Accessibility links

logo-print

მოკლულ იქნა ლიბიის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი


ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ზარ-ზეიმით შეხვდნენ ცნობას მოამარ კადაფის მოკვლის შესახებ

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ზარ-ზეიმით შეხვდნენ ცნობას მოამარ კადაფის მოკვლის შესახებ

ხუთშაბათს, თავის მშობლიურ ქალაქ სურთში, გაქცევის მცდელობისას მოკლეს ლიბიის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი. ამის შესახებ ქალაქ ბენღაზიში განცხადება გააკეთა ლიბიის ამჟამინდელი მმართველი ორგანოს - დროებითი ეროვნული საბჭოს - წარმომადგენელმა, აბდელ გოღამ: „მსოფლიოს ვამცნობთ, რომ რევოლუციონერების მიერ მოკლულ იქნა მუამარ კადაფი. როგორც იქნა, დასრულდა მისი ტირანია და დიქტატურა. ლიბიამ და მთელმა მსოფლიომ ეს ფურცელი გადაშალეს.“

ლიბიის გარდამავალი საბჭოს პრემიერ-მინისტრმა, მაჰმუდ ჯიბრილმა ტრიპოლიში გამოსვლისას, როცა ასევე დაადასტურა კადაფის მოკვლა, თქვა, რომ გარწმუნებთ, კადაფი არ მოუკლავთ საჰაერო თავდასხმის დროსო. მისივე ინფორმაციით, ლიბიის განთავისუფლება დღეს, ან ხვალ, პარასკევს გამოცხადდება. ჯიბრილმა განაცხადა, ამ მომენტს დიდხანს ველოდითო.
სანამ ეს ცნობა გავრცელდებოდა, ლიბიის გარდამავალი საბჭოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, ქალაქი სურთი აღებულია, კადაფი კი - შეპყრობილიო. სურთი კადაფის მომხრეების ბოლო ბასტიონი იყო. შემდეგ კი სააგენტოებმა, დროებითი საბჭოს ერთ-ერთ წარმომადგენელზე დაყრდნობით, გაავრცელეს ცნობა, რომ კადაფი ფეხებში და თავის არეში დაჭრის შედეგად დაიღუპა.

მუამარ კადაფის ცხედარი

მუამარ კადაფის ცხედარი

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტელეკომპანიებმა გადასცეს კადრები, რომლებიც, მათი თქმით, ასახავს სცენას, როგორ მიათრევენ კადაფის გვამს მიწაზე. ინტერნეტით გავრცელდა ფოტო, რომელზეც, როგორც ჩანს, აღბეჭდილია სისხლით მოთხვრილი და ხალხით გარშემორტყმული კადაფი.

გამარჯვების აღსანიშნავად ტრიპოლიში ისმოდა სროლის ხმა და შეძახილები „ალაჰ აკბარ“.

დროებითი საბჭოს წარმომადგენლების ცნობით, სურთში კადაფის ერთ-ერთი ვაჟი, მუტასიმიც მოკლეს, როცა ის მოწინააღმდეგეების მოგერიებას ცდილობდა.

ამ ცნობებთან დაკავშირებით თანდათან ვრცელდება საერთაშორისო გამოხმაურება. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა, განაცხადა, დღევანდელი დღით ლიბიისთვის ისტორიული ცვლილებები იწყებაო.
ბრიუსელში, ევროკომიის თავმჯდომარემ, ჟოზე მანუელ ბაროზუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კადაფის მოკვლით დასრულდა დესპოტიზმის ერა. მისივე თქმით, ამ აღსასრულის მოსვლა დროის სქამე იყო, რადგან ლიბელი ხალხი ძალიან დიდხანს იტანჯებოდა.

აშშის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ კადაფის სიკვდილით დასრულდა ლიბიელებისთვის ხანგძლივი, მტკივნეული პერიოდი: „ეს მნიშვნელოვანი დღეა ლიბიის ისტორიაში. ტირანიის ბნელი აჩრდილი გაქრა. ახლა, ამ უსაზღვრო პოტენციალით, ლიბიის ხალხს აკისრია დიდი პასუხიმგებლობა, ააშენოს ღია და შემწყნარებელი, დემოკრატიული ლიბია, რომელიც იდგება, როგორც კადაფის დიქტატურის საბოლოო განაჩენი“.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა კი დღევანდელ დღეს კადაფის მსხვერპლთა გახსენების დღე უწოდა.

კადაფის ხელისუფლება აგვისტოში დაემხო - როცა მეამბოხეთა ძალები ტრიპოლიში შევიდნენ. მანამდე კადაფი ლიბიას 42 წლის განმავლობაში მართავდა. ამბოხების შედეგად მისი ოჯახის რამდენიმე წევრმა ქვეყანა დატოვა. თავად კადაფის ადგილსამყოფელი კი დღემდე უცნობი იყო.
XS
SM
MD
LG