Accessibility links

logo-print

კოკოითის „სახალხო ფრონტი“ ბროვცევისა და ბიბილოვის წინააღმდეგ


ცხინვალი

ცხინვალი

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სამხრეთ ოსეთის სახალხო ფრონტი“, დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ვადიმ ბროვცევის გადადგომას მოითხოვს. ეს ორგანიზაცია მას და მისი გუნდის წევრებს კორუფციაში ადანაშაულებს. სახალხო ფრონტის ლიდერები ბროვცევს პრეზიდენტობის კანდიდატის, ანატოლი ბიბილოვის დახმარებაშიც ამხელენ.

დე ფაქტო რესპუბლიკაში ერთი სახალხო ფრონტი აქამდე უკვე არსებობდა. იგი ოპოზიციურმა პარტიებმა შექმნეს და გაერთიანებული ოპოზიციის „სახალხო ფრონტი“ უწოდეს. ამ პოლიტიკურ გაერთიანებას სათავეში რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლათ თედეევი ჩაუდგა. სექტემბრის შუა რიცხვებში კი კიდევ ერთი „სახალხო ფრონტის“ შექმნის შესახებ გახდა ცნობილი. მაშინ ცხინვალში ყველა ფიქრობდა, რომ დუბლირებული სახელით ახალ ორგანიზაციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდოდა და ოპოზიციის საპირწონედ იქმნებოდა. პირობითად სახელისუფლებო „სახალხო ფრონტიც“ კი შეიძლება ეწოდოს ამ მეორე ორგანიზაციას, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაწყებული, სახელმწიფო კომიტეტებით, ვეტერანთა ორგანიზაციებით გაგრძელებული და სოფლების მოსახლეობით დამთავრებული, ყველა ამ ახალ გაერთიანებაში შეიყვანეს. ამ „სახალხო ფრონტის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი კი ედუარდ კოკოითის ბიძაშვილი ტარზან კოკოევია. ცხინვალში ყველამ კარგად იცის, რომ ეს ორგანიზაცია კოკოითის დასაყრენს წარმოადგენს და მისი გეგმების განხორციელებით არის დაკავებული.

დაფუძნების დღესვე, ფრონტის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მთავარი მიზანი ვლადიმერ პუტინის ინიციატივების მხარდაჭერა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაა. სახალხო ფრონტი პირობას დებდა, რომ შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ ჩაერეოდა, მაგრამ პირობა მალევე დაირღვა. ამ ორგანიზაციამ პირველ სამიზნედ პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი აირჩია და მას მოსკოვში უჩივლა. ეს ბროვცევისთვის პირველი დარტყმა არ არის. მისი გადაყენება „სამშობლოს დამცველთა კავშირის“ და „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა პარლამენტში უნდობლობის გამოცხადებით მოითხოვეს, მაგრამ ბროვცევმა მაშინ თანამდებობა კრემლში მყოფი მფარველების დახმარებით შეინარჩუნა.

დეპუტატების ნაწილმა უარი თქვა უნდობლობის გამოცხადებაზე. იგივე ხალხი ახლა მას „სახალხო ფრონტის“ სახელით ებრძვის. „ფრონტის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, დიმიტრი ივაკო ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ ბროვცევის გუნდი კორუფციაშია ჩართული და რესპუბლიკისთვის გამოყოფილი ფინანსები უკვალოდ ქრება.

შედარებით ცხადი ხდება უკვე მემკვიდრესთან დაკავშირებული საკითხიც, აქამდე ყველას ეგონა, რომ კრემლის მიერ მხარდაჭერილი ანატოლი ბიბილოვი კოკოითის მემკვიდრე იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, გეგმები აირია, კოკოითის მიერ კონტროლირებული „სახალხო ფრონტი“ ბიბილოვისა და ბროვცევის ალიანსზე ალაპარაკდა. ფრონტის ერთ-ერთი ლიდერი ტარზან კოკოევი აცხადებს, რომ ბროვცევი ბიბილოვის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული, რაც მათთვის მიუღებელია.

„სახალხო ფრონტი“ პოლიტიკაში ჩაერთო და ჩაერთო კრემლის გამოგზავნილი პრემიერ-მინისტრის და მოსკოვის მიერ მოწონებული საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ. ბროვცევმა კოკოითის რამდენიმე ბრძოლა პირწმინდად მოუგო. კოკოითის მომხრეებმა მხოლოდ ის შეძლეს, რომ პარლამენტში სპიკერის სკამი გაათავისუფლეს, პრემიერ-მინისტრს კი ვერაფერი დააკლეს. ერთ-ერთი ოპოზიციონერის, ალბერტ ჯუსოევის მრჩეველი დიმიტრი სტაროსტინი ჩვენს რადიოსთან საუბარში აცხადებს, რომ ანატოლი ბიბილოვმა, რომელსაც ცოტა ხნის წინ კოკოითის მხარდაჭერა ჰქონდა, ნდობა დაკარგა.

ექსერტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ძალაუფლების შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობს და მის გეგმებს მისი სატელიტი პარტიები და ორგანიზაციები ახორციელებენ. საუბარი აქტიურად მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც კოკოითის ხელისუფლების შენარჩუნების შანსს დაუტოვებს. ექსპერტების აზრით, კრემლის რჩეული ბიბილოვი კოკოითის მემკვიდრე უკვე აღარ არის, იმიტომ რომ, მან განსხვავებული თამაში დაიწყო.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ კონტროლირებულმა ინტერნეტ-გამოცემა „ოსინფორმმა“ კანდიდატების პირველი რეიტინგები გამოაქვეყნა. მემკვიდრედ მიჩნეული ანატოლი ბიბილოვი მხოლოდ მესამე ადგილზეა. პირველ ადგილზე კი ინფორმაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, კოკოითის გუნდის წევრი, გიორგი კაბისოვია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG