Accessibility links

logo-print
17 ოქტომბერს “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" (ISFED), ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ახალი საარჩევნო კოდექსის შესახებ საკუთარი შენიშვნები გააცნეს და ამავე საკითხზე ორი კვირის წინ უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის შედეგებზე ისაუბრეს. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ, ჯერჯერობით, გარკვეულ საკითხებზე ხელისუფლებასთან მხოლოდ ზეპირი შეთანხმება არსებობს – საზოგადოებასთან მსგავსი შეხვედრები კი იმისთვისაცაა საჭირო, რომ ეს შეთანხმება ხელისუფლებამ არ დაივიწყოს.

ხელისუფლებისათვის ახალი საარჩევნო კოდექსის შესახებ არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები, პირობითად, სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს – შენიშვნები, რასაც ხელისუფლება არ იზიარებს, რის გათვალისწინებაზეც თანახმაა და რაზეც ჯერ კიდევ ”ფიქრობს” – ანუ გადაწყვეტილი პასუხი არ არსებობს. სწორედ შენიშვნებისა და წინადადებების ეს პაკეტი წარუდგინეს, ახალი საარჩევნო კოდექსის შესწავლის შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოშია აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებს. ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც საარჩევნო სისტემის შეცვლაა – ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის თანხმობა არ არსებობს. არადა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" წარმომადგენელი ნინა ხატისკაცი აცხადებს, რომ, რაც უნდა სრულყოფილი გახდეს საარჩევნო კანონმდებლობა, მთავარია არსებობდეს არჩევნების სამართლიანად ჩატარების პოლიტიკური ნება. არსებული საარჩევნო სისტემა კი ამ ნების რეალურ არსებობას ვერ ადასტურებს:

“თუ საკითხი ასე დადგებოდა: დღევანდელი მდგომარეობით, რომ შეიცვალოს ერთი საკითხი დღეს არსებულ კანონმდებლობაში, რა საკითხი იქნებოდა ეს? –ერთმნიშვნელოვნად ვიტყოდი, რომ ეს არის საარჩევნო სისტემის ცვლილება და უფრო სამართლიანი სისტემის ფორმულირება, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნოდ ერთნაირ პირობებში ჩააყენებდა. ეს იქნებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილება, რომელიც უფრო მეტად პროპორციულს გახდიდა მიღებული ხმებისა და მოპოვებული მანდატების რაოდენობას ერთმანეთთან, რადგან დღეს სწორედ ესაა მთავარი პრობლემა, რომ ერთ პარტიას ერთი მესამედი მხარდაჭერით შეუძლია საკონსტიტუციო უმრავლესობა დააკომპლექტოს პარლამენტში და სწორედ ეს არის ყველაზე უსამართლო არსებულ სისტემაში”.

ამ სისტემის შეცვლაზე ხელისუფლების პასუხი უარია.
მეორე და მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას უკავშირდება. ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ აქაც ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ:

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა გაიზარდოს იმ საჯარო მოხელეების ნუსხა, რომლებსაც შეეზღუდებათ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ ამ სიაში მოვიაზრებთ გუბერნატორებს და მათ მოადგილეებს, გამგებლებს. მოკლედ, იმ პირებს, ვინც საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ რეგიონებში”.

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ერთ-ერთი შენიშვნა, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილ კომისისიაც შეეხება – ”საიას” თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ნელ-ნელა კომისიის თავდაპირველი საარჩევნო სიების დაზუსტების ფუნქცია შეიცვალა და მივიღეთ შემდეგი:

”გზადაგზა ეს კომისია გადაკეთდა სიების დამდგენ კომისიად, რაც იმას ნიშნავს, რომ არა ცესკო და სამოქალაქო რეესტრი, არამედ სწორედ ეს კომისია იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ შეადგინოს ამომრჩეველთა საბოლოო, ერთიანი სია. ამის კომპეტენცია კი ამ კომისიაში შემავალ სუბიექტებს უბრალოდ არა აქვთ”.

ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ კოდექსში რჩება მუხლი, რომელიც დამკვირვებლებს საარჩევნო უბანზე გადაღების ნებას აძლევს. არსებობს უმრავლესობის თანხმობა არასამთავრობოების შენიშვნაზე – პარტიების დაფინანსების საკითხის შესახებაც: ”კოდექსი იმგვარადაა ფორმულირებული, რომ ნებისმიერი პარტია, რომელიც გადალახავს ზღვარს – იღებს მილიონიან დაფინანსებას. ჩვენი შენიშვნა იყო, რომ ეს თანხა განკუთვნილია წინასაარჩევნოდ გაწეული თანხების დასაფინანსებლად, ანუ ეს უნდა იყოს ხარჯებზე მიბმული”.

ხელისუფლების პასუხი ის იყო, რომ პარტიებს ბიუჯეტიდან თანხას მათ მიერ გაწეული ხარჯების ადეკვატურად აუნაზღაურებენ – ანუ თუ პარტიამ დახარჯა, ვთქვათ, 300 000 ლარი, აუნაზღაურებენ ამდენივეს და არა მილიონს.

თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ უკვე არსებობს იმ საკითხების ნუსხა, რომელთა მუხლობრივ ფორმულირებას სამი არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას უახლოეს მომავალში მიაწვდის. მანამდე კი, პარალელურად, "სამართლიანი არჩევნები”, ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მაქსიმალურად მეტ ინფორმაციას მიაწვდიან სამოქალაქო საზოგადოებას ახალი საარჩევნო კოდექსის შესახებ, თუნდაც იმიტომ, რომ, როგორც ნინო ლომჯარია განმარტავს, ხელისუფლებამ შეთანხმების ზეპირი პირობა არ დაარღვიოს. არასამთავრობოები საქართველოს რეგიონებს 20 ოქტომბრიდან ესტუმრებიან.
XS
SM
MD
LG