Accessibility links

logo-print

რამდენად მარტივია ბიზნესის წარმოება საქართველოში?


მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ გამოკვლევაში „Doing Business 2012“ საქართველო 183 ქვეყნის რეიტინგის ოცეულში მოხვდა. საქართველომ მდგომარეობა, გასულ წელთან შედარებით, ერთი პუნქტით გაიუმჯობესა და მე-16 ადგილი დაიკავა. შედეგით ქვეყნის ხელისუფლება კმაყოფილია და მას განხორციელებულ რეფორმებთან აკავშირებს, თუმცა ამ აზრს სრულად არ იზიარებენ ეკონომიკის ექსპერტები. მათი ხედვით, გამოკვლევა მხოლოდ ბიზნესის დაწყების მარტივ პროცედურებს ასახავს და მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს ეხება.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2010 წლის იანვრიდან დღემდე, დაახლოებით, 80 000 ბიზნესსუბიექტი დარეგისტრირდა, თუმცა, დარეგისტრირებულ სუბიექტთა შთამბეჭდავ რიცხვთან ერთად, შთამბეჭდავია ასევე ამ პერიოდში ლიკვიდირებული კომპანიების რაოდენობაც: დაახლოებით, 26 000. აქვე აღვნიშნოთ, რომ საქართველომ „ბიზნესწარმოების“ რეიტინგის მიხედვით, უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში, პირველი ადგილი დაიკავა, მაგრამ ბიზნესის ლიკვიდაციის რეიტინგში საქართველო 109 ადგილზეა. სწორედ ამ მაჩვენებლების შეჯამების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, დავით ნარმანიას შეფასებით, რეიტინგი არ აჩვენებს რეალურად ბიზნესგარემოს მდგომარეობას, არამედ ის ცხადყოფს ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებულ პროცედურებს და ამიტომ არის საქართველო მოწინავე ადგილზე. ქვეყანაში ნორმალური ბიზნესის წარმოების ხელშემშლელ ფაქტორებად კი დავით ნარმანია მიიჩნევს შემდეგ საკითხებს:
დავით ნარმანია

დავით ნარმანია


„ეს არის საგადასახადო კანონმდებლობის გაუმართავი დებულებები, არაცალსახად აღქმადი და წაკითხვადი დებულებები, მეორე, ეს არის ის, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაში მოდის კანონთან და დეკლარირებულ პოლიტიკასთან. აქ არის დავებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც სამინისტროში, ასევე სასამართლო სისტემაში და აქ არის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული პრობლემები ან, თუ ჩვენ გვინდა ბიზნესის შიგნით არსებული პრობლემები, უნდა ვნახოთ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის ცალკეული კომპონენტები, რომელიც ბიზნესის კეთების პროცესს აფასებს“.

დავით ნარმანია გულისხმობს გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგს, რომელიც სექტემბერში გამოქვეყნდა და, ამ მონაცემების მიხედვით, საქართველო 142 ქვეყანას შორის 120-ე ადგილზეა.

ბიზნესწარმოების გამოქვეყნებულ რეიტინგზე დაყრდნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში ვახტანგ ლეჟავა აცხადებს, რომ საქართველო გარდამავალი ეკონომიკის მქონე 20 ლიდერ ქვეყანას შორის რჩება და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯგუფში საუკეთესოა ბიზნესწარმოების თვალსაზრისით. საქართველომ გაიუმჯობესა მდგომარეობა როგორც ბიზნესის დაწყების, ასევე ქონების რეგისტრაციის, ინვესტორთა დაცვისა და კრედიტების მიღების კუთხით, ათი ინდიკატორიდან ოთხში საქართველო საუკეთესო ათეულშია. ვახტანგ ლეჟავა ამბობს, რომ ეს რეიტინგი არა მხოლოდ წარმატების მანიშნებელია, არამედ ერთგვარი დიაგნოზია იმისთვის, რომ ქვეყანამ დაინახოს, თუ სად არის საჭირო მეტი რეფორმა:

„რა თქმა უნდა, ეს რეიტინგი მთელ ეკონომიკურ რეალობას ვერ და არ აღწერს, მაგრამ, თუ ვიმსჯელებთ ამ რეიტინგით, რომელიც პატივსაცემი რეიტინგია, საქართველოში გაუმჯობესდა მდგომარეობა როგორც ინვესტორების დაცვის მხრივ, ასევე კრედიტის მიღების თვალსაზრისით, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ამ ეტაპზე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“.
შემოტანა სხვა ბიზნესია, შემოიტანე თურქეთიდან კვერცხი, გაყიდე ორ თვეში ეს სხვაა, როცა მეწარმე რაღაცის მშენებლობას იწყებს – ეს სხვა. მას რამდენიმე წლის პერსპექტივა და გარანტია უნდა ჰქონდეს, რომ კანონი არ შეიცვლება, რომ ეს იქნება სტაბილური...

პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩევლის მოსაზრებით, ბიზნესის წარმოების გასაუმჯობესებლად სასურველი იქნებოდა, რომ სასამართლოები გადაწყვეტილებას უფრო მალე იღებდნენ და ის ქვეყნდებოდეს ელექტრონულად.

ბიზნესმენი, ლიდერი პარტიისა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, გოგი თოფაძე, თავის მხრივ, შენიშნავს, რომ საქართველოში წარმოუდგენელია ბიზნესის წარმოება, თუ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი არ ხარ. მას მაგალითად მოჰყავს კახეთის რეგიონში მის მიერ გახსნილი ხის გადამამუშავებელი საწარმოს ბედი. გოგი თოფაძე ამბობს, რომ ახლა საწარმოს უცხოელი ინვესტორები ამუშავებენ.

„შემოტანა სხვა ბიზნესია, შემოიტანე თურქეთიდან კვერცხი, გაყიდე ორ თვეში ეს სხვაა, როცა მეწარმე რაღაცის მშენებლობას იწყებს – ეს სხვა. მას რამდენიმე წლის პერსპექტივა უნდა ჰქონდეს, გარანტია უნდა ჰქონდეს, რომ კანონი არ შეიცვლება, რომ ეს იქნება სტაბილური. ჩვენ როცა დავიწყეთ ხის გადამამუშავებელი ბიზნესი, იყო კანონი, რომ ყოველ წელს გარკვეულ ტყეკაფს გვიყოფდნენ, ვიხდიდით ფულს და მერე ვმუშობდით, მერე მიეყიდა უცხოელებს ტყე 20 წლით და დარჩა ქარხანა უმუშევარი, რა უნდა აკეთოს ქარხანამ, თუ არ ექნა ნედლეული“?

გოგი თოფაძე ასევე საუბრობს სასამართლოზე, რომელიც ბიზნესთან დაკავშირებული დავების განხილვისას მიკერძოებულია, თუმცა ხელისუფლება ბიზნებისის წარმოების რეიტინგში მიღებულ მე-16 ადგილს წარმატებად აფასებს და მიიჩნევს, რომ ინვესტორებისთვის ეს ქვეყანაში ბიზნესის დაწყების სტიმული აუცილებლად იქნება.
XS
SM
MD
LG