Accessibility links

გასულ კვირას, ფონდ ”ღია საზოაგადოება საქართველოს” ოფისში შედგა პრეზენტაცია კრებულისა ”დემოკრატიული ღირებულებების ნაკვალევზე საქართველოში”, რომლის შედგენაში თორმეტმა, განსხვავებული პროფესიისა და თაობის ავტორმა მიიღო მონაწილეობა.

ჩვენი მთავარი კითხვა იყო, გაგვერკვია, რამდენად თავსებადია ქართულ კულტურასთან დემოკრატიული ღირებულებები...
თავდაპირველად ფილოსოფოსმა ლელა გაფრინდაშვილმა დაიწყო მუშაობა პროექტზე ”ქართული დემოკრატია: მითუ თუ რეალობა”, პროექტზე, რომელსაც უნდა დაედგინა, რა განსხვავებაა რეალურ და დეკლარირებულ დემოკრატიებს შორის, რატომ გაუჭირდა საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრება. ლელა გაფრინდაშვილის თქმით, ამ იდეის განხორციელებაში მას მხარი დაუჭირა მკვლევართა ჯგუფმა, რომლის თითოეულ წევრს ასეთი სამუშაოს შესრულების გამოცდილება ჰქონდა. თორმეტმა ავტორმა ერთგვარი კრიტიკული რეფლექსია აირჩია კვლევის მეთოდოლოგიად – წერილებს, რომელიც კრებულში შევიდა, ერთი რამ აერთიანებს – ავტორები იხსენებენ კულტურულ კლიშეებს, წლების მანძილზე დამკვიდრებულს ჩვენს ცნობიერებაში და ცდილობენ გაიაზრონ, რამდენად ახლოსაა ეს ღირებულებები რეალობასთან. თუმცა კრებულის ავტორთა მუშაობის პრინციპი ლელა გაფრინდაშვილმა თავად უკეთ ახსნა წიგნის პრეზენტაციაზე:

“ეს არის, დაახლოებით, წელიწადნახევრიანი შრომის შედეგი. ჩვენი მთავარი კითხვა იყო, გაგვერკვია, რამდენად თავსებადია ქართულ კულტურასთან დემოკრატიული ღირებულებები. ამიტომ შევეცადეთ ჩვენი კულტურის სხვადასხვა სფეროში – როგორიცაა სამართალი, კინო, თეატრი, ლიტერატურა – მოგვეძებნა დემოკრატიული ღირებულებების კვალი”– აღნიშნა ლელა გაფრინდაშვილმა.

კრიტიკული რეფლექსიის მისაღწევად, კრებულის შემდგენელმა გადაწყვიტა, ერთგვარი დისტანციიდანაც დაენახა ჩვენი კულტურა. მართლაც, ძალიან საინტერესოა, როგორ აფასებენ საქართველოს ისინი, ვისზეც კულტურულ კლიშეებს არ უმოქმედია, ვინც აბსოლუტურად სხვა სივრცეში გაიზარდა, განსხვავებული კულტურის გავლენის ქვეშ. ლელა გაფრინდაშვილის თქმით:

კრებულში შევიდა ანალიტიკური სტატია, უცხოელ მოგზაურთა აზრები, მათი შეხედულებები საქართველოზე, აღმოაჩენენ თუ არა ისინი რაღაც ნათესაურს ევროპულ კულტუასთან; ასევე პირველი თაობის ემიგრაციის შეხედულებები ევროპულ კულტურაზე, დასავლურ ღირებულებებზე, შედარება ამისა ქართულ სინამდვილესთან; არის სავაჭრო ურთიერთობებზე სტატია – გვაქვს თუ არა თავისუფალი ბაზრის გამოცდილება?

ამ კრებულის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად დაგებადებათ აზრი – სცოდავს ის, ვინც თვითგვემას მიმართავს და ამტკიცებს, რომ დემოკრატიული ღირებულებები, თანასწორობის განცდა ყოველთვის უცხო იყო ქართული კულტურისთვის და ისიც, ვინც ამტკიცებს, რომ ამ ღირებულებებს საუკუნეების ისტორია აქვს და მხოლოდ საბჭოთა იმპერიამ მოახერხა მათი დანგრევა. აღმოაჩენთ ახალს, მართლაც ღირებულს და ეჭვი შეგეპარებათ იმაში, რასაც ოფიციალური იდეოლოგია და კულტურა ”ღირებულს” უწოდებდა.
გაიხსენეთ ისტორიები ყველა სახელმწიფოსი და ნახავთ, რომ ისინი, აგერ უკვე რამდენი საუკუნეა, რაც სწავლობენ და მათი ნამდვილი და სრული განათლება ჯერ კიდევ შორს არი...

რა თქმა უნდა, კრებული ისე შეიძლებოდა აწყობილიყო, რომ დაგვენახა განვითარების პროცესი – როგორ განვითარდა ისტორია, რა დაიკარგა და რა გაჩნდა განსხვავებულ ეპოქებში, როგორ იმოქმედეს ისტორიულმა მოვლენებმა დემოკრატიულ ღირებულებებზე... მაგრამ კრებულის ავტორებმა სხვა პრინციპი აირჩიეს. ლელა გაფრინდაშვილმა გვითხრა:

”პერიოდი ცოტა გაგვიჭირდა და ვაპირებთ ახლა მეორე ნაწილის გამოცემას, რომელიც ფოკუსირებული იქნება საბჭოთა პერიოდზე, რადგანაც სამართალი როცა ავიღეთ, ადათ-წესობრივ სამართალს ვერ გამოვტოვებდით, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ნაწილია კულტურის – უფრო მეტიც, დღესაც შეიძლება ითქვას, რომ სამართალთან მიმართებაში ადათ-წესობრივი სამართალი უფრო მუშაობს, ვიდრე საერო”.

”გაიხსენეთ ისტორიები ყველა სახელმწიფოსი და ნახავთ, რომ ისინი, აგერ უკვე რამდენი საუკუნეა, რაც სწავლობენ და მათი ნამდვილი და სრული განათლება ჯერ კიდევ შორს არის” – ეს ლავრენტი არდაზიანის მოსაზრებაა, გამოთქმული 1859 წელს. მოსაზრება, რომელიც არ კარგავს აქტუალურობას არც საქართველოში და არც სხვა ქვეყნებში. ამიტომაც არის დემოკრატიული ღირებულებების ისტორიის კვლევა რთული – ისტორია ვითარდება და საზოგადოება სწავლობს, ავად თუ კარგად, მაგრამ სწავლობს. ამ პროცესის შესწავლის მეთოდოლოგია არ არსებობს. ამ პროცესის შესწავლა განსხვავებულად შეიძლება მოხდეს. მაგრამ ისტორიის სწავლის პროცესი ამოუწურავია – ფაქტი არ არსებობს მეორე, მესამე, მეოთხე პლანის გარეშე. დაუმატეთ ამას კონკრეტული ისტორიული გარემო, რომელიც ფონის შეცვლას, ანდა განადგურებას ცდილობს და მაშინ შეიძლება ყოველ ადამიანს, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს გაუჩნდეს საკუთარი წარსულის და აწმყოს შესწავლის სურვილი, იმ კლიშეების ნგრევის სურვილი, რომელიც ”ძალადობის კულტურამ” თავს მოგვახვია. ამიტომ გამოსცა ფონდმა ”ღია საზოგადოება საქართველომ” მართლაც რომ, ასე ვთქვათ, ”ღია წიგნი” – შედგენილი 12 ავტორის მიერ, ქართული კულტურის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი მოღვაწეების გამონათქვამებით და იმპულსით, რომელიც მკითხველს წიგნის თანაავტორობის სურვილს გაუჩენს – ჰოდა, აბა, მეტი რა არის დემოკრატია, თუ არა თანასწორობის განცდა და შემოქმედებით პროცესში ჩართვის სურვილი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG