Accessibility links

logo-print
19 ოქტომბრის გაზეთების მთავარ თემებს კვლავაც ბიძინა ივანიშვილთან კავშირში განვითარებული მოვლენები წარმოადგენს. პრესა იუწყება, რომ ბიზნესმენის პოლიტიკურ გეგმებს ხელისუფლებამ „ღია ომი“ გამოუცხადა და სწორედ ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა მიზეზით უკვე დააკავეს ბიზმესმენთან გარკვეულ კავშირში მყოფი რვა ადამიანი. მათ შორის არის „ბანკ ქართუს“ ექვსი თანამშრომელი, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის გათეთრებას სდებდა ბრალად, თუმცა დაკავებულები იმავე დღეს, 18 ოქტომბერს, გაათავისუფლეს.

პრესის ყურადღების ცენტრშია ასევე ბიძინა ივანიშვილის ვაჟის – ბერა ივანიშვილის მეგობრის, ლევან მდინარაძის, იგივე დიჯეი რემბოს (DJ Rembo) დაკავების ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული ნარკოტიკებთან კავშირშია მხილებული, თუმცა ბიზნესმენის გარემოცვა ირწმუნება, რომ ლევან მდინარაძე „ქართული ოცნების“ სარეკლამო მაისურების დარიგების გამო დააკავეს. „ეს არის ომის გამოცხადების ვითარება. მერე რა, რომ ქუჩაში სროლის ხმა არ ისმის. ეს არის ომი ივანიშვილის წინააღმდეგ“, – ამ შინაარსის კომენტარი, რომელსაც გაზეთი „რეზონანსი“ ბეჭდავს, ბიზნესმენის მრჩეველს, ზურაბ ბიგვავას ეკუთვნის და ის, სხვა ფაქტებთან ერთად, იქვე იხსენებს საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დირექტორის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, კახეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსის, თამაზ თამაზაშვილის დაკავების ფაქტსაც.

ასევე, გაზეთი „რეზონანსი“ ბეჭდავს ინტერვიუს „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერთან, დავით გამყრელიძესთან, რომლის პოლიტიკური ძალაც ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ წერილში სათანამშრომლოდ მიუღებელ, „ფსევდოოპოზიციურ“ ძალად არის დასახელებული. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმენის გარემოცვა საწინააღმდეგოს ამტკიცებს, დავით გამყრელიძის აზრით, ივანიშვილი „ქუჩის მეთოდებით აპირებს პოლიტიკური მიზნების მიღწევას“, ხოლო „ასეთმა გზამ ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა“. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, როგორც თავად ამბობს, „ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს“ ხელისუფლების ბრალდებებს ივანიშვილის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირის თაობაზე. თუმცა, დავით გამყრელიძე იმასაც აღნიშნავს, რომ რუსეთში „დიდი ბიზნესის“ მართვა მისთვის „ეფესბესთან“ კავშირის გარეშე წარმოუდგენელია.

ივანიშვილის მოსკოვთან კავშირზე საუბარს ხელისუფლების მიერ აგორებულ „შავ პიარად“ მიიჩნევს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია. გაზეთ „ყველა სიახლესთან“ ინტერვიუში ის აცხადებს, რომ ივანიშვილმა კაპიტალი რუსეთში თავისი ნიჭისა და შრომის წყალობით დააგროვა და ბიზნესმენი „რუსეთმა პოლიტიკურ თამაშში ვერ ჩაითრია“. ამავე ინტერვიუში ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ხელისუფლების „მეორე და მესამე ეშელონებში უკვე დიდი ამბებია, მიმდინარეობს მზადება იმისათვის, როგორ გადმოლაგდნენ სახელისუფლებო ბანაკიდან ოპოზიციაში“.

ირაკლი ალასანიასთან ინტერვიუს 19 ოქტომბერს გაზეთი „ახალი თაობაც“ ბეჭდავს. ამ ინტერვიუში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ჰპირდება მიხეილ სააკაშვილს, რომ საზოგადოება უახლოეს პერიოდში იხილავს „სერიოზულ საგამოძიებო მასალებს“ თავად პრეზიდენტსა და „მის კორუმპირებულ რეჟიმზე“, ბიზნესის მონოპოლიურ მართვასთან დაკავშირებით.

გაზეთი „ვერსია“ ცდილობს სამართლებრივ ჭრილში გაარკვიოს, თუ რამდენად რეალისტურია მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან დეპორტაციის გეგმა, რომლის აშკარა ნიშნებიც მედიამ უმრავლესობის წარმომადგენლის, ჩიორა თაქთაქიშვილის 18 ოქტომბრის კომენტარში „ამოიკითხა“. კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მექანიზმების პარალელურად, გაზეთი „ვერსია“ მკითხველს განუმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილი სან-მარინოს საპატიო კონსულია და ამიტომ, „ის უნდა სარგებლობდეს დიპლომატიური ვიზის უფლებით“.
XS
SM
MD
LG