Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საკითხებზე ესაუბრნენ უილიამ ბერნსს ქართული ოპოზიციის ლიდერები?


უალიამ ბერნსი
უალიამ ბერნსი
ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უილიამ ბერნსს შეხვდნენ.

ქვეყნის უსაფრთხოება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, ადამიანის უფლებები და მოახლოებული არჩევნები, ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილეს. მათივე განცხადებით, უილიამ ბერნსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მყარი პოზიცია საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მათივე მტკიცებით, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ ნომერი პირველი პრიორიტეტი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მომავალი არჩევნების სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებაა.
მისი მხრიდან პირდაპირ ითქვა, რომ შემდეგი არჩევნები უნდა ჩატარდეს ნორმალურ საარჩევნო გარემოში, კონკურენტუნარიან გარემოში...

ოპოზიციასთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე უილიამ ბერნსი საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ფართო სპექტრი, რეგიონში არსებული ვითარება და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხები. უილიამ ბერნსმა გამოხატა აშშ-ის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

პოლიტიკის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის უილიამ ბერნსისა და ქართული ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბასის რეზიდენციაში დილის 10 საათისათვის დაიწყო და, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა. თავისუფალი დემოკრატი ირაკლი ალასანია, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი, ქრისტიან-დემოკრატი გიორგი თარგამაძე, მემარჯვენე დავით გამყრელიძე და ეროვნული ფორუმის ლიდერი კახა შარტავა ესაუბრნენ უილიამ ბერნსს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. უფრო ზუსტად კი, ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სიტუაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქვეყნის უსაფრთხოებაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და ქვეყნის შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე.

შეხვედრიდან გამოსული ირაკლი ალასანია მიუთითებს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დიდი ხანია იცნობს და იცის მისი გულწრფელი ინტერესი, რომელიც საქართველოს წარმატებას უკავშირდება. თავისუფალი დემოკრატი უილიამ ბერნსთან შეხვედრაზე ორი მთავარი საკითხით წარსდგა. პირველი – ხელისუფლების მეთოდები პოლიტიკური ოპონენტების მოსაშორებლად და მეორე – საქართველოში არსებული საარჩევნო გარემო. რაც შეეხება პირველ საკითხს, ირაკლი ალასანია უილიამ ბერნსს სხვა თემებთან ერთად ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩენილ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.
ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

„ვესაუბრე პოლიტიკური ოპონენტების მოცილების საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარულ მეთოდებზე და ამის მაგალითი და დადასტურება იყო უკანასკნელ დღეებში ივანიშვილის წინააღმდეგ გადადგმული სახელისუფლებო ექსტრემიზმის ფაქტები. მან მითხრა, რომ ამ ყველაფერს იღებს დიდი ინტერესით და ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს აუცილებლად დაელაპარაკება. მეორე თემა პოლიტიკურ-საარჩევნო საკითხს შეეხებოდა. მისი მხრიდან პირდაპირ ითქვა, რომ შემდეგი არჩევნები უნდა ჩატარდეს ნორმალურ საარჩევნო გარემოში, კონკურენტუნარიან გარემოში. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ამერიკის ადმინისტრაციისთვის“, – აცხადებს ირაკლი ალასანია.

„ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნოს არაღიარების პოლიტიკა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში“, – ეს არის ის ერთ-ერთი პირველი საკითხი, რასაც რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში შეხვედრიდან გამოსული ქრისტიან-დემოკრატი გიორგი თარგამაძე გამოყოფს. ის უილიამ ბერნსის დანაპირებს გადმოგვცემს: „მან განაცხადა, რომ ისინი აპირებენ არა მხოლოდ შეინარჩუნონ, არამედ კიდევ უფრო მეტად გაააქტიურონ თავიანთი მიდგომები არაღიარების პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს პრევენცია, რომ რუსეთის ორბიტაზე არ აღმოჩნდეს უფრო მეტი ქვეყანა, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას.“
ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციას, ნატოში გაწევრიანებას და, საერთოდ, ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობას უკავშირებენ იმას, თუ როგორ ჩატარდება მომავალ წელს არჩევნები...

გავიხსენოთ, რომ უილიამ ბერნსი 2005-2008 წლებში რუსეთის ფედერაციაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო. ის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია თეთრი სახლის რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის პოლიტიკისა. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ უილიამ ბერნსი თავის გამოსვლებში, რომელიც ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობებს ეძღვნება, ხშირად მიუთითებს ორი ქვეყნის ურთიერთობაში ფუნდამენტური უთანხმოების ერთ სფეროზე, რომელიც საქართველოს საკითხს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის თემას ეხება.

თუკი კვლავ ქართული ოპოზიციისა და უილიამ ბერნსის თბილისურ შეხვედრას დავუბრუნდებით, ახალი მემარჯვენე დავით გამყრელიძე გვეუბნება, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე კონკრეტულად კი, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, თავისუფალ არჩევნებზე, საკუთრების ხელშეუხებლობაზე, თავისუფალი კონკურენციის არარსებობასა და საპატიმროებში არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა. ერთი პარტიის დომინანტური მდგომარეობა – ასე აუხსნა დავით გამყრელიძემ უილიამ ბერნსს საქართველოში დემოკრატიის არარსებობის მთავარი მიზეზი, რის შემდეგაც უილიამ ბერნსის პასუხიც მოისმინა.

„მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ დემოკრატიის განვითარება. ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციას, ნატოში გაწევრიანებას და, საერთოდ, ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობას უკავშირებენ იმას, თუ როგორ ჩატარდება მომავალ წელს არჩევნები“, – ამბობს დავით გამყრელიძე.
ჩვენი ადგილი ევროპაშია და საქართველოს თუ დასავლეთში რეალური ინტეგრაცია უწერია, ეს არ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი შტატის სტატუსი...

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ღერძია, აღნიშნავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი და სწორედ ამ მიმართულებით აფასებს უილიამ ბერნსის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას.

„ეს ის ქვეყანაა, რომელთანაც მჭიდრო თანამშრომლობაზე აფუძნებს საქართველო მომავლის ფორმირების პროცესს. რა თქმა უნდა, ეს ასევე უნდა მოხდეს ვეროპელებთან ერთად, რადგან ჩვენი ადგილი ევროპაშია და საქართველოს თუ დასავლეთში რეალური ინტეგრაცია უწერია, ეს არ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების მორიგი შტატის სტატუსი, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის ფორმირების გზაზე, ამერიკის როლი, რა თქმა უნდა, სრულიად უნიკალურია“, – მიაჩნია ირაკლი მენაღარიშვილს.
XS
SM
MD
LG