Accessibility links

logo-print
ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ნატოში გაწევრიანების იდეა კვლავ იქცა მსჯელობის საგნად ბრიუსელში, ვაშინგტონსა და ნატოს რამდენიმე წევრი ქვეყნის დედაქალაქში. მაგრამ აშშ-შია ეს მსჯელობა, თუ, ვთქვათ რუმინეთში, ძირითადად, კვლავ ორი მესიჯი დომინირებს: ნატომ უფრო მკაფიო გზამკვლევი უნდა შესთავაზოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის, ხოლო საქართველომ განაგრძოს დემოკრატიული რეფორმები და შექმნას ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პრეცედენტი.

ქართული სპეციფიკა და ნატოს გაფართოებით დაღლილი სკეპტიკოსები
ქართველ კოლეგასთან ერთად ხელი მოვაწერე თანამშრომლობის შეთანხმებას, რომ მხარს დავუჭერთ საქართველოს სწრაფვას ნატოში. დიახ, ჩვენ გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია...

რუმინეთი შემთხვევით არ გვიხსენებია. ამ ქვეყანამ, რომელიც 2008 წლის ნატოს სამიტს მასპინძლობდა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიეღო. ორი წლის წინ ეს არ მოხერხდა. მაგრამ რუმინეთი კვლავ მტკიცედ განაგრძობს საქართველოს ნატოში გაწევრიანების იდეის მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა რუმინეთმა ოქტომბრის დასაწყისში ოფიციალურად კიდევ ერთხელ დაადასტურა. მხარდაჭერის შეთანხმებას ბუქარესტში ხელი მოაწერა რუმინეთის პარლამენტის წევრმა სევერვოინესკუმ, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში რუმინეთის დელეგაციის თავმჯდომარეა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს, მაგრამ უფრო მეტი თვით საქართველოზეა დამოკიდებულიო, – ფრთხილი ოპტიმიზმით განაცხადა ვოინესკუმ რადიო „თავისუფლებასთან“ სატელეფონო საუბარში.

„დიახ, ბუქარესტში შევხვდი ნატოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას (დეპუტატი გიორგი კალანდაძე –კ.ლ.) და, როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში რუმინეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ქართველ კოლეგასთან ერთად ხელი მოვაწერე თანამშრომლობის შეთანხმებას, რომ მხარს დავუჭერთ საქართველოს სწრაფვას ნატოში. დიახ, ჩვენ გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია, მაგრამ ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა მკაფიოდ უნდა გააცნობიერონ, რომ უფრო მეტი მათი გასაკეთებელია და ყველაზე დიდი ნაბიჯის გადადგმა მათზეა დამოკიდებული და არა ჩვენზე. ჩვენ ვართ მეგობრები და მხოლოდ მათ ნატოში სწრაფვას ვუჭერთ მხარს“.

მოკლედ, გასაკეთებელი კვლავაც ბევრი გაქვთო, ამბობს რუმინელი პარლამენტარი. თუმცა სევერვოინესკუ იმასაც დასძენს, რომ არის ისეთი საგარეო ფაქტორები – საქართველოს სპეციფიკური გეოპოლიტიკური მდგომარეობა, მოუგვარებელი ურთიერთობები რუსეთთან და დასავლეთის ზოგიერთი ლიდერის სკეპტიკური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, – რაც, მთლიანობაში, არასახარბიელო ფონს ქმნის ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის.

„საქართველო ძალიან სპეციფიკურ და, შესაძლოა, არასახარბიელო გეოპოლიტიკურ სიტუაციაში იმყოფება, როდესაც, ერთი მხრივ, მისი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და, მეორე მხრივ კი, აქვს დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან, რაც ამ მომენტში ნამდვილად არ არის კარგი საქართველოსთვის. გარდა ამისა, ალიანსის შიგნით არიან ლიდერები, რომლებიც, როდესაც სიტყვა ჩამოვარდება, ამჟღავნებენ, რომ დაღლილები არიან ევროპის გაფართოებით. და მე ზოგჯერ მექმნება შთაბეჭდილება, რომ იმავე აპათიას გრძნობს ზოგიერთი ლიდერი ნატოს გაფართოების მიმართ ალიანსის შიგნით. მაგრამ, რაც საქართველომ ზუსტად უნდა გააკეთოს, არის სწორედ ის, რასაც საქართველო უკვე აკეთებს – მიყვეს იმ კურსს, რომელზეც დგას. ვგულისხმობ, რომ საქართველო უნდა მოქმედებდეს, როგორც ალიანსის წევრი, ვიდრე ოფიციალურად გახდება ალიანსის წევრი. ეს არის დაახლოებით ის მაგალითი, რაც რუმინეთის გამოცდილებიდან მომდინარეობს“, – განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში სევერვოინესკუმ, რუმინეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

ჯერ არჩევნები და შემდეგ „საგზაო რუკა“, თუ პირიქით?

საქართველოში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ქვეყანა დიდი ხანია მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი. ზოგ შემთხვევაში, მაგალითად, ავღანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციის მხარდაჭერის თვალსაზრისით, უფრო მეტიც, ნატოს წევრადაც კი გამოიყურება. საქართველოს ავღანეთში ნატოს წევრ ბევრ ქვეყანაზე (მაგ., საბერძნეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ბალტიის ქვეყნები) ორჯერ და სამჯერ მეტი (937-კაციანი) სამხედრო კონტინგენტი ჰყავს გაგზავნილი. ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ალიანსის ხელმძღვანელობას აღუთქვა, რომ გააორმაგებს სამხედრო მისიას ავღანეთში და თუკი ამ გეგმის რეალიზება მოხდა, მაშინ საქართველო 1860 ჯარისკაცით ISAF-ის უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყნების ათეულში მოექცევა და ისეთ ქვეყანასაც ჩამოიტოვებს, როგორიცაა ესპანეთი.
ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს როგორც თბილისის, ისე ევროპისა და აშშ-ის ლიდერებისათვის და მიუთითებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლის საქმეში ჩვენი დახმარების გაგრძელების მნიშვნელობაზე...

მაგრამ, როგორც ჩანს, ნატოს სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი, თუმცა არა გადამწყვეტი ფაქტორი იქნება იმისათვის, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ე.წ. MAP -ი მიიღოს. ამ თემაზე ვარაუდების და სპეკულაციების დრო ამოიწურა. ნატომ საქართველოს უნდა შესთავაზოს ალიანსში შესასვლელი „მკაფიო გეგმა“, თუმცა, ამ კუთხით, საქართველოსაც „გადამწყვეტი გამოცდის ჩაბარება მოუწევს“. აი რა განაცხადა ამერიკელმა სენატორმა ნიუჰემპშირის შტატიდან, ჯინ შაჰინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა ევროპის საკითხების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც ცნობილია, როგორც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი.

„იცით, ვფიქრობ, რომ ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს როგორც თბილისის, ისე ევროპისა და აშშ-ის ლიდერებისათვის და მიუთითებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლის საქმეში ჩვენი დახმარების გაგრძელების მნიშვნელობაზე. პატივისცემით მიანიშნებს ზოგიერთ ჩვენს ინსტიტუტს, მაგალითად, ნატოს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შეიქმნას საგზაო რუკა ნატოში საქართველოს გაწევრიანებისათვის და ვინაიდან ველოდებით 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, საქართველომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა დაუთმოს რეფორმების გაგრძელებას კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 2013 წელს საქართველოს პირველად ექნება შესაძლებლობა, ერთი დემოკრატიული რეჟიმი მეორით შეცვალოს. ასე რომ, არსებობს მთელი რიგი სერიოზული პრობლემებისა, რომლებსაც თვალს მივადევნებთ – ევროპაშიც და აშშ-შიც. და ჩვენ ვაპირებთ, დავეხმაროთ საქართველოს, რათა მან მოახერხოს შიდა და საგარეო პოლიტიკური პრობლემების მოგვარება“.

ჩვენმა რადიომ სენატორ ჯინ შაჰინს ინტერვიუ ჩამოართვა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში გამოქვეყნდა გავლენიანი ანალიტიკური ორგანიზაციის – „ატლანტიკური საბჭოს“ ანგარიში სახელწოდებით „საქართველო დასავლეთში“ – საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისკენ მიმართული პოლიტიკის გზამკვლევი“. მოკლედ, სენატორი ჯინ შაჰინი, რომელიც ამ საბჭოს თანათავმჯდომარეცაა, მთავრობას სთხოვს, რომ საქართველოსათვის საგზაო რუკის შექმნა ნატოს მომდევნო სამიტზე მოხდეს. ალიანსის ახალი სამიტი 2012 წლის მაისში აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში გაიმართება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კი – მომავალი წლის შემოდგომაზე, ანუ ნატოს სამიტის შემდეგ.

ალიანსში გაწევრიანების „საგზაო რუკის“ შექმნა საქართველოსთვის ჩიკაგოს სამიტზე მოხდება, თუ ალიანსი დაელოდება საპარლამენტო არჩევნების შედეგს? – გასარკვევი ახლა ეს არის. თუმცა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების სკეპტიკოსი ლიდერებისათვის საკმაო საბაბი იქნება იმისათვის, რომ არ იჩქარონ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG