკურმა საბჭომ“ 13 ოქტომბერს საქართველოს შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით „ ‘საქართველო დასავლეთში’ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმართული პოლიტიკის გზამკვლევი“. 1961-1962 წლებში დაარსებული ორგანიზაცია, რომელიც თავის მიზნად ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობას ასახელებს, იმედოვნებს, რომ ეს ანგარიში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოსა და მისი მომავლის შესახებ მიმდინარე დისკუსიაში.

ატლანტიკური საბჭოს ანგარიში ეყრდნობა მასალას, რომელიც საბჭოს საქართველოზე მომუშავე ჯგუფმა კვლევის შედეგად მოიპოვა. 2010 წელს შექმნილი ეს ჯგუფი, რომელიც როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს აერთიანებს, თავის მთავარ მიზნად ასახელებს როგორც საქართველოს მიმართ დასავლეთის მიერ გატარებული პოლიტიკის ანალიზს, ასევე საქართველოს დემოკრატიზაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის რეკომენდაციების შემუშავებას.

კვლევის შედეგები

ამ ჯგუფის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგად გამოტანილი დასკვნები ანგარიშის ტექსტში ცალკეა გამოყოფილი. კერძოდ, ტექსტში ვკითხულობთ:

  • ხედვა, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილია, საქართველოს საზოგადოების ყველა ფენაში მნიშვნელოვანი მხარდაჭერით სარგებლობს.
  • გატარებულმა რეფორმებმა მნიშვნელოვნად შეამცირა კორუფცია და გააძლიერა ეკონომიკური მაჩვენებლები, თუმცა, ამავე დროს, მათ ხელისუფლების ცენტრალიზაციაც მოჰყვა.
  • პოლიტიკურ და ეკონომიკურ წრეებში დაუცველობის განცდა დომინანტურად რჩება.
  • აშშ-ის მიერ გატარებულ პოლიტიკას და რიტორიკას საქართველოში დიდი დატვირთვა აქვს.
  • გავრცელებულია აღქმა, რომ ევროპა არასაკმარის შეტყობინებებს, სტრატეგიას და ხედვას ავლენს.

იქვე ვკითხულობთ, რომ მკვლევართა ჯგუფმა საქართველოში შეშფოთების აღმძრავი სიმპტომებიც შენიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნების, რეფორმების ტემპისა და დასუსტებული სამოქალაქო საზოგადოების თვალსაზრისით. საერთაშორისო პოლიტიკის მთავარ საკითხებს შორის ჯგუფი სამს გამოყოფს - ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცესის მიმართ საქართველოს პასუხს, ოკუპაციის მიმართ გატარებულ პოლიტიკას და საქართველოსთან თავდაცვის სფეროში არსებულ კავშირებს.

ჯგუფის დასკვნით, ის, თუ რამდენად ახდენს საქართველო დემოკრატიის კონსოლიდაციას, რამდენიმე ფაქტორის შედეგად გამოჩნდება - ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ საარჩევნო კოდექსზე შეთანხმებით, დამოუკიდებელი მედიის სიცოცხლისუნარიანობით, ოპოზიციური პარტიებისთვის თვითდაფინანსების საშუალების მიცემით და სასამართლო რეფორმის ახალ ფაზაში გადაყვანით. ჯგუფი თვლის, რომ ყველა ეს საკითხი ერთგვარი გამოცდა იქნება საქართველოსთვის 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისკენ მიმავალ გზაზე.

მთავარი თემები

ეს, რაც შეეხებოდა საქართველოზე მომუშავე ანალიტიკური ჯგუფის უშუალო დასკვნებს, რომლებიც, როგორც ვთქვით, საკუთრივ ანგარიშის ტექსტში განვრცობილი ფორმით წარმოგვიდგება. კერძოდ, ტექსტში ვკითხულობთ:

„დემოკრატიული, სტაბილური და კეთილდღეობაში მცხოვრები საქართველო ძლიერი და საჩვენებელი წარმატების მაგალითი იქნება ევროპის აღმოსავლეთში აშშ-ისა და ევროპის ჩართულობის პოლიტიკისთვის. იმისათვის, რომ საქართველომ ამ უმნიშვნელოვანეს გარდამავალ პერიოდში ძალიან საჭირო რეფორმები გაატაროს, აშშ-ისა და ევროპის მხრიდან ხელმძღვანელობა აუცილებელია. მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ აშშ-სა და ევროპის ლიდერებს, უკეთეს შემთხვევაში, ბუნდოვანი პოზიცია აქვთ, უარეს შემთხვევაში კი ვერ თანხმდებიან საბოლოო ანგარიშით რისი შეთავაზება შეუძლიათ დემოკრატიული საქართველოსთვის.“

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ თავის დროზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართ გატარებული პოლიტიკა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო და მყარ პერსპექტივას ითვალისწინებდა, რაც რეფორმების გატარებას მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს. საქართველოსთვის კი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება არც უახლოესი მომავლის საქმეა და არც გარანტირებული, მიუხედავად ნატოს ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმებისა, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ აშშ-მა და ევროპამ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების წახალისების მიზნთ მკაფიო გზამკვლევი უნდა შეიმუშაონ, რომელშიც გათვალისწინებული იქნება პირობები, ეტაპები და შუალედური წინსვლა და მოგება. ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ საამისოდ აშშ-მა და ევროკავშირმა ჩართულობისთვის უკვე არსებული საშუალებებიც უნდა გამოიყენონ - მათ შორის ნატო-საქართველოს კომისია, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამა და აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია.

„საქართველოს მიმართ აშშ-ის მიერ გატარებული წარმატებული ჩართულობის პოლიტიკა არ შეიძლება წარმოადგენდეს აშშ-ის მხრიდან რუსეთის მიმართ გატარებული პოლიტიკის ფუნქციას“, - წერენ ანგარიშის ავტორები და იქვე აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ საქართველოს მხარდაჭერა ამ ქვეყნის ტერიროტიული სუვერენიტეტის გასაძლიერებლად გატარებული დამატებითი ზომებით უნდა გაამყაროს. „პირველ რიგში, აშშ-მა რუსეთს კვლავაც მკაფიოდ უნდა განუმარტოს, რომ მისთვის მიუღებელია რუსეთის მხრიდან საზავო ხელშეკრულების დარღვევა და ის არ დაუშვებს, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები არსებულ სტატუს-კვოსთან შერიგებით წახალისდეს. აშშ-მა დიპლომატიური შეტევა უნდა აწარმოოს იმის ხაზგასასმელად, რომ არ დაუშვებს დამკვიდრდეს პრეცედენტი, თითქოს მეზობლის მიმართ აგრესია და საზავო ხელშეკრულების დარღვევა, ისევე როგორც საზავო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო წარმომადგენლობათა დაუშვებლობა მისაღები საერთაშორისო ქცევაა.“

რეკომენდაციები

ანგარიშში ცალ-ცალკე პუნქტებად არის გამოყოფილი რეკომენდაციები როგორც აშშ-ისა და ევროკავშირის, ისე საქართველოს მიმართ.

იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს განვითარებას პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ანგარიშის ავტორები აშშ-ს ურჩევენ:

  • უცხოური დახმარების ძირითად სამიზნედ დემოკრატიის მხარდაჭერა აქციოს. „საარჩევნო პერიოდში აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა რეაგირება უნდა მოახდინონ ნებისმიერ სიმპტომზე, რომელიც ადმინისტრაციული რესურსებით სარგებლობასა ან ოპოზიციის აქტივობების მიკერძოებულ შეზღუდვაზე მიანიშნებს“. ამასთან, აშშ-მა მკაფიოდ უნდა წარმოაჩინოს, რაოდენ მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმა და ხელი უნდა შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის განვითარებას.
  • დაიცვას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ანგარიშის ავტორების აზრით, აშშ საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარების პროცესს მხარს იმითაც დაუჭერს, თუ ამ ქვეყანაში არსებულ დაუცველობის განცდას მიაქცევს ყურადღებას. ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პროცესში და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის „მცოცავი ანექსიისთვის“ წინააღმდეგობის გაწევისას, ანგარიშის ავტორების აზრით, აშშ-სთვის ხელსაყრელი ნაბიჯები იქნება: (1) ოკუპაციის გამო რუსეთისთვის პასუხის მოთხოვნა; (2) ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო ძალების შეყვანის წინადადებით გამოსვლა და (3) ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხთან მიმართებით საქართველოს პრეტენზიების გათვალისწინება.
  • გააღრმავოს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. ამისათვის, ანგარიშის ავტორების აზრით, აშშ-მა (1) მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს მისწრაფებას ნატოში; (2) გააძლიეროს საქართველოში აშშ-ის საწვრთნელი სამხედრო წარმომადგენლობა; (3) მოახდინოს სამხედრო სტრუქტურებს შორის კავშირების ნორმალიზება - თავდაცვითი შეიარაღების გაყიდვის აღდგენის ჩათვლით - და (4) შეუერთდეს ადგილზე მოქმედ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას.
  • მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. საამისოდ, ანგარიშის ავტორების აზრით, (1) ხელი უნდა შეეწყოს დასავლურ ინვესტიციებს, რისთვისაც აშშ-ის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს მკაფიოდ უნდა მიანიშნონ, რომ ინვესტორებთან გადასახადების თაობაზე უთანხმოებები და კერძო საკუთრებაზე არამკაფიო უფლებები ხელშემშლელ ფაქტორებს წარმოადგენს; (2) მხარდაჭერა უნდა აღმოეჩინოს სამუშაო ადგილების შექმნას, მათ შორის დონორი ორგანიზაციების მიერ სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების გზით; (3) დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე და (4) მხარდაჭერა აღმოეჩინოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროექტებს, რომლებიც აძლიერებს კონტაქტებს საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მდებარე მხარეებს შორის.

აშშ-ის გარდა, როგორც ვთქვით, ანგარიში რეკომენდაციებით ევროკავშირსაც მიმართავს. „აშშ-ის მხრიდან ინიციატივას საქართველოს წარმატებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა საქართველოს მომავალი, საბოლოოდ, მაინც ევროპაშია“, - ვკითხულობთ ტექსტში. ანგარიშის ავტორებს მიაჩნიათ, რომ ევროკავშირი საკმარისად ეფექტიანად არ იყენებს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამას; რომ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები ყველაზე მეტ ყურადღებას ახლო მეზობლებს უთმობენ - მოლდავეთს, უკრაინას და ბელორუსიას, იმის მიუხედავად, რომ საქართველო ამ ქვეყნებს ბევრი თვალსაზრისით უსწრებს. ანგარიშის ავტორების თანახმად, ევროკავშირის მხრიდან უფრო აქტიური პოლიტიკა, რომელიც მკაფიო წამახალისებელ ზომებს მოიცავს, მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენდა საქართველოს შიდა ტრანსფორმაციაზე. კონკრეტულად, ევროკავშირის მიმართ რეკომენდაციები შემდეგ ასპექტებს მოიცავს:

  • ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის გაძლიერება საქართველოს შიდა რეფორმების მხარდასაჭერად - მათ შორის, სავიზო რეჟიმის მოხსნაზე ორიენტირებული გზამკვლევის შემუშავება, საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების დახმარების სახით და აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის წარმართვა რუსეთის მიმართ გატარებული პოლიტიკისგან დამოუკიდებლად - იმის ხაზგასმით, რომ პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს უფლება აქვთ თავად აირჩიონ პოლიტიკური მომავალი და მოახდინონ ინტეგრაცია ევროკავშირის ინსტიტუტებში.
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა - მათ შორის, საზავო ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო რუსეთზე ზეწოლის მოხდენით, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის გაფართოებით და იმის ნათლად წარმოჩენით, თუ როგორ იქნება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლების მიმართ გატარებული პოლიტიკა.
  • ევროპასთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკების დაწყებით და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებით.

დაბოლოს, მოკლედ იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც, ანგარიშის ავტორების აზრით, საქართველომ უნდა გადადგას: „საქართველოს მთავრობამ უნდა დაინახოს, რომ დიდი მოლოდინები დიდ პასუხისმგებლობას განაპირობებს. ნატოს ოპერაციებში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი ძალიან საყურადღებოა, მაგრამ, საბოლოო ანგარიშით, ქვეყანა დასავლეთში თავის ადგილს მაინც შიდა ტრანსფორმაციით იმკვიდრებს“, - წერენ ავტორები და დასძენენ: „დღესდღეობით საქართველო დემოკრატიის მაჩვენებლებით ჩამორჩება ბალტიისპირეთის ქვეყნების, რუმინეთის და ბულგარეთის მაჩვენებლებს იმ ეტაპზე, როცა მათ ნატოს წევრობას მიაღწიეს“. ანგარიშის ავტორების თანახმად, რაც უნდა მნიშვნელოვანი იყოს აშშ-ის მხარდაჭერა, ნატოში და, მით უმეტეს, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარი მაინც თავად საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები იქნება. „ევროკავშირისგან უფრო მეტი ყურადღების მოპოვებისთვის საქართველომ საკუთარი თავი ევროკავშირელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილად უნდა აქციოს და ევროკავშირის სტანდარტებთან უფრო მეტი ჰარმონიზაცია მოახდინოს. ასეთივე მნიშვნელოვანი იქნება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ევროპულ ღირებულებათა ერთგულება.“

კიდევ უფრო კონკრეტულად, ანგარიშის ავტორები თვლიან, რომ საქართველოს მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოებამ აუცილებელი შიდაპოლიტიკური ტრანსფორმაციისთვის ერთობლივი ძალებით შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგან:

  • დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება. ამ მიზნის მისაღწევად ავტორები შემდეგ ფაქტორებს გამოყოფენ: პარლამენტის და სასამართლო დამოუკიდებლობის გაძლიერება, დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა, თავისუფალი მედიისა და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მხარდაჭერა.
  • მოკავშირეებთან თანამშრომლობა ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით. ამისათვის, ანგარიშის თანახმად, საქართველომ რამდენიმე დიპლომატიური ნაბიჯი უნდა გადადგას: (1) „აღადგინოს კავშირები ევროპის გავლენიან დედაქალაქებში და სხვა ადგილებში მყოფ პირებთან, რომლებიც გასატარებელ პოლიტიკას შეიმუშავებენ და სკეპტიკურად უყურებენ საქართველოს ლიდერებს, მის რეფორმებს და მის ქმედებებს ომის დროს“; (2) ხელი შეუწყოს რეგიონალურ ინტეგრაციას, ოღონდ საფრთხილო ურთიერთობათა გამჭვირვალედ წარმართვის გზით - ანუ ბელორუსიის, ირანის და ჩრდილო კავკასიის მსგავს რთულ მეზობლებთან ურთიერთობის მხრივ ის ღია უნდა იყოს აშშ-სა და ევროპელ მოკავშირეებთან და უნდა აჩვენოს, რომ უვიზო რეჟიმი არ ზრდის საშიშროებას უსაფრთხოების თვალსაზრისით; (3) მოახდინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მობილიზება სოჭის ოლიმპიური თამაშების ირგვლივ. კერძოდ, ამერიკელ და ევროპელ მოკავშირეებთან იმსჯელოს რუსეთზე ზეწოლის მოხდენის გზებზე, რათა მან აფხაზეთი საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი გახადოს. (4) განავითაროს ჰუმანიტარული კავშირები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთან; (5) მოახდინოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან მიმართებით საკუთარი პოზიციის კოორდინირება დასავლელ მოკავშირეებთან; (6) არ დაუშვას, რომ რუსეთის მიერ მოწყობილი პროვოკაციებით გაძლიერებულმა დაუცველობის განცდამ გამოიწვიოს იმ რეფორმების შეფერხება, რომელიც დემოკრატიულ, კეთილდღეობაში მცხოვრებ და ევროპულ საქართველოს განაპირობებს.
  • ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. ამისათვის, ანგარიშის თანახმად, შემდეგი ნაბიჯებია გადასადგმელი: (1) ენერგეტიკისთვის სატრანზიტო ქვეყნის როლის გაძლიერება; (2) სამუშაო ადგილების შექმნაზე კონცენტრაცია; (3) საინვესტიციო კლიმატის განმტკიცება; (4) სარეგულაციო კლიმატის გაუმჯობესება და ევროპასთან ვაჭრობის ხელშეწყობა. ანგარიშის ავტორების აზრით, საქართველოს ლიდერებმა უნდა უზრუნველყონ ის, რომ საქართველოს შრომის კოდექსი და პრაქტიკა შესაბამისობაში იყოს შრომის საერთშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან. ამასთან, ვაჭრობის შესახებ აშშ-თან წარმოებული მოლაპარაკება ამ თემაზე ევროკავშირთან წარმოებულ მოლაპარაკებასთან კოორდინირებულად უნდა წარიმართოს.

ანგარიშის შემაჯამებელი ნაწილის ბოლოს ვკითხულობთ, რომ ის, თუ როგორ შეძლებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების გადაცემას არჩევნების გზით, მისი დემოკრატიულობის ხარისხის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იქნება. „საქართველოს აქვს საშუალება თავისი ნაბიჯებით შეცვალოს ბრიუსელსა და ვაშინგტონში მიმდინარე დებატები და, ამის შედეგად, ჯერ ნატოს, ბოლოს კი ევროკავშირის გაღებულ კარში შევიდეს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG