Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მოქალაქეობას თმობს


ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მიზნით, სასამართლოს მიმართავს. შეგახსენებთ, რომ მას და მის მიუღლეს საქართველოს მოქალაქეობა 11 ოქტომბერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შეუწყდათ. ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატის, ეკა ბესელიას განცხადებით, სარჩელი, პრეზიდენტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოში ამ კვირაში შევა. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის, ზურაბ ბიგვავას ინფორმაციით, ივანიშვილის ადვოკატი პრეზიდენტსაც მიმართავს საქართველოს მოქალაქეობის აღგენის მოთხოვნით. ბიძინა ივანიშვილი, მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების გამო, ქართულ მედიასთან ურთიერთობისგანაც თავს იკავებს.

ბიძინა ივანიშვილთან „როიტერსის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინტერვიუს ვიდეოფრაგმენტში ბიზნესმენი საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის სამართლებრივ გზებზე საუბრობს და მოქალაქეობის ჩამორთმევას მისი პოლიტიკური პროცესისგან ჩამოშორების მცდელობად აფასებს:

„რასაც გავაკეთებ, მივმართავ სასამართლოს, მე ილუზია არა მაქვს ჩვენი სასამართლოსი, მაგრამ ეს ერთადერთი სწორი გზაა. ამავდროულად, არ ვაპირებ შევაჩერო პროცესი, რომელიც დავიწყე და როგორი გეგმებიც მქონდა ისეთი გეგმებით გავყვები, განვახორციელებ და მივაღწევ იმას, რასაც ვგეგმავდი ჩემს გუნდთან ერთად, შედეგი ერთი იქნება. არჩევნებს, რომელსაც ისინი აპირებენ ჩაატარონ ჩემი გათიშვის გზით, და თეორიულად რომ დავუშვათ, რომ ასეთი არჩევნები შედგეს, რა თქმა უნდა, ასეთი არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება“.

რა სამართლებრივი გზები რჩება იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური მოღვაწეობა გააგრძელოს საქართველოში, მოქალაქეობის არქონის შემთხვევაში. ქართული კანონმდებლობის მიხედვით, პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, არ შეუძლია შექმნას პოლიტიკური პარტია, ან დააფინანსოს პოლიტიკური ძალები, მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა; ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი ვერ გახდება პარლამენტის დეპუტატი ან პრემიერ-მინისტრი. ბიზნესმენის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია, რომელმაც დღეს დილიდან დაიწყო პროცედურა, ბიძინა ივანიშვილის სურვილის შესაბამისად, მისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, აცხადებს, რომ ასეთი გზები არსებობს და, ბუნებრივია, ამ გზებზე ბიზნესმენიც ფიქრობს, თუმცა ამ გზებს ეკა ბესელია არ აკონკრეტებს.

„რა გზები რჩება... გზები არსებობს, მაგრამ ბუნებრივია, ამ გზებზე ახლა არ ვისაუბრებ“.

მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტამდე ბიძინა ივანიშვილი ქართულ მედიასთან ურთიერთობისგან თავს შეიკავებს. ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ ბიგვავა ამბობს, რომ თავდაპირველად ეს საკითხი შემაშფოთებლად არ მიიჩნიეს, თუმცა, მისივე სიტყვებით, ადამიანს, რომელიც პოლიტიკურ მოღვაწეობას მოქალაქეობის გარეშე ეწევა, სანქციები აუცილებლად დაუწესდება. ზურაბ ბიგვავა არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ მას, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, ვიზა არ გაუგრძელოს, რის შედეგადაც მას ქვეყნის დატოვება მოუხდეს. ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, ზურაბ ბიგვავამ რადიო „თავისუფლებას“ უთხრა, რომ მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტამდე ბიძინა ივანიშვილი გააგრძელებს საქმიანობას, მაგრამ ამას არ ერქმევა პოლიტიური მოღვაწეობა, ის გამოთქვამს მოსაზრებებსაც, რაც დაშვებულია კანონით.

„გარკვეული სიფრთხილე მას სჭირდება, ყველა ლოგიკიდან გამომდინარე. ჩვენ ვიცით ისტორიები, ბევრი ისტორია, ჩვენი უახლოესი ისტორიიდან გამომდინარე, როცა ხელისუფლება იყენებს ყველა მეთოდს, მათ შორის, არაეთიკურ და არაკანონიერ მეთოდს, რომ მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგე გაანადგუროს“.

სასამართლოს გზით მოქალაქეობის მიღების მოთხოვნისა და პრეზიდენტისთვის წერილობითი მიმართვის გარდა, ზურაბ ბიგვავა ასევე მიესალმება საზოგადოების ერთი ჯგუფის ინიციატივას, რომელიც ხელმოწერების შეგროვას ითვალისწინებს, ბიზნესმენისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით.

ადვოკატი ეკა ბესელია კი ამბობს, რომ ამ ინიციატივას ჯერ იკვლევენ:

„ეს სოციალური ჯგუფებიდან იქნა შემოთავაზებული, ანუ საზოგადოების მოთხოვნაა, უბრალოდ, ჩვენ ვსწავლობთ ამ განწყობას, ვიკვლევთ ამ საკითხს და მივიღებთ ამაზე გადაწყვეტილებას“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ, კანონმდებლობის მიხედვით, თუ პირს არ ჩაუდენია კაცობრიობის წინაშე დანაშაული, თუ მისი მოქალაქედ აღიარება არ ეწინააღმდეგება ქვეყნის უსაფრთხოების ეროვნულ ინტერესებს, რასაც სერიოზული დასაბუთება სჭირდება, მაშინ, „თუ უარს იტყვის ყველა ქვეყნის მოქალაქეობაზე და მოითხოვს საქართველოს მოქალაქეობას, მე ვფიქრობ, რომ ძალინ რთული იქნება მისთვის უარის დასაბუთება“.

რაც შეეხება თავად ბიძინა ივანიშვილს, ის დღეს საკუთარ რეზიდენციაში შეხვდა ეროვნული ფორუმის ლიდერებს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ფორუმი ივანიშვილთან ითანამშრომლებს. აქვე გაირკვა, რომ ეროვნულ ფორუმს ტოვებს და „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტად ინიშნება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი.

საგანგებო ბრიფინგი მოიწვია დღესვე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. ის ფიქრობს, რომ პროცესები ვაშინგტონიდან იგეგმება და მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილით ჩაანაცვლებენ. ბიძინა ივანიშილი მან ტელედებატებშიც მიიწვია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG