Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დომინოს ჩემპიონატს სოხუმი საერთაშორისო აღიარებად მიიჩნევს


დომინოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონია
დომინოს ჩემპიონატის გახსნის ცერემონია
17 ოქტომბერს სოხუმში სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა დომინოში, რომელიც 21 ოქტომბრამდე გასტანს. მცირე ხნით საერთაშორისო ყურადღების ქვეშ აღმოჩენილი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ დომინოს ჩემპიონატის მასპინძლობა მათ ქვეყანას საერთაშორისო აღიარებაში დაეხმარება. თბილისი კი ამ ყველაფრით, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილოა.
ის, რომ დღეს ჩვენთან ტარდება ჩემპიონატი, ეს დიდი პოლიტიკაა. საერთაშორისო დონეზე გაიგებენ, რომ არის ასეთი აფხაზეთი...

დომინო უბრალო თამაშზე მეტია საქართველოს სეპარატისტული აფხაზეთის რეგიონისათვის, სადაც 19 წლის წინანდელი საბრძოლო მოქმედებებისაგან დაზიანებული და დამწვარი შენობები კვლავ უპატრონოდაა მიტოვებული. მაგრამ სოხუმი ამ დღეებში გამოცოცხლებულია. დომინოში მსოფლიოს მერვე ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად თვითგამოცხადებულ აფხაზეთში რამდენიმე უცხო ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ის დელაგაცია ჩავიდა. თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკამ კი 20 მილიონი რუბლი გამოყო ფეიერვერკის, დელეგაციების ექსკურსიებისა და სხვა გასართობი ღონისძიებებისათვის.

სოხუმის მცხოვრები რაული იმედოვნებს, რომ სპორტული ღონისძიება მათი ქვეყნის იმიჯსა და საერთაშორისო აღიარების პროცესზეც აისახება.

„წარმომადგენლობითი ამერიკული დელეგაცია ჩამოვიდა, ვენესუელას დელეგაციაც. ის, რომ დღეს ჩვენთან ტარდება ჩემპიონატი, ეს დიდი პოლიტიკაა. საერთაშორისო დონეზე გაიგებენ, რომ არის ასეთი აფხაზეთი, არის ასეთი პატარა, საუცხოო ქვეყანა, სულის ქვეყანა – „აფსნი“. ამის თაობაზე, დარწმუნებული ვარ, ისინი მოყვებიან და აქედან დაიწყება საერთაშორისო აღიარება“.

საქართველოსგან გამოყოფილი აფხაზეთი პირველად, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, აღიარა რუსეთმა, რომელმაც ფართომასშტაბიანი აგრესია განახორციელა და საქართველოს ორი რეგიონი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოწყვიტა. ამის შემდეგ აფხაზეთი ნიკარაგუამ და ვენესუელამ, ასევე წყნარი ოკეანის კუნძულოვანმა, ჯუჯა-სახელმწიფოებმა – ვანუატუმ და ტაუვალუმ აღიარეს. ნაურუს შემთხვევაში კი, აღიარება რუსეთის მიერ ფინანსური ინვესტიციის საფასურად მოხდა.

აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კატეგორიულ უარს აცხადებენ, ცნონ აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

თუმცა, თვითაღიარებული აფხაზეთის ხელისუფლების გასახარად, ამას არ შეუშლია ხელი აშშ-ის დომინოს ეროვნული ფედერაციისათვის, რათა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად სოხუმში გამგზავრებულიყო. აფხაზეთის პრემიერ-მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას გვერდით მდგარმა მანუელ ოქენდომ, აშშ-ის ლიგის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ძალიან დაუახლოვდა ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს.

„როგორც პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, თუკი აშშ ვერ მოიგებს ჩემპიონატს, უკან მაინც ისე დავბრუნდებით, როგორც ჩემპიონები: რადგან ჩვენ აფხაზი ხალხის მეგობრობა მოვიპოვეთ“.

ლეონიდ ლაკერბაიამ კი ამის პასუხად განაცხადა, რომ „შორს არ არის ის დრო, როდესაც აშშ-ის დომინოს ფედერაციის მაგალითს თავად აშშ-ის მთავრობაც მიბაძავს“.

საქართველოს ხელისუფლება დომინოს მსოფლიო ჩემპიონატის სოხუმში ჩატარებამ ძალიან გააბრაზა. რუსეთის პრესის თანახმად, როგორც აშშ-ის დომინოს ფედერაციის პრეზიდენტი ოქენდო აცხადებს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას თურმე პირადად დაურეკა და არწმუნებდა, რომ დომინოს ფედერაცია საქართველოში ჩამოეყალიბებინა და ჩემპიონატიც საქართველოში ჩაეტარებინა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა არ დაადასტურა რაიმე კონტაქტი აშშ-ის ამერიკელ მოთამაშეებთან, ხოლო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა გაიმეორა, რომ „დომინოს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ამერიკელი მოქალაქეები კერძო პირები არიან, დამოუკიდებელი არასამათავრობო ჯგუფიდან და მათ თავად მიიღეს გადაწყვეტილება სეპარატისტული აფხაზეთის რეგიონში გამგზავრებისა, თუმცა, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, „ხელისუფლება წინააღმდეგია იმისა, რომ აშშ-ის მოქალაქეები გაემგზავრონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში“ .

ის, რომ თბილი დომინოს მსოფლიო ჩემპიონატის სოხუმში ჩატარებით არ არის მოხიბლული, სხვა დეტალიც მოწმობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, სოხუმში მხოლოდ რუსეთიდან შევლენ, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს.
საქართველოს ხელისუფლების ასეთი გაფრთხილების მიუხედავად,
დომინოს მერვე მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად სოხუმში ათეულობით ქვეყნის, მათ შორის, აშშ-ის, რუსეთის, უზბეკეთის და თურქეთის წარმომადგენლები ჩავიდნენ. დომინოს მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც 21 ოქტომბერს დასრულდება, 200 ადამიანი მონაწილეობს, რომელთა შორის არიან მოთამაშეები სეპარატისტული დნესტრისპირეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG