Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა. 18 ოქტომბერი, 2011

  • ნიკო ნერგაძე

„ახალი თაობა“ წერს: „სამეგრელოს რეგიონის მედიაში სკანდალური ინფორმაცია გაჩნდა იმის თაობაზე, რომ ბაჩო ახალაიამ ზაზა გოროზია სცემა. ამის მიზეზი კი ის მოსალოდნელი საკადრო კარუსელია, რომლის შესახებაც კულუარებში ვრცელდება ინფორმაციაო. ამ ინფორმაციის თანახმად, სამეგრელოში ნაციონალების რეიტინგი დაეცა, იქ თავდაცვის უწყებიდან "დესანტი" უნდა განახორციელონ – მინისტრი ახალაია გუბერნატორად გადაიყვანონ (ზოგიერთი წყაროს ცნობით კი, ზაზა გოროზიას ნაცვლად სენაკის მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მისაბიშვილს დანიშნავენ). ასეა თუ ისე, ამჟამინდელ გუბერნატორ ზაზა გოროზიას მომავალში სიმინდის მოსავალზე მოუწევს ზრუნვა, რადგანაც ამავე ინფორმაციით, გოროზია ბაკურ კვეზერელს ჩაანაცვლებს“. ჩხუბს რაც შეეხება, „გოროზიას გუბერნატორის პოსტის დატოვება არ უნდა. ამის გამო იკამათეს და და კამათის დროს ახალაიამ მას მუშტი რამდენჯერმე ჩაარტყა, ხოლო შემდეგ მის მოადგილეს მიუბრუნდა. გოროზია და ცხადაია ამის შემდეგ სამსახურში არ ყოფილან“ – წერს გაზეთი, მაგრამ იქვე ამატებს, რომ ზემოთ ნახსენები პირებიდან და მათი უწყებებიდან ყველა რაიმე ინციდენტის არსებობას კატეგორიულად უარყოფსო.

ქართული პრესის ძირითად განსახილველ საკითხს რომ მივუბრუნდეთ, რომელიც უკვე კარგა ხანია არის და, როგორც ჩანს, კარგა ხანს დარჩება – ბიძინა ივანიშვილის თემაა. „რეზონანსი“ ბიზნესმენის ახლადშექმნილ ნახევრადფორმალურ მრჩეველთა საბჭოზე წერს სტატიაში, რომლის სათაურიცაა – „პოეტი, დრამატურგი, ფსიქოლოგი და ექსპერტი – მილიარდერის მრჩევლები ხდებიან“. „მრჩეველთა საბჭო განიხილავს სხვადასხვა საკითხს და შეეცდება ბატონ ბიძინა ივანიშვილს სხვადასხვა კუთხით მიაწოდოს მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე“ – უთხრა „რეზონანსს“ ბასა ჯანიკაშვილმა, სათაურში ნახსენებმა დრამატურგმა, რომელმაც თავად ბიძინა ივანიშვილი ასე დაახასიათა – „საკმაოდ დადებითი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. ის არ არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ლაპარაკობს. ესაა ადამიანი, რომელიც ისმენს და ითვალისწინებს შენიშვნებს“. სათაურშივე ნახსენებმა პოეტმა, რატი ამაღლობელმა კი დაამატა –„ის ძალიან გახსნილი ადამიანია და ბევრი რამ აინტერესებს. მას წინასწარი წანამძღვრები არ აქვს საკითხებთან მიმართებაში. ძირითადად, საუბარი ეხება არსებულ რეალობას, რა არის ქვეყნისთვის უკეთესი" – ამას „რეზონანსში“ წაიკითხავთ.

”ალია” კი აქვეყნებს ინტერვიუს რეჟისორ ზაზა სვანაძესთან, რომელიც მალე დაასრულებს პოლიტიკური ხასიათის კლიპის გადაღებას. „მეფე ტინგიცა“ ჰქვია კლიპს, მის შინაარსს, უფრო სწორად, ერთი-ერთი სცენის აღწერას, თავად რეჟისორს მივანდობთ – სამშაბათს ვიღებ სცენას, სადაც მერაბიშვილი, ხელკეტით და წითელი საცვლებით, ქალბატონი კალმახელიძე და და სააკაშვილი ცეკვავენ ტრიოში. ხათუნა კალმახელიძეს აცვია წითელი "ტანგა", სააკაშვილსა და მერაბიშვილს პიკანტური საცვლები – "სტრინგი". ისინი ხელებით იარაღის იმიტაციას აკეთებენ და ცეკვავენ, იმუქრებიან სროლით, კალმახელიძეს ხელ-ფეხზე ხელბორკილები ადევს. ასევე ვიღებ სცენას, სადაც ინგა გრიგოლია თავისი ლეგენდარული ნაწნავითაა და ცეკვავს ჩამტვრეულ ტელევიზორთან – ეს არის გაყიდული და პატივაყრილი ტელევიზიის სიმბოლო". ზაზა სვანიძესთან ინტერვიუს „ალიაში“ წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG