Accessibility links

დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტში ხმაური ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვით საარჩევნო უბნები ჩრდილოეთ ოსეთში, ვლადიკავკაზის ტერიტორიაზე, არ გაიხსნება. პარლამენტში კომისიის ერთ-ერთი წევრი ყაზბეგ კარსანოვი დაიბარეს და ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს. კომისიის გადაწყვეტილებით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე 84 საარჩევნო უბანი გაიხსნა. ორი უბანი მოსკოვსა და სოხუმშიც იმუშავებს.

წინა არჩევნებისგან განსხვავებით, საარჩევნო უბნები ვლადიკავკაზში აღარ გაიხსნება. დეპუტატები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამით ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები, დაახლოებით, 20 000 სამხრეთელი ოსის საარჩევნო უფლება ირღვევა. მართალია, მათთვის საარჩევნო უბანი გვირაბთან ახლოს, სოფელ ზემო როკში გაიხსნა, მაგრამ, დეპუტატების აზრით, ერთ დღეში გვირაბი ამომრჩეველთა ნაკადის გატარებას ვერ შეძლებს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მირა ცხოვრებოვა ამის გამო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხმამაღლა აკრიტიკებდა.

მირა ცხოვრებოვას კითხვებმა კომისიის წევრი ყაზბეგ კარსანოვი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საარჩევნო უბნები იქ გაიხსნა, სადაც სამხრეთ ოსეთს საელჩოები, საკონსულოები და წარმომადგენლობები გააჩნია.

ამ პასუხმა დეპუტატები უფრო გააღიზიანა და კარსანოვს შეახსენეს, რომ ცხინვალს წარმომადგენელი ჩრდილოეთ ოსეთში ჰყავს. ზოგიერთა დეპუტატმა კი რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის საარჩევნო კომისიების შეთანხმებაც გაიხსენა და იქვე დასძინა, რომ თუ ჩრდილოეთ ოსეთში უბნის გახსნის შესაძლებლობა არ არსებობს, ეს შეთანხმება რაღა საჭიროა. მირა ცხოვრებოვას აზრით, თუ ეს უკანონობა იყო, გამოდის, რომ წინა არჩევნების დროსაც კანონი ირღვეოდა.

სხდომის დასასრულს, დეპუტატებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვლადიკავკაზში საარჩევნო უბნების გახსნის რეკომენდაცია მისცეს. ამ წინადადებას კომისია უახლოეს სხდომაზე განიხილავს. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განმარტა, რომ ოფიციალური წარმომადგენელი სამხრეთ ოსეთს ჩრდილოეთ ოსეთში არ ჰყავს და იქ მხოლოდ საკონსულო სამმართველოს თანამშრომლის ოფისი ფუნქციონირებს.

კომისიის გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ცხინვალელები უფრო მეტად ოპოზიციას უჭერენ მხარს. მათ კოკოითის ხელისუფლების წინააღმდეგ ვლადიკავკაზში არაერთი მიტინგი გამართეს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტობის კანდიდატი დიმიტრი ტასოევი მიიჩნევს, რომ კოკოითის ხელისუფლებას, საკუთარი მოსაზრებებით, არ უნდა, რომ ამ ელექტორატმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რითაც საარჩევნო უფლება ირღვევა.

კიდევ ერთი კანდიდატი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალან პლიევი მიიჩნევს, რომ ვლადიკავკაზში საარჩევნო უბნების არგახსნით სამხრეთ ოსეთის ათასობით მოქალაქის უფლება ირღვევა და, საერთოდ, ეჭვქვეშ დგება არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი.

ამასობაში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანდიდატების რეგისტრაცია დაასრულა. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობისთვის 17 კანდიდატი იბრძოლებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG