Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზეთები, ინტერნეტ-ეპოქა და ინფორმაციისადმი დამოკიდებულების ცვლა


“გარდიანის” რედაქტორი ჯორჯინა ჰენრი აცხადებს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გაზეთი “გარდიანი” კვდება და ეს ტენდენციაა, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავს. თუმცა, ჯორჯინა ჰენრის აზრით, კვდება გაზეთის მხოლოდ ბეჭდური ვერსია, რადგან “გარდიანი”, მისი თქმით, წარმატებულად ცდილობს ინტერნეტზე გადაეწყოს. რა სტრატეგიას აირჩევს გაზეთი და როგორია სამომავლო პერსპექტივა, ჯორჯინა ჰენრის აზრით, ჯერჯერობით, ბუნდოვანია. ჯორჯინა ჰენრის, თბილისში ყოფნისას, დათო ჩაგანავა ესაუბრა და კითხვები დაუსვა, ზოგადად, ინფორმაციასთან დამოკიდებულების მსოფლიო ტენდენციებზე, გაზეთების მომავალსა და მთავრობათა მხრიდან ინფორმაციის გავრცელების კონტროლზე.

რადიო “თავისუფლება”: ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომლითაც მინდა დავიწყოთ, არის იდენტობა გაზეთებისა, რომელიც თქვენ სიტყვით გამოსვლისას ახსენეთ [ავტორი: იდენტობა ამ შემთხვევაში ნიშნავს გაზეთების მიერ გენერირებული კონტენტის განსხვავებულობას სხვა არაპროფესიონალი გენერატორებისგან ე. წ. ”არაპროფესიონალი ჟურნალისტებისგან”]. რა იქნება, თქვენი აზრით, ეს იდენტობა გაზეთებისთვის მომავალში და რატომ უნდა ვიკითხოთ გაზეთები საერთოდ? თუნდაც ინტერნეტ-ფორმატში, მაშინ, როცა უამრავი სხვა წყაროა ინფორმაციისა უფასოდ, ინფორმაციისა, რომელსაც პირველწყაროები გენერირებენ, ანუ ადამიანები საკუთარი თვალით ნახულობენ, აფიქსირებენ და ავრცელებენ ინტერნეტით. რა საჭიროა მედიუმი ამ პროცესში?

ჯორჯინა ჰენრი: მართალია, ახალი ამბავი ყველგანაა, მისით გაჯერებულია სივრცე, მაგრამ ჟურნალისტიკა ჯერ კიდევ საჭიროა, მაგალითად, გამოძიებების ჩასატარებლად და ასევე საჭიროა ინფორმაცია, რომელიც რედაქტირებულია პროფესიონალების მიერ. “გარდიანს” აქვს 100-ზე მეტ-წლიანი გამოცდილება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მკითხველს ჯერ კიდევ სურს ჰქონდეს რედაქტირებული ინფორმაცია, ვიდრე გაურედაქტირებელი ნედლი ინფორმაციის ზღვაში მოუწიოს გარკვევა.

რადიო “თავისუფლება”: როცა გისმენდით[ავტორი: ჯორჯინა ჰენრი სიტყვით წარსდგა ინფორმაციის თემაზე თბილისში გამართულ კონფერენციაზე], შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თქვენ ეხმარებით მკითხველს, აითვისოს თვითორგანიზებისა და თვითკორექტირების უნარები [იგულისხმება გარდამავალ ეპოქაში, როცა ადამიანებს აქვთ ინფორმაციასთან მეტი წვდომა, მაგრამ არ აქვთ წყაროების იდენტიფიცირების ან წვდომის იგივე ხარისხი, რაც ტრადიციულ მედიას… ყოველშემთხვევაში, ასეთია ტრადიციული მედიის ფუნდამენტური ხედვა საკითხისა]. ასე რომ, შეიძლება მომავალში საზოგადოებები ამ ფუნქციებს თავად შეითავსებენ, სადაა აქ ჟურნალისტის საჭიროება?

ჯორჯინა ჰენრი: მე ვფიქრობ, ხალხი ჯერ კიდევ მოდის ჩვენს საიტზე, რადგან მათ სურთ პროფესიონალი ჟურნალისტების შექმნილი პროდუქტი. თუ ეს საერთოდ გამოგვივა, მომავალში ყველაფერი იქნება ჟურნალისტური ექსპერტიზისა და საზოგადოებიდან მიღებული ინფორმაციის კომბინაცია. ჟურნალისტებს აქვთ პროფესიონალური განათლება, რაც ბევრ ადამიანს, რომელსაც აქვს წვდომა ინფორმაციასთან, არ გააჩნია. ადამიანებმა არ იციან, როგორ უნდა მოეპყრონ ნედლ ინფორმაციას, როგორ მოახდინონ მისი ორგანიზება, გადამოწმება, ა. შ… და გამოსავალი ამ კომბინაციაშია, პროფესიონალური ჟურნალისტიკისა და მკითხველთა მიერ გენერირებული კონტენტისა.

რადიო “თავისუფლება”: რა არის ეს უნარები, რაც ჟურნალისტებს აქვთ და რაც ადამიანებს, რომლებსაც ინფორმაციასთან პირდაპირი წვდომა შეუძლიათ, არ გააჩნიათ?

ჯორჯინა ჰენრი: ეს საკითხია, რომელზეც მუდმივად ვდავობთ. პირველ რიგში, ეს არის წვდომა. ჟურნალისტებს აქვთ ძალაუფლებასთან უფრო ახლოს წვდომა. თუ, მაგალითად, შენ გაქვს ინფორმაცია ან მოსაზრება, რომ ხელისუფლება რაღაცას არასწორად აკეთებს, შენ არ გაქვს გაცილებით ნაკლები შანსი, შეხვდე, მაგალითად, მინისტრს და მწვავე შეკითხვები დაუსვა. ჟურნალისტებს წვდომა აქვთ, რაც ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ მოგაწოდონ ინფორმაცია, რომელიც სხვაგვარად არ გექნებოდა. ასევე ისინი არიან გაწვრთნილნი უნარებში, თუ როგორ მიყვნენ თემებს ბოლომდე, გადაამოწმონ, ჩაწერონ ინტერვიუები. კი, ამის გაკეთება მოქალაქესაც შეუძლია, მაგრამ მაინც საჭირო მგონია ის სტატუსი, რომელიც ჟურნალისტებს აქვთ.

რადიო “თავისუფლება”: როცა წვდომაზე საუბრობთ, მახსენდება wikileaks (ვიკილიქსი)… ინფორმაცია ზედაპირზე ამოდის ზოგადად და თუ წარსულში ჟურნალისტები განხილული იყვნენ, როგორც ინფორმაციის მაძებარნი, დღეს ეს რაღაცნაირად იცვლება…

ჯორჯინა ჰენრი: wikileaks კარგი მაგალითია. wikileaks იღებს ამ დოკუმენტებს და დებს ყველაფერს ინტერნეტში, ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება. მაგრამ მიზეზი, თუ რატომ მოვიდა wikileaks ჩვენთან, ანუ Guardian-თან, იგივე Nytimes-თან, Speagel-თან, არის ის, რომ, როცა მან უბრალოდ განათავსა დოკუმენტები ინტერნეტში, მათ გავლენა ვერ იქონიეს. ამიტომ მათ სჭირდებოდათ ტრადიციული მედია, რომ მთელი ამ კონტენტის ორგანიზება და რედაქტირება მოეხდინათ. მე ვფიქრობ, რომ ის მეთოდი, რომლითაც გაზეთებმა ეს კონტენტი განათავსეს საკუთარ ვებ-გვერდებზე, გაცილებით წარმატებული აღმოჩნდა. გაზეთებმა დოკუმენტები სხვადასხვა ენებზე წარუდგინეს პუბლიკებს, უთხრეს მკითხველს, რისთვის მიექცია ყურადღება [wikileaks-ის მასალა ასობით ათას გვერდს მოიცავდა] და, პირველ რიგში, დაარედაქტირეს მასალები, რომლებიც, იფიქრეს რომ, მკითხველს მეტად დააინტერესებდა. მეორე ნაბიჯი იყო – ჩვენ ვუთხარით მკითხველს, აგერაა ნედლი მასალა და გვითხარით, რა თემები გაინტერესებთ და ჩვენ ამ ნედლ მასალას დავამუშავებთ. გარდა ამისა, ჩვენ შევძელით მთავრობის კომენტარების მოპოვება ამ საკითხებზე, მივეცით ინფორმაციას თხრობის ფორმა და ამ ყველაფერმა კარგად აჩვენა, რატომაა საჭირო ჟურნალისტიკა დღეს.

რადიო “თავისუფლება”: ეს, რაღაცნაირად, ფუნდამენტურად ხომ არ გადახრის ჟურნალისტის როლს ინფორმაციის მომპოვებლიდან ინფორმაციის ორგანიზატორისკენ?

ჯორჯინა ჰენრი: მგონია, რომ ჟურნალისტებს ჯერ კიდევ სჭირდებათ ინფორმაციის ძებნა. მაგრამ ფორმა შეიცვალა. დღეს, მაგალითად, იყენებ სოციალურ მედიას და ამბობ, მე ვწერ ამა და ამ თემაზე და დამეხმარეთ ინფორმაციის გენერირებაში, ან ამბობ: მჭირდება ასეთი ინფორმაცია, ვინმეს ხომ არ შეუძლია დამეხმაროს?... ვინმემ ხომ არ იცის ეს ან ის?... რეპორტიორები Guardian-სა და სხვა გაზეთებიდან, მუდმივად აკეთებენ ამას. საერთოდაც, მედიამ, როგორც რედაქტორმა, აზრი უნდა გამოიტანოს ინფორმაციის ნაკადებიდან.

რადიო “თავისუფლება”: ანუ გაბნეულ ინფორმაციას აკავშირებთ?

ჯორჯინა ჰენრი: დიახ, ეს ნაწილობრივ ხდება შენს რეპორტიორებზე და ნაწილობრივ მკითხველებზე (თვითერი, ფეისბუკი, ბლოგები) დაყრდნობით. ანუ კურატორის როლს ითვისებს მედია და ეს მნიშვნელოვანია. დღეს მიდგომა ფუნდამენტურად იცვლება, იმის ნაცვლად, რომ თქვა – მე ვარ რედაქტორი და მე მაქვს საინტერესო იდეა, რომელზეც მინდა დავწერო (ბუნებრივია, ეს ნაწილობრივ ჯერ კიდევ ხდება), ეძებ რაზე საუბრობენ თავად მკითხველები.

რადიო “თავისუფლება”: ანუ მედია ეუბნება მკითხველს: ჩვენ დაგეხმარებით ინფორმაციის ორგანიზებაში…

ჯორჯინა ჰენრი: დიახ, მზარდად, სულ უფრო მეტად კონტენტი მკითხველისგან, მომხმარებლისგან მოდის, რომლის ფილტრირებას, რედაქტირებას და კურირებასაც ვახდენთ ჩვენ. და ასეთი კონტენტი ჩვენი ინფორმაციის სულ უფრო დიდ ნაწილს იკავებს, ანუ მკითხველი ავსებს საინფორმაციო სივრცეს. კი, ჯერ კიდევ გვჭირდება ჟურნალისტები, მაგრამ სავარაუდოდ, იმდენი აღარ გჭირდება, რამდენიც გჭირდებოდა წარსულში. დაფინანსების მხრივ, ჩვენ გაგვიმართლა, ჩვენ გვიცავს მკაცრად ორგანიზებული ფონდები, რომლებიც გაზეთის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს.

რადიო “თავისუფლება”: მაგრამ დიდი გაზეთებიც გადიან ბიზნესიდან… ამ ცვლილებების გამო.

ჯორჯინა ჰენრი: არ ვიცი, რა იქნება მომავალში. საკმაოდ ბუნდოვანია ეს მომავალი გაზეთებისთვის. ჩვენ სულ უფრო გაგვიჭირდება, ჩვენს მუდმივ მკითხველს მივაწოდოთ დაბეჭდილი გაზეთი, ეს სულ უფრო ძვირი გვიჯდება. არ ვიცი, რა იქნება. ვფიქრობ, გაჩნდება ელექტრონული პლატფორმები, რომელთა წარმოდგენა მე და თქვენ დღეს გაგვიჭირდება. კონტენტის მოძიების მეთოდები ფუნდამენტურად შეიცვლება. დღეს, მაგალითად, მე გაოგნებული ვარ მობილური ინფორმაციის გავლენით, სამ წლიწადში, სავარაუდოდ, ჩვენი ელექტრონული კონტენტის 50 პროცენტი მობილური ტელეფონიდან იქნება მოხმარებული. “გარდიანის” კითხვა პატარა მობილურ ტელეფონში ფუნდამენტური ცვლილებაა. ამიტონ ჩვენ გვჭირდება, გავხდეთ გაცილებით სწრაფები, რათა მოვახდინოთ ადაპტირება ცვლილებებთან და მივაწოდოთ მკითხველს კონტენტი იმ პლატფორმებით, რაც ხმარებაში იქნება. ფუნდამენტურად კონტენტი მსგავსი იქნება, უბრალოდ, ის შეიძლება იყოს ნაკლებად ტექსტი, მეტად ვიდეო ან სხვა ფორმატები, რომელთა წარმოდგენა დღეს მიჭირს კიდეც. ვფიქრობ, იქნება თუ არა ბეჭდური გაზეთები ოც წელიწადში? – ვფიქრობ, რომ არა.

რადიო “თავისუფლება”: შემოსავლის წყაროებზე რას იტყვით? მეთოდი, რომელსაც, მაგალითად, ვიკიპედია იყენებს, შემოწირულობები?..

ჯორჯინა ჰენრი: მე ვფიქრობ, მკითხველს ვერ გადავახდევინებთ ფულს იმაში, რომ მასალებთან წვდომა ჰქონდეს. ეს ფუნდამენტურად არასწორი იქნება. თან ეს მეთოდები არ მუშაობს, ხალხი უბრალოდ სხვაგან წავა, უფასო კონტენტისკენ.

რადიო “თავისუფლება”: მაგრამ მე ამაზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ მეთოდზე, როცა შენ კონტენტს უფასოდ აძლევ და ეუბნები, თუ გინდა რომ არსებობა გავაგრძელო და მოგაწოდო გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია, შემომწირე თანხა, ანუ დამეხმარე, რომ დაგეხმარო შენ, ორმხრივი კოოპერაცია პირდაპირ მკითხველთან…

ჯორჯინა ჰენრი: შემოწირულობები ვფიქრობ, საინტერესოა, თუმცა ჯერ არ ვიცით, ეს როგორ იმუშავებს.

რადიო “თავისუფლება”: და ბოლოს, ინფორმაციის გახსნა, ზედაპირზე წამოსვლა როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს ზოგადად ეს პროცესი ისეთ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო?

ჯორჯინა ჰენრი: ინტერნეტი შეუჩერებელი ძალაა. თუ არ ჩავთვლით ჩინეთს, სადაც იპოვეს საკმაოდ საინტერესო მეთოდები მისი ცენზურისა. რა ვიცი, როგორია ინტერნეტის წვდომა საქართველოში, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს მუდმივად მზარდი ციფრი იქნება. იზრდებიან ახალი თაობები, რომლებიც ეჩვევიან თავისუფალ წვდომას ინფორმაციაზე, სხვადასხვა წყაროზე. მაგრამ მე ვფიქრობ, ჟურნალისტებმა არ უნდა დატოვონ ველი, მათ უზარმაზარი როლი აქვთ ამ ახალ სამყაროში.

რადიო “თავისუფლება”: გარდავალ ეტაპზე?…

ჯორჯინა ჰენრი: არა მარტო… კიდევ დიდხანს იქნება ჟურნალისტების საჭიროება, მათი უნარები საზოგადოებებს სჭირდებათ. რაც უნდა მოხდეს ის არის, რომ მკითხველს მიეცეს საშუალება, გახდეს სერიოზული ნაწილი ინფორმაციის შეგროვებისა და გენერირებისა. ეს მედიის დამოუკიდებლობას ფუნდამენტურად აძლიერებს. ანუ აქ არა უბრალოდ მთავრობა არის მედიის წინააღმდეგ, არამედ მთავრობა გამოდის ხალხის წინააღმდეგ.

რადიო “თავისუფლება”: მთავრობებზე რომ ვთქვათ და ინფორმაციის კონტროლზე, wikileaks-ის შემდეგ დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი მთავრობებმა ინფორმაციის მიმოქცევის კონტროლის გამკაცრება სცადეს… თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხს? ზოგიერთი თვლის, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს მეტი კონტროლი…

ჯორჯინა ჰენრი: მე ვფიქრობ, მთავრობებს ყოველთვის სურდათ და სურთ ინფორმაციის კონტროლი. თუმცა დღეს ინტერნეტმა მთავრობები რეალურად შეაშინა. ინტერნეტი წარმოუდგენლად ძლიერი ბერკეტია მოქალაქეების ხელში და მთავრობებს ეს არ მოსწონთ. ამიტომ აუცილებელია, რომ გვქონდეს დისკუსიები ამ თემებზე, რათა ყველას ახსოვდეს, რომ თავისუფალი წვდომა ინფორმაციაზე მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებაა მთელ მსოფლიოში. ყველა მთავრობა ცდილობს ამ პროცესის რაღაცნაირად კონტროლს, მაგრამ ეს არსად არ მიდის, გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი ამის შეჩერებას ვერ შეძლებენ. გაცილებით ადვილია, დახურო გაზეთი, მაგრამ რა უნდა მოუხერხო ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება მსოფლიო ქსელში?
XS
SM
MD
LG