Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი შეისწავლის ”ბანკ ქართუში" არსებულ ვითარებას


”ბანკ ქართუში" არსებულ ვითარებას საქართველოს ეროვნული ბანკი უშუალოდ ბანკში შეისწავლის. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნულმა ბანკმა, როგორც საბანკო სექტორის რეგულატორმა და ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის გარანტმა, მიიღო გადაწყვეტილება, ადგილზე დეტალური შესწავლის გზით შეაფასოს "ბანკ ქართუში" შექმნილი ვითარება, პასუხი მიიღოს ყველა წარმოქმნილ შეკითხვაზე და მიღებული შედეგების საფუძველზე განსაზღვროს ბანკის სამომავლო ზედამხედველობის სტრატეგია. ეროვნული ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "კანონმდებლობის თანახმად, საბანკო ზედამხედველობა კომერციული ბანკების დისტანციური და ადგილზე შემოწმების მეთოდით მიმდინარეობს და შემოწმების ინტენსივობა განისაზღვრება როგორც ბანკის რისკის პროფილის, ასევე წარმოქმნილი განსაკუთრებული ვითარებების გათვალისწინებით.” მსგავს ვითარებად ეროვნული ბანკი ასახელებს იმას, რომ ბოლო ხანს საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს ”ბანკი ქართუს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გენერალურმა დირექტორმა და მისმა მოადგილეებმა. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ დეტალურად შესწავლა სჭირდება 18 ოქტომბერს მომხდარ ფაქტსაც, რომლის გამოც ფულის გათეთრების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
XS
SM
MD
LG