Accessibility links

„ხელისუფლებამ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების პროცედურა წამოიწყო“ – სტატიას ამ სათაურით დღეს „რეზონანსი“ აქვეყნებს. გაზეთის ინფორმაციის მიხედვით, სამომავლო ზედამხედველობის სტრატეგიის განსაზღვრის მიზნით, „ეროვნული ბანკი“ „ქართუ ბანკში“ შევიდა. ექსპერტების განცხადებით, ხელისუფლება თითქმის იმავე სცენარით მოქმედებს, რომლითაც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის „სტანდარტ ბანკი“ გაკოტრდა. ამ ორი ფაქტის შემდეგ, ვკითხულობთ სტატიაში, რომ საბანკო სექტორის მიმართ ნდობა კიდევ უფრო ეცემა და საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, რომელი ბანკი იქნება შემდეგი და არის თუ არა საქართველოში ბანკების კლიენტების უფლებები დაცული?

გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ თანახმად კი, ხმები მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირების შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გავრცელდა. ამ ინფორმაციას გაზეთთან საუბარში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანიაც ადასტურებს. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკისკენ გადადგმული ნაბიჯი არის ტექტონიკური ძვრა, რომელმაც შეცვალა ძალიან ბევრი რამ და აამაღლა შანსი იმისა, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა დამარცხდება საპარლამენტო არჩევნებში.

გაზეთ „ალიას“ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის საკითხზე თავის მოსაზრებებს „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი უზიარებს. მისი აზრით, სამი საკითხია საჭირო ავტორიტარული რეჟიმის შესაცვლელად: პირველი, მთელი ძალების ერთი მიმართულებით კონცენტრაცია, მეორე, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის, ყველაზე რადიკალურად განწყობილი ამომრჩევლის არჩევნებზე მიყვანა და მესამე, ხმების დაცვა. სამივე ამ საკითხზე, რომელიც, „ხალხის პარტიის“ ლიდერის თქმით, გამარჯვების გასაღებია, ბიძინა ივანიშვილს აქვს სწორი პოზიცია. კობა დავითაშვილი ამბობს იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევნების გაყალბებისაგან დაცვის ქმედითი მექანიზმები გააჩნია. ეს მექანიზმი კი ყველა საარჩევნო უბანზე ისეთი სანდო ადამიანების ყოლაა, რომლებიც არ გაიყიდებიან.

რას არ თმობს ხელისუფლება მომავალ საარჩევნო კოდექსში გაზეთ „ახალი თაობის“ ფურცლებიდან შეიტყობთ. იმის მიუხედავად, ვკითხულობთ, გაზეთში, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები, საარჩევნო კანონმდებლობა გვესაჭიროება, თანაც ჯანსაღი და გამართული. ისეთი, რომელიც საბოლოოდ გამორიცხავს იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც მმართველ გუნდს გაყალბების საშუალებას მისცემს. გაზეთის რესპონდენტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარე, ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ ორგანიზაციამ, საქართველოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ ერთად, შეიმუშავა კოდექსის პროექტთან დაკავშირებული ერთობლივი შენიშვნები. თუმცა პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ამ შენიშვნების ნაწილის გაზიარებაზე უარი არ თქვა, მაგრამ არის საკითხებიც, რომლებიც ცვლილებას აღარ დაექვემდებარება. ასეთია, მაგალითად, დეპუტატთა რაოდენობის ზრდა, რასაც სამართლიანი არჩევნების საზოგადოება არაკონსტიტუციურად მიიჩნევს, რადგან დეპუტატთა რაოდენობა – 150, რეფერენდუმის გზით დამტკიცდა, მაშინ ზრდაც რეფერენდუმის გზით უნდა მოხდეს – ამბობს ნინო ლომჯარია.

გაზეთი „24 საათი“ მკითხველის ყურადღებას საარჩევნო სუბიექტებისათვის განსაზღვრული მკაცრი სანქციების თემაზე ამახვილებს. საქმე ეხება სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებების კანონპროექტს, რომლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტები, მაგრამ მხოლოდ ფიზიკური პირები, საჯარო მოხელეებთან გათანაბრდებიან და მათზე ყველა ის სამართლებრივი სანქცია გავრცელდება, რაც საჯარო მოხელეებზე.
XS
SM
MD
LG