Accessibility links

ვლადიმირ პუტინი მიესალმება დსთ-ში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი მიესალმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მიერ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და მას რეგიონში თანამშრომლობის განვითარების ”საბაზისო” შეთანხმება უწოდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს: რუსეთმა, სომხეთმა, მოლდავეთმა, უკრაინამ, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და ბელორუსიამ. შეთანხმების შესახებ სამშაბათს სანკტ-პეტერბურგში დსთ-ს პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ მოულოდნელად გამოცხადდა. შეთანხმება ამოქმედდება მომავალ წელს, მას შემდეგ, რაც რვა ქვეყნის პარლამენტებში დაამტკიცებენ. პუტინი აცხადებს, რომ ეს შეთანხმება ჩაანაცვლებს დსთ-ს ქვეყნების 1994 წლის შეთანხმებას, რომლის რატიფიკაცია არც კი მომხდარა. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, შეთანხმების მიღმა დარჩენილი სამი ქვეყანა - აზერბაიჯანი, თურქმენეთი და უზბეკეთი შეისწავლიან საკითხს და წლის ბოლომდე გადაწყვეტენ მასზე ხელის მოწერას.
XS
SM
MD
LG