Accessibility links

logo-print
რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის იყო. ბოლო ხანს ავადმყოფობდა... მისი ურიცხვი თაყვანისმცემლის თვალში, იგი მაინც იმ მხნე და მომხიბვლელ რამაზ ჩხიკვაძედ რჩებოდა, როგორადაც მას იცნობდნენ და როგორიც უყვარდათ.

რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა...
რამაზ ჩხიკვაძე, რომელსაც კარგა ხანია სახელით მოიხსენიებდა საქართველო - ”რამაზი თამაშობს...”, ”რამაზმა რომ თქვა...”

მას იცნობდნენ, როგორც ჩვენი ეპოქის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობს და აფასებდნენ არა მხოლოდ საქართველოში. კრიტიკოსებმა რამაზ ჩხიკვაძე შექსპირის გმირების ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს.

რამაზ ჩხიკვაძე თბილისში დაიბადა 1928 წლის 28 თებერვალს.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1951 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში.

რუსთაველის თეატრის სცენაზე მისი ერთ-ერთი პირველი როლი იყო ლეანდრო (“ესპანელი მღვდელი”, 1954 წელი); კინოში კი პირველად მხატვრულ ფილმ ”ჭრიჭინაში” გამოჩნდა.

მერე იყო - კირილე (“სამანიშვილის დედინაცვალი”, 1972 წ.), ყვარყვარე (“ყვარყვარე”, 1974წ.), აზდაკი (”კავკასიური ცარცის წრე” 1975წ.), რიჩარდი (”რიჩარდ III” 1979წ.), ლირი (“მეფე ლირი”, 1987წ.) და სხვა მრავალი საოცარი სახე თეატრალურ სცენაზე.

მერე იყო კინოფილმები - “დღე პირველი, დღე უკანასკნელი” (1959 წ.), ,,ვედრება” (1967წ.), “ლონდრე” (1967წ.), “ნერგები” (1973წ.), “მთვარის მოტაცება” (1973წ.), “ერთი ნახვით შეყვარება” (1975წ.), “სოფლის აშიკი” (1976წ.), ”ქალაქი ანარა” (1976წ.), “ნატვრის ხე” (1977წ.), “ნაზარის უკანასკნელი ლოცვა” (1988წ.), “აშუღ ყარიბი” (1988წ.), ”ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი” (1988წ.), თეთრი ბაირაღები (1990წ.), ”შეყვარებული კულინარის ათას ერთი რეცეპტი” (1996წ.), მიჯაჭვული რაინდები (1999წ.), მეტეოიდიოტი (2008წ.) და სხვა და სხვა...

მერე იყო პრემიები - სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილისა და შოთა რუსთაველის სახელობის, პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის და სხვა და სხვა...

2006 წლის 28 თებერვალს რუსთაველის თეატრის წინ რამაზ ჩხიკვაძის ვარსკვლავი გაიხსნა.
XS
SM
MD
LG