Accessibility links

logo-print
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პოლიციამ უკვე დაკითხა ბანკ „ქართუს“ ის თანამშრომლები, რომლებსაც 18 ოქტომბერს ინკასაციის მანქანით „საქართველოს ბანკიდან“ გამოტანილი 2 მილიონი ევრო და 1 მილიონი ამერიკული დოლარი გადაჰქონდათ. ბანკ „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურის მტკიცებით, პოლიციამ ბანკის კუთვნილი ავტმობილი და ფული გაიტაცა.

18 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს 5 საათზე, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა „საქართველოს ბანკიდან“ გამოსული ბანკ „ქართუს“ კუთვნილი ინკასაციის მანქანა გააჩერეს; ღამის საინფორმაციო გამოშვებებიდან კი საზოგადოებამ შეიტყო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფულის გათეთრების ფაქტი აღკვეთა.
იარაღისა და ძალის გამოყენებით დააკავეს ”ბანკი ქართუს” ექვსი თანამშრომელი და წაიყვანეს ინკასაციის მანქანა, რომელსაც გადაჰქონდა ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა...

ფული რომ ბიძინა ივანიშვილისაა, ამას არც დაკავებული ინკასატორები და არც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები უარყოფდნენ. ივანიშვილის პრესმდივანმა ირაკლი ტრიპოლსკიმ რადიო „თავისუფლებას“ უთხრა, რომ ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ თავდასხმასა და სხვისი საკუთრების მიტაცებას:

„იარაღისა და ძალის გამოყენებით დააკავეს ”ბანკი ქართუს” ექვსი თანამშრომელი და წაიყვანეს ინკასაციის მანქანა, რომელსაც გადაჰქონდა ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა“.

თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე საათში გაავრცელა ვიდეომასალა, რომელზეც, სავარაუდოდ, შთაბეჭდლების მოხდენის მიზნით, ასახული იყო უსასრულო მწკრივებად გაშლილი ფულის კუპიურები. სამინისტროს წარმომადგენელმა მოგვიანებით განმარტა, რომ პოლიციამ აღკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
არ ჩანს, რაში გამოვლინდა ფულის გათეთრების მცდელობა, როცა ერთი ბანკიდან გამოდის და მეორეში შედის ნაღდი ფული...

სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მიხედვით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციად, ანუ ფულის გათეთრებად ითვლება დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე ვადით. თუ დანაშაული ჩადენილია ჯგუფის მიერ და თანხის ოდენობა აღემატება 50 ათას ლარს, მაშინ პატიმრობის ვადა იზრდება ცხრიდან თორმეტ წლამდე. სისხლის სამართლის კოდექსი ასევე განმარტავს იმას, თუ რა ითვლება დაუსაბუთებელ ქონებად:

„ამ მუხლის მიზნებისათვის, დაუსაბუთებელ ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს არ გააჩნია ან იგი მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით“.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომისტი ნოდარ ხადური ჩამოთვლის ფულის გათეთრების ცნობილ გზებს, რომელთა ნაწილი სამორინეებსა და ოფშორულ ზონებს უკავშირდება. რაც შეეხება 18 ოქტომბერს მომხდარ ფაქტს, ამის შესახებ აცხადებს:
ნოდარ ხადური

ნოდარ ხადური


„არ ჩანს, რაში გამოვლინდა ფულის გათეთრების მცდელობა, როცა ერთი ბანკიდან გამოდის და მეორეში შედის ნაღდი ფული. საჭიროა მეტი ინფორმაცია... გაუგებარია, როგორ შეიძლება იყოს შავი ფული „საქართველოს ბანკში“ და რატომ უნდა წაეღოთ ის სხვა ბანკში“.

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ითხოვს „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტიც. ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით, 18 ოქტომბერს „ბანკმა ქართუმ“, სალაროს გამაგრების მიზნით, „საქარველოს ბანკთან“ გააფორმა ორი სტანდარტული ბანკნოტური გარიგება. შესაბამისად, ჯავახიშვილის თქმით, გაუგებარია, თუ რა საფუძვლით შეიძლება ჩაითვალოს საბანკო პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებული სალაროს გამაგრების ოპერაცია ფულის გათეთრებად.

„ბანკში სჭირდებათ როგორც ნაღდი ფული, ასევე უნაღდო ფული. როცა დარღვეულია თანაფარდობა ნაღდსა და უნაღდოს შორის, ამ თანაფარდობის შევსებას ცდილობს ნებისმიერი ბანკი, რაც კანონითაა ნებადართული, ხოლო იმას, თუ სად იდება ეს 2 მლნ ევრო და 1 მლნ დოლარი, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. გამოდის „კომერცბანკმა“ ჩაატარა ეს დანაშაულებრივი მოქმედება ჩვენს ანგარიშზე, ან ამერიკაში „დოიჩებანკსა“ და „სიტი ბანკს“ შორის მოხდა ეს გადარიცხვა. არადა, იქ ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სამსახური ასჯერ უფრო უკეთესად მუშაობს, ვიდრე საქართველოში და იმათი ვალდებულებაც არის ამის განხილვა. თუ ამის გამოძიებას აპირებს ვინმე, გამოიძიოს, მაგრამ რა შუაშია მოლარე და ინკასატორი?“
ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სჭირდება ინკასაციის მანქანების დაპატიმრება იმისათვის, რომ დაადგინოს თეთრია ფული თუ შავი?...

ნოდარ ჯავახიშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტად მსახურობდა, ასევე ახსენებს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულება სწორედაც რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთაა.

„ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სჭირდება ინკასაციის მანქანების დაპატიმრება იმისათვის, რომ დაადგინოს თეთრია ფული თუ შავი? ამ სამსახურს ეგზავნება 30 ათას დოლარზე მეტი ყველა გადარიცხვა და, საჭიროების შემთხვევაში, ხდება იდენტიფიცირება. ამის მერეც თუ რჩება ეჭვი, მერე იწყება გამოძიება“, – უთხრა ნოდარ ჯავახიშვილმა რადიო თავისუფლებას.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას დამატებით განმარტებები არ გაუკეთებიათ. 19 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში კი გავრცელდა ეროვნული ბანკის განცხადება, რომლის თანახმადაც, ეროვნულმა ბანკმა, როგორც საბანკო სექტორის რეგულატორმა და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გარანტმა, მიიღო გადაწყვეტილება, ადგილზე დეტალური შესწავლის გზით, შეაფასოს „ბანკ ქართუში“ შექმნილი ვითარება, პასუხი მიიღოს ყველა წარმოშობილ შეკითხვაზე და მიღებული შედეგების საფუძველზე განსაზღვროს ბანკის სამომავლო ზედამხედველობის სტრატეგია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG