Accessibility links

logo-print

სვეტლანა ბროზი: სარაევომ თავისი სული შეინარჩუნა


სვეტლანა ბროზი

სვეტლანა ბროზი

ყოფილ იუგოსლავიას, დიდხანს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სიკვდილამდე მართავდა იოსიპ ბროზ-ტიტო, ადრე სტალინის მომხრე, შემდეგ მიუმხრობელი ქვეყნების ყველაზე გამორჩეული ლიდერი, რომელიც სოციალისტურ ბანაკში, გამორჩეულ, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა.

მეოცე საუკუნეში არც ერთი სახელმწიფო მეთაურის დასაფლავებაზე არ ჩასულა ამდენი სტუმარი, როგორც ბროზ-ტიტოს შემთხვევაში იყო. წარმოიდგინეთ, დაკრძალვას ესწრებოდნენ კრემლის მმართველი ბრეჟნევი, ბრიტანეთის ლიდერი ტეტჩერი, პალესტინელთა მეთაური არაფატი, ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი, გერმანიის კანცლერი შმიდტი... ამ განსხვავებულიხედვის პოლიტიკოსების ჩასვლა ტიტოს პატივისცემის გამოსახატავად, ალბათ, ადასტურებს ამ კაცის მიმართ საერთო პატივისცემას, კაცისა, რომელიც ახალგაზრდობაში ყალბი ფულის კეთებას და ბინის ქურდობას არ ერიდებოდა და შემდეგ კი თვით სტალინს არ შეეპუა. აი, ამ კაცის შვილიშვილი, სვეტლანა ბროზი, ახლა, სარაევოში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში ცხოვრობს.

სვეტლანა ბროზს ჩვენი კოლეგა ირინა ლაგუნინა შეხვდა სარაევოში და ესაუბრა. სანამ მის მოსაზრებებს გაეცნობოდეთ, გეტყვით, რომ სვეტლანა ბროზი კარდიოლოგია. ის ეთნიკურ შეუწყნარებლობას ებრძვის ორი ათეული წელია. ბოსნიის ომის დროს ჰუმანიტარულ საქმიანობაში იყო ჩართული. სერბიაში დაბადებულმა 2004 წელს ბოსნიის მოქალაქეობა მიიღო. ბოსნიაშივე გამოსცა მან 2002 წელს წიგნი სახელწოდებით „კეთილი ხალხი ბოროტ დროში“, რომელშიც ის ბოსნიის ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის კეთილი ნების ფაქტებს აღწერს ომის დროს.

სვეტლანა ბროზი ცდილობს ახსნას, რატომ გადასახლდა, ბელგრადში დაბადებული, სარაევოში: „ბელგრადში, ის ევროპული მეტროპოლია იყო, 30 წლის წინ ვცხოვრობდი, მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკამ და ომებმა, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მოხდა, ბელგრადს, როგორღაც, თავისი სული დააკარგვინა. ომის დროს ბოსნია-ჰერცეგოვინაში ვმუშაობდი. ომის ნახევარი იქ გავატარე. ომის შემდეგ კი, უმეტეს დროს ბოსნიაში, სარაევოში ვცხოვრობდი. მივხვდი, რომ სარაევომ, გარკვეულად, თავისი სული შეინარჩუნა, თითქოს იმის ჯიბრზე, რომ ომის დროს სარაევოელებმა გადაიტანეს ომის ყველაზე მძიმე დღეები. იმის გამო, რომ არ ვიცოდი, როგორ მეცხოვრა ქალაქში, რომელსაც სული არ გააჩნია, გადავსახლდი ბელგრადიდან სარაევოში. ცხადია, ჩემი საქმიანობა, ჩემი გამოკვლევები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან იყო დაკავშირებული და ამდენად, უფრო იოლი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა“.

სვეტლანა ბროზი ცდილობს ახსნას, რას გულისხმობს, როცა ქალაქის სულზე, მის შენარჩუნებაზე ლაპარკობს. სარაევოელებმა, რომელიც აქ არიან დაბადებული, ვინც ომამდეც აქ ცხოვრობდა და ომი გადაიტანა, შეინარჩუნეს სხვების მიმართ თანაგრძნობა, შეინარჩუნეს სხვისთვის გაგების უნარი. მართალია, ამბობს ბროზი, ბევრი რამ შეიცვალა, უამრავმა ადამიანმა დატოვა ქალაქი, ჩამოსახლდნენ სხვები, მაგრამ სარაევოელების ხასიათი, იუმორის გრძნობა, შემწყნარებლობა დარჩა. ესაა, რასაც ასე ვაფასებ და ამიტომაა, რომ უკვე 12 წელია აქ ვცხოვრობო, გვიამბობს სვეტლანა ბროზი. ის თანაგრძნობაზე საუბრობს:

„თანაგრძნობა კვლავ არსებობს. შეიძლება ის ახლა უფრო დაფარულია, ვიდრე ომის დროს, რაც გასაგებიცაა. ომის დროს ყველა თანასწორი იყო. საფრთხე ყველას ემუქრებოდა, დღე და ღამე. წლების განმავლობაში იცხოვრეს მათ ისე, რომ არაფერი ჰქონდათ. ინაწილებდნენ, რასაც შოულობდნენ და თუ საერთოდ არაფერი გააჩნდათ, თანაგრძნობას უზიარებდნენ ერთმანეთს. ამიტომაც იყვნენ ისინი საუკეთესო მეზობლები, ამიტომაც გამოავლინეს მათ სამოქალაქო სიმამაცე, გაეწიათ წინააღმდეგობა, არ დამორჩილებოდნენ. და ამას მიაღწიეს, გადარჩნენ. ლოგიკურია, რომ ომის შემდეგ ადამიანებმა უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლა დაიწყეს, ნაწილობრივ დაკარგეს მეზობლობის განცდა, რომელიც ომის დროს ჰქონდათ. მაგრამ დღესაც, თუკი გაესაუბრებით სარაევოელებს, ვინც აქ იყო ომამდე, ომის დროს, ასევე შემდეგ ქალაქში დარჩა, ნახავთ, რომ ისინი არ შეცვლილან. ამ მხრივ, მათ ქალაქის სული შეირანჩუნეს“.

ჩვენმა კორესპონდენტმა შეახსენა ბროზს, რომ ბოსნია კვლავ გახლეჩილია, რომ სერბები თავიანთ ავტონომიაში, „რესპუბლიკა სრბსკაში“ ან სარაევოს ჩრდილოეთში წავიდნენ. ზოგიერთი თვლის, რომ ბოსნიელ სერბთა ლიდერმა, რადოვან კარაჯიჩმა, რომელსაც ახლა ჰააგის ტრიბუნალი ასამართლებს, ომი მოიგო, რადგან ეს დაყოფა კვლავ შენარჩუნებულია. ბროზი ამბობს, რომ სარაევოში ასე არ არის. იქ, მაგალითად, არ არის სკოლებში ბავშვების ეთნიკურად დაყოფა. ბროზი აღიარებს, რომ სარაევოში ბევრი ახალი მოქალაქე ჩავიდა, ბევრმა იქაურობა დატოვა, მაგრამ ისინი, ვინც იქ დარჩნენ, როგორც ომამდე ცხოვრობდნენ ერთად, ისევე აგრძელებენ. სვეტლანა ბროზი არ გამორიცხავს, რომ ვინც ეთნიკური წმენდის მსხვერპლი იყო და ახლა სარაევოში ცხოვრობს, იმედგაცრუებულია.

შეკითხვას, არის თუ არა სიმართლე, რომ ურთიერთობები თვით სერბიას და ხორვატიას, ასევე სარაევოს და ზაგრებს შორის უმჯობესდება და საკუთრივ ბოსნიაში კი, პირიქით, ვერ გვარდება კონტაქტები მის შიდა ავტონომიებს შორის, ბროზი ეთანხმება და პოლიტიკოსებს სდებს ბრალს, რომ ისინი თამაშობენ ძველ ნაციონალისტურ თამაშს. მისი აზრით, ეს პოლიტიკოსები არ აძლევენ ხალხს ნორმალური ცხოვრების საშუალებას იმისთვის, რომ ისინი თანამდებობებზე დარჩნენ, რათა დაძაბულობა, სტატუს კვო შეინარჩუნონ. მაგრამ ისინი ხომ ხალხმა აირჩია, რატომ აირჩია? ბროზის თქმით, ისინი დააშინეს და მათი დაშინება მოხდა ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში, რათა დაედუმებინათ ისინი. ეს პოლიტიკოსები არიან, ვინც ომი დაიწყო იუგოსლავიაში და ვინც ხელი მოაწერა სამშვიდობო შეთანხმებას. ისინი მიხვდნენ, რომ დაშინებით მიაღწევენ მიზანს. სვეტლანა ბროზი განაგრძობს, თვითმხილველი ვარ და ვიციო:

„ისინი ამას აკეთებდნენ მედიის საშუალებით, რაც დაშინების საუკეთესო იარაღია. ასე იყო ომის დროს და ამავე მეთოდს მიმართავენ ახლაც. წინასაარჩევნო ლოზუნგები რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ მეტ-ნაკლებად ამაზეა ლაპარაკი, მაგალითად, „მოგვეცით ხმა, თორემ განადგურდებით“. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ისინი აშინებენ ამომრჩევლებს, რომ თუ მათ არ მისცემენ ხმას, სხვები მოვლენ ხელისუფლებაში, კვლავ ომი დაიწყება და ისეთივე ტანჯვა ელით, როგორც ადრე. ეს ბინძური ბრძოლაა, მაგრამ, სამწუხაროდ, წარმატებული. ამიტომ არის ხალხი შეშინებული და როცა ელაპარაკები მათ, სადაც უნდა იყოს, რესპუბლიკა სრბსკაში, თუ ბოსნიის ფედერაციაში, ისინი ამბობენ, უკეთესია მას მივცეთ ხმა, ვინც ვიცით რას გაგვიკეთებს, ვიდრე მათ, ვისგანაც არ ვიცით, რას უნდა ველოდეთ“.

სვეტლანა ბროზი მედიაზე, მის როლზე ლაპარაკობს ამ დაშინებაში და ამბობს, რომ კარგად ახსოვს, როგორ იმეორებდა მედია ერთსა და იმავე დამახინჯებულ ისტორიას, მითებს, რასაც, ბოლოს ის მოჰყვა, რომ ხალხმა მართლაც დაიჯერა, რომ დღევანდელი მეგობარი ხვალ შეიძლება მტერი გახდეს. ბროზთან საუბარი ახალგაზდობის თემასაც შეეხო. ბროზი ეთნიკურად განსხვავებული ახალგაზრდების ერთმანეთთან დაშორებაზე ჰყვება და ამბობს, თუ არ ვიმოქმედეთ, მოვა დრო და ისინი უფრო დიდი ნაციონალისტები და ეთნიკურად ორიენტირებული გახდებიან, ვიდრე ისინი, ვისაც ომი გადახდა თავსო. ბროზი ამბობს, ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია აწყობს რვადღიან შეხვედრებს, სადაც არა მარტო ბოსნიის სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მთელი ყოფილი იუგოსლავიიდან ვიწვევთ ახალგაზდებს და ერთმანეთს ვახვედრებთო.

ბროზი თვლის, რომ ბოსნიის საზოგადოებას აკლია სამოქალაქო სიმამაცე, ამიტომაც ცდილობს მისი ორგანიზაცია, როგორც ის ამბობს, ასწავლოს ახალგაზრდებს, რომ მათ აქვთ ადგილი საზოგადოებაში, მათ აკისრიათ როლი მათსავე ცხოვრებაში. ჩვენმა ახალგაზრდებმა ეს არ იციან, ისინი სხვების იდეების მორჩილად აღიზარდნენო. ახლა, როცა ისინი ერთმანეთს ხვდებიან, ხედავენ, რომ ერთნაირი მიზნები, ოცნებები, პრობლემები აქვთ, და მათი მშობლების, მასწავლებლების თუ საზოგადოებებისგან მსგავსი ტყუილები აქვთ მოსმენილი. უკან, შინ დაბრუნების შემდეგ, ისინი მათ უცხადებენ, გვატყუებდით, არ არის სიმართლე, რასაც გვიყვებოდითო. მათ, ცხადია, იქ ბრძოლა უხდებათ, მაგრამ შესწევთ უნარი წინააღმდეგობა გასწიონ, აცხადებს ამ ინტერვიუში სვეტლანა ბროზი, შვილიშვილი იოსიპ ბროზ-ტიტოსი, რომელზეც ის ამბობს, ბაბუაჩემის მთავარი მემკვიდრეობა ნატიფაშიზმია ჩემთვისაც და სხვებისთვისაც, ამ ატმოსფეროში აღვიზარდე, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ფაშიზმის მსხვერპლი მაინც შევიქმენით, დღევანდელი საზოგადოება არ არის მისგან თავისუფალი, რადგან ადამიანები მას საკმარის წინააღმდეგობას არ უწევენო.
XS
SM
MD
LG