Accessibility links

logo-print
რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბულათ თედეევი ცხინვალიდან გაიყვანეს. ეს ინფორმაცია გუშინ დე ფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესმდივნის თამარ ქელეხსაევას თქმით, ედუარდ კოკოითის კეთილი ნებით და ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის თეიმურაზ მამსუროვის ძალისხმევით, ჯამბულათ თედეევის მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად და მისივე უსაფრთხოების მიზნით, მისთვის სპეციალური დერეფანი გაკეთდა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის გაცილებით თედეევი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურ საიტებს არ გაუვრცელებიათ, ამიტომ გაურკვეველი რჩება, ვინ მიიღო რეალურად გადაწყვეტილება თედეევის ცხინვალიდან გაყვანის შესახებ. რამდენიმე დღის წინ თვითონ თედეევი აცხადებდა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და თანამებრძოლებს განსაცდელში არ მიატოვებს. ყველაზე მეტად კოკოითის უნდოდა, რომ თედეევს ცხინვალი დაეტოვებინა, მაგრამ მისი მთავარი ოპონენტი ამის გაკეთებას არ აპირებდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ, დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე, კრემლი პროცესებში ჩაერია. „კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ თედეევმა ცხინვალში ძალები მოსინჯა, მაგრამ მასზე იმდენად დიდი იყო კრემლის ზეგავლენა, რომ დამოუკიდებელი თამაში ვერ ითამაშა და ამით საკუთარი მომხრეებიც კი გაანაწყენა.

„როგორც ჩანს, კრემლმა გადაწყვიტა, რომ პროცესებში ჩაერიოს და განმუხტოს სიტუაცია, ვინაიდან მათ უკვე კარგა ხნით ადრე დააფიქსირეს, რომ მათი კანდიდატი იყო ბიბილოვი. იყო მოსალოდნელი, რომ კრემლი, რომელსაც ასევე დიდი გავლენა აქვს ჯამბულათ თედეევზე, მოახდენდა მასზე ზემოქმედებას. ორი დღის წინ იგი თანამოაზრეებისგან ფარულად მივიდა პროკურატურაში, მისცა ჩვენება და უკან დაბრუნდა სრულიად ხელშეუხებელი, მაშინ როდესაც მასზე საქმე იყო აღძრული. აქედან გამომდინარე, უკვე აღარ იყო გასაკვირი, რომ ის კოკოითის ძალოვანებმა სამხრეთ ოსეთის ფარგლებს გარეთ გააცილეს. იგი, სავარაუდოდ, ვეღარ დაბრუნდება ცხინვალში. ჩემი აზრით, სიტუაცია განიმუხტა, მაგრამ მის მხარდამჭერებში ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია“,– ამბობს ზურაბ ბენდიანიშვილი.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისია კი ოპოზიციის კანდიდატების არდარეგისტრირებას აგრძელებს. რუსეთში მოღვაწე ოს ბიზნესმენს, კომპანია „სტროიპროგრესის“ ხელმძღვანელს ალბერტ ჯუსოევს კომისიამ რეგისტრაციაზე უარი უთხრა და ამის მიზეზად რესპუბლიკაში ცხოვრების 10 წლიანი ცენზის უქონლობა დაასახელა. ჯუსოევი ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. რაც შეეხება სახელისუფლებო კანდიდატებს, ისინი რეგისტრაციას უპრობლემოდ გადიან. ოსი უფლებადამცველი რუსლან მაყაევი მიიჩნევს, რომ სამხრეთ ოსეთში არჩევნები მაინც ჩაიშლება, რადგან კოკოითი ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული. მისი აზრით, ანატოლი ბიბილოვის კანდიდატურაც კი არ არის ბოლომდე შეთანხმებული, რადგან მისი დაბალი რეიტინგი კრემლის იმედგაცრუებას იწვევს. მაყაევი კიდევ ერთ კანდიდატს ასახელებს, რომელსაც კოკოითი მემკვიდრედ მიიჩნევს, მაგრამ მას მოსკოვის მხარდაჭერა არა აქვს. ეს არის ცხინვალის ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე ალან კოტაევი. მაყაევის აზრით, დე ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნები მაინც ჩაიშლება, რადგან იქ გარკვეული არაფერია.

„ფსონს მეტ-ნაკლებად სუსტ პიროვნებაზე დებენ. მაგრამ მასზე შეთანხმება შეიძლება ვერც შედგეს. დიდი ალბათობაა, რომ არჩევნები ჩაიშლება და ის კოკოითის გარეშე ჩატარდება. კოკოითი ხან ერთ, ხან მეორე კანდიდატს ეჭიდება. მე ვფიქრობ, რომ არჩევნები ჩაიშლება. ბიბილოვი ვერ გავა. აი, ახლა ბიბილოვის წინააღმდეგ დაიწყო თამაში (კოკოითიმ), ახლა კოტაევზე დებენ ფსონს, მაგრამ საეჭვოა იგი მოსკოვმა მიიღოს, რადგან საერთოდ გაუნათლებელი ადამიანია. საბოლოოდ ვერავინ არკვევს, ვის მიიჩნევს კოკოითი საკუთარ მემკვიდრედ. მგონია, რომ არჩევნები არ შედგება და კოკოითის ფაქტორი საერთოდ გაქრება. 13 ნოემბრის შემდეგ შესაძლოა ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, ახალი არჩევნები მოითხოვოს და კონსენსუსიც მაშინ მოიძებნოს“, – განაცხადა რუსლან მაყაევმა.

ცხინვალში ადგილობრივმა საზოგადოებამაც და პოლიტიკოსებმაც იციან, რომ მოსკოვის მხარდაჭერით ანატოლი ბიბილოვი სარგებლობს. ამის მიუხედავად, კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენლები საპრეზიდენტო კანდიდატებად მაინც რეგისტრირდებიან - პარლამენტის წევრი და მმართველი პარტიის წარმომადგენელი ვადიმ ცხოვრებოვი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპცდანიშნულების რაზმის მეთაური სოსლან თედეთი, ინფორმაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კაბისოვი, ალან კოტაევი. სავარაუდოდ, 19 ოქტომბრამდე კოკოითის ხელისუფლების კიდევ არაერთი წარმომადგენელი გამოთქვამს პრეზიდენტობის სურვილს. თუ მათ საბოლოოდ არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა და ერთი სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ არ მოხსნეს კანდიდატურა, მაშინ კოკოითის ფავორიტს მოგება გაუჭირდება, რადგან ეს კანდიდატები ხმებს ერთმანეთს გაუყოფენ. რაც შეეხება ოპოზიციას, თედეევმა ცხინვალში ყოფნისას განაცხადა, რომ ერთ დარეგისტრირებულ კანდიდატზე შეთანხმდებიან და მხარს მას დაუჭერენ. ოპოზიციიდან ჯერ მხოლოდ ალა ჯოევა და ალან კოჩიევი დარეგისტრირდნენ, კოჩიევი პარლამენტის დეპუტატის ცემის ბრალდებით არის დაკავებული. დღეს, შუადღისას, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 24 საათიანი დუმილი დაარღვია და ინტერნეტგამოცემა „უასამონგაზე“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ჯამბულათ თედეევი კრემლში მოსალაპარაკებლად დამოუკიდებლად წავიდა და მასზე ზეგავლენა არავის მოუხდენია.
XS
SM
MD
LG