Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პოლიციას საპროტესტო აქციებთან მიმართებით ფრთხილი ბალანსის დაცვა უწევს


აქციის მონაწილის დაპატიმრება
აქციის მონაწილის დაპატიმრება
„დაიკავე ვოლ სტრიტად“ წოდებული ანტიკაპიტალისტური მოძრაობა, აშშ-ის გარდა, უკვე ევროპასაც მოედო. ამერიკის ყველა ქალაქში, დემონსტრანტების გვერდით, პოლიციის საკმაოდ წარმომადგენლობითი ძალა ჩანს, რომელიც ცდილობს აქციის მონაწილეები კონტროლს და კანონის ჩარჩოებს დაუქვემდებაროს. კონფრონტაციის ხარისხის ზრდის პარალელურად, პოლიციის უხეშობის შესახებ ბრალდებებმაც მოიმატა.

მოძრაობა „დაიკავე ვოლ სტრიტი“ სულ უფრო ფართოვდება. მასში მონაწილე ათასობით ადამიანი აცხადებს, რომ ისინი ხალხის „99 პროცენტს წარმოადგენენ“ – მათ, ვის ყოფა-ცხოვრებაზეც ძალიან უარყოფითად აისახება უსამართლო გლობალური ეკონომიკა.
პარალელურად, ათასობით პოლიციელმა პლასტმასის ხელბორკილები მოიმარჯვა და ქუჩაში გავიდა, რათა გააკონტროლოს აქციის მონაწილეები, რომლებიც უარს აცხადებენ საზოგადოებრივ პარკებში გაშლილი კარვების დატოვებაზე, თავიანთი მსვლელობებით კი ქუჩების გადაკეტვას იწვევენ.
ჩვენ არაფერს ვაშავებთ – ამბობს ეს ქალი, როგორც მოისმინეთ. ის ყვება, რომ პოლიცია ხალხს სრულიად უმიზეზოდ იჭერდა – მათ ასფალტზე აგდებდა და აპატიმრებდა. არადა, ამბობენ, ჩვენ არაფერს ვაშავებთო...

პოლიცია საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშეა. მან უნდა შეძლოს ბალანსის დაცვა ორ მნიშვნელოვან ფაქტორს შორის – უნდა დაცული იყოს სიტყვის და შეკრების თავისუფლება, რის გარანტიასაც ამერიკელებს კონსტიტუციის პირველი შესწორება აძლევს; მეორე მხრივ კი, პოლიციამ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს და საზოგადოებრივი წესრიგი დაიცვას.

შეკითხვას, დაცულია თუ არა ეს ბალანსი, სხვადასხვა მხარის წარმომადგენლები განსხვავებულად პასუხობენ.

„დაიკავე ვოლ სტრიტი“ ერთი თვის წინ დაიწყო. თავიდან ეს მხოლოდ აქტივისტების ჯგუფისგან შედგებოდა, რომლებმაც ნიუ-იორკის ფინანსურ უბანში მდებარე კერძო პარკში დასცეს ბანაკი. „ხალხი და არა მოგებაო“, სკანდირებდნენ ისინი დროდადრო, როცა გვერდით ვოლ სტრიტელი ბანკირი ჩაივლიდა. ამ მცირე ჯგუფს საპროტესტო აქციის გამართვისთვის სანქცია არ ჰქონდა აღებული – ამიტომ ისინი პროტესტს შემოსაზღვრულ ადგილებში, ძირითადად, ტროტუარებზე გამოხატავდნენ. პოლიციას მათთვის ხელი არ შეუშლია. მაგრამ ეს მეგობრული ატმოსფერო პირველ ოქტომბერს შეიცვალა. იმ დღეს უკვე 1000 კაცამდე გაზრდილმა ჯგუფმა ბრუკლინის ხიდის დაკავება გადაწყვიტა.

პოლიცია ამოქმედდა და 700 პირი დააპატიმრა. მათ არეულობის გამოწვევა და საგზაო მოძრაობის გადაკეტვა წაეყენათ ბრალად. დაკავებულები დააჯარიმეს და რამდენიმე საათში გაუშვეს.
მაგრამ ამ მასობრივ დაპატიმრებებს ორივე მხარისთვის რადიკალური ცვლილება მოჰყვა. მას შემდეგ მხოლოდ ორი კვირა გავიდა – მოძრაობა „დაიკავე ვოლ სტრიტი“ კი მნიშვნელოვნად გაძლიერდა როგორც რაოდენობრივად, ისე გაბედულების თვალსაზრისით. პარალელურად, გაიზარდა ქუჩებში მდგარი პოლიციელების რიცხვიც.
აქციის მონაწილეთა დაპატიმრება
აქციის მონაწილეთა დაპატიმრება

თითქმის ერთი თვის მანძილზე გაგრძელებული საპროტესტო აქციების განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს დაადეს პლასტმასის ხელბორკილები და დააპატიმრეს. გამოყენებული იყო ცრემლმდენი გაზიც. მოძალადეებად მიჩნეული დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ხელჯოხებსაც მიმართა.

გასულ შაბათ-კვირას ნიუ-იორკში 100-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.
დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებს პოლიციის სისასტიკის შესახებ ბრალდებებიც მოჰყვა. ინტერნეტში 3 000-ზე მეტ ვიდეოს ნახავთ, რომელთა დასახელება, გარკვეული ფორმით, ესადაგება სიტყვების წყობას „დაიკავე ვოლ სტრიტი პოლიცია სისასტიკე“.

პოპულარული საკაბელო ქსელის, MSNBC-ის წამყვანმა, ლორენს ო’დონელმა ერთ-ერთი ასეთი ვიდეო ამ დღეებში ეთერში გაუშვა. ვიდეოში ასახულია როგორ იყენებს პოლიცია აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლმდენ გაზს და შემდეგ მათ აპატიმრებს. ვიდეოს დასრულების შემდეგ ტელეწამყვანმა ნიუ-იორკის პოლიციის წარმომადგენლები მკაცრად გააკრიტიკა და მათ უხეში ტაქტიკის გამოყენებაში დასდო ბრალი:
ამ აქციის ამსახველ ყველა ვიდეოს ჩვენს ბლოგზე განვათავსებთ – და იქ ვერ ნახავთ ვერც ერთ ადამიანს, რომელიც დაპატიმრებისთვის კანონიერი საფუძვლის შემქმნელ ქმედებას სჩადიოდეს...


„ჩვენ არაფერს ვაშავებთ – ამბობს ეს ქალი, როგორც მოისმინეთ. ის ყვება, რომ პოლიცია ხალხს სრულიად უმიზეზოდ იჭერდა – მათ ასფალტზე აგდებდა და აპატიმრებდა. არადა, ამბობენ, ჩვენ არაფერს ვაშავებთო. ამ აქციის ამსახველ ყველა ვიდეოს ჩვენს ბლოგზე განვათავსებთ – და იქ ვერ ნახავთ ვერც ერთ ადამიანს, რომელიც დაპატიმრებისთვის კანონიერი საფუძვლის შემქმნელ ქმედებას სჩადიოდეს“.

მსგავსი კონფრონტაცია – ოღონდ უფრო მცირე მასშტაბით – ბოლო დღეებში ამერიკის სხვა ქალაქებშიც მოხდა. ბოსტონში, მაგალითად, 141 დემონსტრანტი დააკავეს ცოტა ხნით მას შემდეგ, რაც მათ გზა გადაკეტეს და უარი თქვეს, დაეტოვებინათ ქალაქის პარკი. პოლიციას ბოსტონშიც ბევრი ადანაშაულებს სისასტიკეში.
ბოსტონის მერმა, ტომას მენონომ განაცხადა, რომ აქციების მონაწილეებს თანაუგრძნობს – თუმცა მათ ქალაქის პარალიზების საშუალებას ვერ მისცემდა.

დაახლოებით, იგივე გაიმეორა ნიუ-იორკის მერმა, მაიკლ ბლუმბერგმაც – რომ მხარს უჭერს დემონსტრანტების უფლებას სიტყვის თავისუფლებაზე, თუმცა მათ კანონი არ უნდა დაარღვიონ. „კონსტიტუცია კარვებს არ იცავს“ – თქვა მან 17 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა – „ის სიტყვას და შეკრებას იცავსო“.
XS
SM
MD
LG