Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 17 ოქტომბერი, 2011


”ბიძინას პოლიტიკაში მოსვლა არ უნდოდა, მაგრამ ყელში ამოუყვანეს” – ამბობს “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში ელდარ ნადირაძე, რომელიც ჭორვილელია და ბიძინა ივანიშვილს ბავშვობიდან იცნობს. ჟურნალისტი ინტერვიუს შესავალში იმასაც აღნიშნავს, რომ ელდარ ნადირაძე საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის, მაია ნადირაძის ბიძაა. ელდარ ნადირაძე ამავე ინტერვიუში აგრძელებს: ”ბევრს სთხოვდნენ და თანაც თავხედურად, ისე, რომ შეურაცხყოფილი რჩებოდა. კაცი ამდენ რამეს აკეთებდა, ჩადიოდა სააკაშვილი, გახსნიდა ობიექტს და ბიძინას არც კი ახსენებდა”.

”კვირის პალიტრაშივე” მამუკა არეშიძესთან ინტერვიუ ქვეყნდება. ის აცხადებს, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი რუსული პროექტია, კონტრპროდუქტიულია. მის მიერ პარტნიორების შერჩევის გათვალისწინებით, არეშიძე სვამს კითხვას – ”ესე იგი, რუსებს, ევროპელებსა და ამერიკელებს მოულაპარაკიათ და ეს ალიანსი შეუქმნიათ?”.

”მთელი კვირის” კორესპონდენტს გია ნოდიამ უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები მის ”უცნაურობაზე” მეტყველებს, ”მთლად ადეკვატური არ არის მისი ქმედება პოლიტიკური გარემოსა და დემოკრატიული წესების მიმართ”. ამავე ინტერვიუში გია ნოდია ”დიდ პოლიტიკურ შეცდომას” უწოდებს ხელისუფლების მიერ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას პოლიტიკური განცხადების პასუხად. რაც შეეხება ივანიშვილზე რუსეთის გავლენას, ნოდია ამაში დარწმუნებული არ არის.

”მთელ კვირაშივე” პაატა ზაქარეიშვილთან და დავით ბერძენიშვილთან ინტერვიუებსაც წაიკითხავთ. ზაქარეიშვილის განცხადებით, ”ის რომ პრორუსული პროექტი იყოს, მაშინ ”რესპუბლიკურ პარტიაზე” არ გამოვიდოდა”. დავით ბერძენიშვილი კი ჟურნალისტის შეკითხვას – ივანიშვილთან ერთად დასახული პერსეპქტივა შანსია, თუ რისკი? – პასუხობს – ”რა თქმა უნდა, ორივე”. ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შესახებ ”მთელ კვირაში” მოსაზრებას გვთავაზობს დეპუტატი პეტრე მამრაძე.

”24 საათში” კი ვლადიმირ სოკორი განმარტავს: ”ივანიშვილს ხშირად მოიხსენიებენ ”ოლიგარქად”, თუმცა ეს ტერმინის არასწორი გამოყენებაა. ოლიგარქია ისეთი ფენომენია, როდესაც ეკონომიკური თუ პოლიტიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდების შეჯიბრში რამდენიმე მონაწილეა. ივანიშვილი კი ერთადერთია, რომელსაც აქვს სიმდიდრე, არ გააჩნია პოლიტიკური გავლენა და ახლა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ლიდერის როლი სურს. საქართველოში ბიზნესსა და პოლიტიკაში ოლიგარქია არ არსებობს. მთავრობამ წარმატებით შეძლო ამ ყველაფრის თავიდან მოშორება” – ასე ფიქრობს ვლადიმირ სოკორი.

”ვერსიის” მთავარი თემაც ბიძინა ივანიშვილია. გაზეთი აქვეყნებს გოგა ხაინდრავასთან ინტერვიუს. ის იმედს გამოთქვამს, რომ ივანიშვილი პატარკაციშვილის შეცდომებს არ გაიმეორებს. ხაინდრავა აგრეთვე აღნიშნავს, რომ ”ჯერი ყველა ჩვენგანზეა, ავუწყობთ, თუ არა, ფეხს ამ კაცის ნაბიჯებს, დავძლევთ, თუ არა, შიშს, უღირსობას, ლაქიობას, ხელის ბიჭობას, ოჯახურ სირცხვილებს, იმ ლაფიდან ამოვძვრებით, თუ არა, რაშიც ვსხედვართ”.

”ახალი თაობის” კორესპონდენტი მამუკა არეშიძეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ალბათობის შეფასებას სთხოვს. არეშიძე პასუხობს: ”დღეს ხელისუფლება არ არის მზად იმისთვის, რომ უახლოეს ერთ თვეში ჩაატაროს არჩევნები. ამიტომ არ ვვარაუდობ, რომ ახალ წლამდე დაინიშნოს. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნები გაზაფხულის ბოლოსთვის ჩატარდეს, მაგრამ მაშინ აზრი ეკარგება ვადამდელ არჩევნებს. ამ ხნის განმავლობაში, სავარაუდოდ, ივანიშვილის გუნდი მობილიზებული იქნება”.

”კვირის ქრონიკის” ავტორი, წყაროზე დაყრდნობით, წერს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მოწყობილ თათბირზე: ”წყაროს ინფორმაციით, ნაციონალებში ორი პოზიცია ფიქსირდება: ერთნი აცხადებენ, რომ სასწრაფოდ დაინიშნოს არჩევნები, მეორენი კი ივანიშვილის ”შამფურზე ნელა შეწვის” მომხრეები არიან”.

დღეს რამდენიმე გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუები ნოდარ ჯავახიშვილთან. ერთ-ერთი ”ასავალ-დასავალია”. ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს: ”ფორუმიდან” ჩემი წასვლა ისე არ უნდა გაიგოს საზოგადოებამ, რომ მე ”ფორუმს” ვუპირისპირდები და იმიტომ მივდივარ. ჩემი დიდი სურვილია, რომ მე თუ წავალ, ”ფორუმსა” და ბატონ ბიძინას შორის ჩამოყალიბდეს ურთიერთობის მყარი საფუძვლები”.

”ასავალ-დასავალშივე” იბეჭდება ინტერვიუ ედუარდ შევარდნაძესთან – ”იციან, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლა რეალურია” – აცხადებს ის და დასძენს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის პოსტზე ივანიშვილზე უკეთესი ვარიანტი არ ეგულება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG