Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითის კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გაერთიანებულმა ოპოზიციამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ეს ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა აიტაცეს. ოსური ოფიციალური მედია კი, ჯერჯერობით, დუმილის რეჟიმშია.

ოპოზიციის ვერსიით, დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში მზადდება საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელი, საპარლამენტოთი შეიცვლება. დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი კი პარლამენტში გადაინაცვლებს და რეალურად ისევ პირველ პირად დარჩება.

ცხინვალის პარლამენტიდან გამოსულ ხმებს ჩვენი ცხინვალელი წყაროებიც ადასტურებენ. ოპოზიცია კი ადგილობრივ საზოგადოებას მიტინგებისკენ მოუწოდებს. ოპოზიციური „სახალხო პარტიის“ ლიდერი, როლანდ ქელეხსაევი, ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ მზადდება საკონსტიტუციო გადატრიალება და კოკოითი, რომელსაც უკვე საკუთარი ხელისუფლების წევრებიც კი ეურჩებიან, ცდილობს, საპარლამენტო უმრავლესობით ხელისუფლებაში დარჩეს, რადგან მისი მემკვიდრე, გამარჯვების შემთხვევაში, მას მაინც მოიცილებს. ქელეხსაევის აზრით, კონსტიტუციაში ცვლილებებისა და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ პარლამენტი დაშლის შესახებ განაცხადებს. საპარლამენტო არჩევნებში კი კოკოითი ეცდება უმრავლესობით მოვიდეს საკანონმდებლო ორგანოში და ასე შეინარჩუნოს ხელისუფლება. ქელეხსაევი მიიჩნევს რომ კოკოითი რთულ მდგომარეობაშია და მის ჩანაფიქრს ოპოზიცია შეეწინააღმდეგება.

„უბრალოდ, პრეზიდენტს უფლებამოსილებას ჩამოაჭრიან და, ფაქტობრივად, პარლამენტის სპიკერი იქნება მმართველი. ხელისუფლების ყველა ბერკეტი მის ხელში იქნება. ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარება, მემკვიდრე მას (კოკოითის) უკვე აღარ აკმაყოფილებს. მისი მომხრეებიც, ვინც კი საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, უკვე დამოუკიდებელ თამაშს თამაშობენ. კოკოითი ხვდება, რომ მას არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას ჩამოაცილებენ, მისი მემკვიდრეც რომ გახდეს პრეზიდენტი“, – ამბობს როლანდ ქელეხსაევი.

საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მმართველ გუნდს ხმების ორი მესამედი სჭირდება. ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ამ რაოდენობის ხმებს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ვერ მოაგროვებს, რადგან კომუნისტები წინააღმდეგი წავლენ. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ, საპარლამენტო უმრავლესობამ სპიკერს, სტანისლავ კოჩიევს, უნდობლობა გამოუცხადა. კოჩიევი კი კომუნისტია. ოპოზიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამჟამად კოკოითის მომხრე ძალოვნები დეპუტატების დაშინებით და მოსყიდვით არიან დაკავებულნი. როლანდ ქელეხსაევი დღევანდელ პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს, რადგან მისი აზრით, იქ ცხრა დეპუტატი უკანონოდ იმყოფება. როგორც ცნობილია, კოკოითის მომხრე ძალოვნებმა, საპარლამენტო არჩევნების წინ, ქელეხსაევს პარტია ძალით წაართვეს და ამ პარტიის სიებით გავიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, ამიტომ ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც ეს პარლამენტი მიიღებს, უკანონო იქნება.
„ამჟამინდელი პარლამენტი არალეგიტიმურია. ცხრა ადამიანი იქ უკანონოდ იმყოფება. ადამიანები, რომლებიც თითქოს სახალხო პარტიას წარმოადგენენ, უცხოები არიან. მათ არა აქვთ დოკუმენტები და, საერთოდ, არაფერი. ყველა დოკუმენტი და ბეჭედი ჩემთან ინახება. 3 ოქტომბერს, როცა ცხინვალში მცემდნენ, ჩემგან ამ დოკუმენტებს და ბეჭედს ითხოვდნენ“, – აცხადებს როლანდ ქელეხსაევი.

ექსპერტების დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების დიდი ნაწილის რეგისტრაციის შემდეგ კონსტიტუციაში ასეთი ცვლილებების შეტანა დაუშვებელია, რადგან კანდიდატებმა პრეზიდენტობის სურვილი მოქმედი კონსტიტუციის და პოლიტიკური მმართველობის მოდელის შესაბამისად გამოხატეს. ისიც წარმოუდგენელია, რომ მომავალი პრეზიდენტი საკუთარი უფლებამოსილების შემცირებას შეეგუოს. ოპოზიცია უკვე მიტინგებისა და საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტი 19 ოქტომბერს შეიკრიბება. ამავე დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა რეგისტრირებული კანდიდატის ვინაობა უნდა დაასახელოს. ამჟამად უკვე 17 კანდიდატია რეგისტრირებული, 11 მსურველს კი უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.
XS
SM
MD
LG