Accessibility links

ანტიკაპიტალისტურმა მოძრაობამ ევროპის საფინანსო ცენტრებში დასცა ბანაკები


მოძრაობამ, რომელიც სოციალური, ფინანსური უთანასწორობისა და კორპორაციების სიხარბის მიმართ პროტესტს გამოთქვამს, ხანგძლივი აქციები დაიწყო და კარვები დადგა ევროპის არაერთ ქალაქში. ფრანკფურტი, ლონდონი და ამსტერდამი არა მხოლოდ გერმანიის, ბრიტანეთის თუ ნიდერლანდის საფინანსო ცენტრები არიან, ამ ქალაქებშია განთავსებული საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა პოლიტიკით უკმაყოფილებას გამოხატავენ ის ადამიანები, რომლებიც მსოფლიოს 900 ქალაქში გავიდნენ ქუჩებში გასულ შაბათ-კვირას.

მსოფლიოს 80 ქვეყანაში მოეწყო გამოსვლები შაბათს, 15 სექტემბერს, რომლებიც, მგავსად ნიუ-იორკში დაწყებული მოძრაობისა სახელწოდებით – „დაიკავე ოულ სტრიტი“, პროტეტს უცხადებენ საერთაშორისო ბანკების, ასევე მთავრობებისა და კორპორაციების პოლიტიკას, როგორც ისინი უწოდებენ, სიხარბეს, ფულის უსამართლოდ განაწილებას ადამიანებს შორის. ბრიტანეთის დედაქალაქში, ევროპის უდიდესი ბირჟის მახლობლად, წმინდა პავლეს ეკლესიასთან დასცეს ბანაკი ანტიკაპიტალისტური მოძრაობის წარმომადგენლებმა. კარვების რაოდენობა ათეულობითაა. აქტივისტებმა გადაწყვიტეს, იქაურობა დიდხანს ჰქონდეთ დაკავებული, რასაც მომზადება სჭირდება. ამის ნაწილია ადამიანების საკვებით უზრუნველყოფა. ერთ-ერთი აქტივისტი გეგმებზე საუბრობს: „ჩვენს პლანეტაზე არსებობისთვის საჭიროა წყალი და საკვები. რამდენადაც შეგვიძლია, ვამზადებთ სამზარეულო მოწყობილობებს. ხალხს ექნება ცხელი წყალი, რათა ჩაი მაინც დალიონ. გარდა ამისა, ვაგროვებთ ფულს გაზქურებისთვის. საჭიროა წყლის ავზების დადგმა, რათა ხელის დაბანა შევძლოთ. გვსურს, სისუფთავე იყოს, რათა ვირთხები არ გაჩნდეს“.

ლონდონში დემონსტრანტებს პლაკატებზე შემდეგი ლოზუნგები დაუწერიათ: „იყავი მშვიდად და დაიკავე ლონდონი“, „ხალხს დაეხმარეთ, არა ბანკებს“. მოძრაობის, „დაიკავე ლონდონის საფინანსო ბირჟა“, ახალი მედიის კარავში საქმიანობს ოლი ტეილორი: „ძირითადად, ვცდილობთ საზოგადოებას მივაწოდოთ ჩვენი მედიის ნედლი ფოტოები და ვიდეომასალა. ვცდილობთ, საზოგადოებას ხმა მივაწვდინოთ და ვამცნოთ, სინამდვილეში რა ხდება აქ. ვთვლით, რომ მეინსტრიმის საინფორმაციო საშუალებები მცირე ყურადღებას აქცევენ ამ მოვლენებს. ამავე დროს, ისინი, ჩვენი აზრით, არასწორად ავრცელებენ ჩვენს შეხედულებებს“.
ნიდერლანდის დედაქალაქ ამსტერდამში, საფინანსო ბირჟის წინ მდებარე მოედანზე მოწყობილ კარვებში კვირას სამასამდე ადამიანი დაბანაკდა. მათი წარმომადგენელი სეტ ლივერზე ამბობს, რომ, ამ ეტაპზე, მოედანზე ის ხალხია, ვინც ძალიან მოწადინებულია, დიდხანს იყოს ბანაკში. ლივერზეს თქმით, ისინი აპირებენ კვირების განმავლობაში დარჩნენ იქ, ძალიან დიდია მათი სურვილი, მოხდეს ცვლილებები, – გვაცნობს თანამებრძოლების წადილს ჰოლანდიელი აქტივისტი.

უფრო ნაკლები, 200-მდე ადამიანი, დასახლდა ქუჩაში მაინის ფრანკფურტში, გერმანიის საფინანსო ცენტრში, სადაც ევროპის ცენტრალური ბანკის ბიუროა. ეს ბანკი თამაშობს ერთ-ერთ მთავარ როლს ევროს კრიზისის დაძლევის საქმეში. ფრანკფურტელი აქტივისტი, ალექსანდერ ზაკი, მოგვითხრობს მათი მოქმედების გეგმებზე:

„ხვალიდან ჩვენ განვლაგდებით ევროპის ცენტრალური ბანკის შესასვლელთან ისე, რომ მისმა თანამშრომლებმა, როცა ჩაგვივლიან, ჩვენი სახეები დაინახონ. მათ უნდა დაინახონ, რომ ჩვენ აქ ვართ, მათი საფინანსო დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად. მათ უნდა დაინახონ, რომ აქ არიან ადამიანები, ვინც ფიქრობს იმაზე, რაც ხდება და ვითარების შეცვლა სურს “.

გამოსვლები, როგორც ითქვა, მსოფლიოს 600-მდე ქალაქში მოეწყო. ამ მოძრაობის მიმდევრები ძალადობას უარყოფენ. გამონაკლისი იყო იტალია, სადაც, რომში, ათეულათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში, იყო არეულობა, დემონსტრანტთა აგრესიულმა ნაწილმა შეუტია სამთავრობო შენობებს, დაწვა ავტომანქანები, მინები ჩაუმსხვრია ბანკებს და მაღაზიებს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ძალა იხმარა, დააკავა არაერთი დემონსტრანტი. ოფიციალური ცნობით, ათეულობით პოლიციელი დაშავდა შეტაკებისას.

ანტიკაპიტალისტურ მოძრაობას გამოხმაურება მოჰყვა გაეროს, ასევე ევროკომიის მხრიდან. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა აღნიშნა, რომ მთავრობებს ნდობის დეფიციტი აქვთ ხალხის მხრიდან და სწორი იქნება, თუ ამის შეცვლაზე იზრუნებენ. ევროკომიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზუმ განაცხადა, რომ საფინანსო სექტორმა უნდა გაიგოს: საჭიროა ეთიკური ნორმების მინიმალური დაცვა. ბაროზუ აპირებს მომავალ კვირაში, საფინანსო ბაზრების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, დამსჯელი სანქციების შესახებ წინადადება წარადგინოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG