Accessibility links

logo-print
”ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები” - ასე ჰქვია ფილოსოფოს გიორგი მაისურაძის წიგნს, რომლის პრეზენტაცია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გასულ კვირას მოაწყო. კრებულში შესულია ბერლინში მცხოვრები ფილოსოფოსის ის წერილები, რომლებიც სხვადასხვა დროს ჟურნალ ”ცხელ შოკოლადში” დაიბეჭდა - ფაქტობრივად, საქართველოს ისტორიაა 80-იანი წლების მიწურულიდან დღემდე - ფაქტები და ფაქტების ინტერპრეტაცია, ანდა ფილოსოფოსის პირადი დღიური, რომლის ფონი ისტორიაა.

გიორგი მაისურაძე ერთ-ერთი თანამონაწილეა იმ მოვლენებისა, რომელსაც აღწერს თავის წიგნში. ახლა გიორგი ბერლინში ცხოვრობს და მუშაობს და, როგორც მისმა კოლეგამ, გიგა ზედანიამ წიგნის პრეზენტაციაზე აღნიშნა, უკვე დისტანციიდან აკვირდება ყველაფერს, რაც ხდება საქართველოში.

სათაური გულისხმობს იმას, რომ არა ვიღაცამ ჩაგვკეტა, არამედ ჩვენ თვითონ ვიკეტავთ ჩვენს თავს. მისი დარაჯები კი არის ის გარემო, რომელიც არ აძლევს საშუალებას გაიხნას...
თუმცა გიორგი მაისურაძესთან საუბრის დროს ამ რაიმე დისტანციის შეგრძნება ნამდვილად გაგიჭირდებათ. სხვათა შორის, თუკი წიგნი ”ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები”, პირველ რიგში, ფილოსოფოსის და პუბლიცისტის ნააზრევია და შედარებით თავშეკავებულია ემოციებისგან, გიორგი მაისურაძის კიდევ ერთი წიგნი, ”აპოკალიფტური მხეცი”, რომლის პრეზენტაცია ასევე გასულ კვირაში მოეწყო გამომცემლობა ”სიესტას” ოფისში (წიგნი სწორედ ”სიესტამ” გამოსცა), უფრო მწერლის ჩანახატების კრებულს ჰგავს - ეს არის 90-იან წლებში შექმნილი მხატვრული ტექსტების კრებული, როგორც გიორგი ამბობს, ”ექსპერიმენტული ლიტერატურა”.

გიორგის წიგნის, ”ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯების” მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს აბსურდულობა დღემდე გრძელდება. მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტის, სარკოზის ამასწინანდელი ვიზიტი თბილისში წიგნში ნახსენები არ არის, მაგრამ, გიორგის თქმით, ვიზიტის ჩატარების ფორმაც და შინაარსიც იმ სტილში რჩება, რომელიც აირჩია ქართულმა კულტურამ ლამის სტალინის ეპოქაში.

ვამბობთ, რომ ”კულტურამ” აირჩია - საზოგადოებამ თავად აირჩია. წიგნის ავტორი პასუხისმგებლობას სწორედ საზოგადოებას აკისრებს, სწორედ საზოგადოებას მიიჩნევს ჩაკეტილი სისტემის დარაჯად, რადგანაც ჩაკეტილ სისტემაში არსებობა კომფორტულია. გიორგის თქმით:

”სათაური გულისხმობს იმას, რომ არა ვიღაცამ ჩაგვკეტა, არამედ ჩვენ თვითონ ვიკეტავთ ჩვენს თავს. მისი დარაჯები კი არის ის გარემო, რომელიც არ აძლევს საშუალებას გაიხნას. ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ საკუთარი ნებით ვერ გამოვდივართ პროვინციული მდგომარეობიდან. ამ პროვინციალიზმის ნიშანია, რომ ვიღაც დიდი, მესია უნდა მოგვევლინოს.“

წიგნში შედის სტატია სტალინზე. ჩემი თეზა ასეთია: ქართული ნაციონალიზმი, მთელი ჩვენი ეს სტერეოტიპები, ყველაფერი ეს არის საბჭოთა პერიოდის პროდუქტი - დავით აღმაშენებლის კულტი არის უშუალოდ სტალინის მიერ დანერგილი...
გიორგი მაისურაძეს თავის წიგნში ისტორიის მითოლოგიზაციის რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. აქ გიორგი მკითხველის პროვოცირებას მიმართავს და არ ეშინია მისი გაღიზიანების - როცა მითებს გინგრევენ, ცხადია, გამაღიზიანებელია, თუმცა საზოგადოების განვითარება ქართველ ფილოსოფოსს სხვაგვარად ვერ წარმოუდგენია.

”ენა, მამული, სარწმუნოება - ეს ჩვენი, 80-იან წლებში მოგონილი ლოზუნგია, რომელსაც არაფერი საერთო ილია ჭავჭავაძის ნაანდერძევთან არა აქვს. სწორედ ის, რაც მახინჯდება ისტორიაში - მახინჯდება პოლიტიკოსების მიერ, მკვიდრდება როგორც დოგმა”, - ამბობს წიგნის ავტორი.

სტალინს წიგნში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა. როგორც წესი, ავტორი მსჯელობს არა იმდენად ”კომუნისტურ წარსულზე”, რამდენადაც სტალინურ წარსულზე, რაც, თავის მხრივ, გიორგი მაისურაძისთვის შუა საუკუნეებში ქართული კულტურის დაბრუნებას ნიშნავს. გიორგი მაისურაძის თქმით:

„წიგნში შედის სტატია სტალინზე. ჩემი თეზა ასეთია: ქართული ნაციონალიზმი, მთელი ჩვენი ეს სტერეოტიპები, ყველაფერი ეს არის საბჭოთა პერიოდის პროდუქტი - დავით აღმაშენებლის კულტი არის უშუალოდ სტალინის მიერ დანერგილი. საქართველოში მანამდე იყო თამარის კულტი, ერეკლე მეორის კულტი, მაგრამ არ ყოფილა დავით აღმაშენებლის კულტი - ეს იყო სტალინის თვითიდენტიფიკაციის ფიგურა. მომაქვს ის დოკუმენტებიც, რომელშიც აღწერილია სტალინის გაიგივება საკუთარ სამშობლოსთან.“

გიორგი მაისურაძე ამბობს, პრეზიდენტ სააკაშვილის მითითებით, მისი შეკვეთით დაიწერა უკანასნელი 200 წლის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია, რაც სწორედაც რომ სტალინური ტრადიციაა, რაც იმას ამტკიცებს, რომ ისტორიის ფალსიფიკაცია კვლავაც გრძელდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG